როგორია მცენარეების "სასაუბრო ენა" და შეგვიძლია თუ არა მისი გაშიფვრა
ვერბალური კომუნიკაცია არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ადამიანის განვითარება განაპირობა. შეიძლება სხვა ცხოველებს ლაპარაკი არ შეუძლიათ, მაგრამ კომუნიკაციის ფორმები მათაც გააჩნიათ. მეტიც, ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ მცენარეებსაც აქვთ კომუნიკაციის თავიანთი გზა.
ახალი კვლევები აჩვენებს, რომ მცენარეების კომუნიკაცია ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ჩვენ შეიძლება გვეგონოს. მათი საკომუნიკაციო ქსელები სენსიტიური და დაბალანსებულია.
წარმოიდგინეთ, რამდენად ქაოსური იქნებოდა ჩვენი სამყარო, თუ გლობალური ქსელის სისტემები მოულოდნელად ჩამოიშლებოდა. CrowdStrike-ის ბოლოდროინდელი გათიშვა მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სისტემები. საინტერესოა, რომ ბოლო კვლევების თანახმად, ეს მცენარეებსაც ეხება.
იმის გასაგებად, თუ როგორ გადასცემენ ინფორმაციას ერთმანეთს ორგანიზმები, (რომლებსაც ლაპარაკი არ შეუძლიათ), მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ არავერბალური კომუნიკაციის უნარები ჩვენც გვაქვს. ეს მოიცავს მხედველობას, ყნოსვას, სმენას, გემოსა და შეხებას.
მაგალითად, ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანიები გაზში ქიმიურ ნივთიერებას (მერკაპატანს) ამატებენ. ამ ნივთიერებას შემაწუხებელი სუნი აქვს და გაზის გაჟონვის შემთხვევაში მას "ვგრძნობთ". გასათვალისწინებელია ჟესტების ენაც, რა დროსაც ადამიანები ერთმანეთში ინფორმაციას მეტყველების გარეშე ცვლიან.
ამ გრძნობების გარდა, ჩვენ აღვიქვამთ ტემპერატურის ცვლილებას, ვგრძნობთ ტკივილს და ყველაფერი ეს ერთად ადამიანს ბუნებრივ სამყაროსთან ურთიერთქმედებას უადვილებს.
სხვა სახეობები, განსაკუთრებით მცენარეები, ასევე ფლობენ უნარებს, რითაც ინფორმაციის გავრცელება შეუძლიათ.
მეზობლის ფაქტორი
ალბათ, ახლად მოჭრილი ბალახის სუნი თქვენთვის ნაცნობია. ამ სუნს ადამიანების უმეტესობა მარტივად ცნობს, ეს მცენარეების მიერ გამოთავისუფლებული აქროლადი ნივთიერებებია, რითაც ისინი სხვა მცენარეებს საფრთხეზე აფრთხილებენ. სმენითი ნიშნების გამოყენების ნაცვლად, მცენარეები ქიმიურ კომუნიკაციას მიმართავენ.
ცოტა ხნის წინ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, თუ რამდენად კარგად არის მცენარეების კომუნიკაციის ქსელი აწყობილი. მცენარეები ამისთვის ფესვებს, ელექტრულ სიგნალებს, სოკოების ქსელსა და ნიადაგის მიკრობებს იყენებენ.
მაგალითად, ელექტროფიზიოლოგია არის შედარებით ახალი სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც სწავლობს, თუ როგორ ხდება ელექტრო სიგნალების გადაცემა და მათი ინტერპრეტაცია მცენარეებში. სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოჩენით, ეს კვლევები კიდევ უფრო დაჩქარდა და ახლა ამ მიმართულებით ბევრად მეტი ვიცით.
ამ ყველაფრით მეცნიერები შეიძლება ახალი და რევოლუციური აღმოჩენების ზღვარზე არიან. ეს შეიძლება მოხდეს მცენარეებში მცირე ზომის ელექტრული ზონდების მოთავსებით. მკვლევრები ამით მცენარეების ელექტრულ სიგნალებზე მეტს შეიტყობენ.
საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა აშშ-ში, რა დროსაც მობილური ტელეფონიდან გაგზავნილი სიგნალით მცენარეების ქცევაზე მოხდა ზემოქმედება. ამის ამსახველი ვიდეო ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ:
შესაძლოა, მალე მცენარეების ენა სრულად ვთარგმნოთ.
მცენარეებს შორის კომუნიკაციის დიდი ნაწილი მიწის ქვეშ ხდება, რასაც ხელს უწყობს სოკოვანი ქსელები. სოკოების ეს ქსელი ხეებსა და მცენარეებს მიწისქვეშ აკავშირებს, რაც მათ ისეთი რესურსების გაზიარების საშუალებას აძლევს, როგორიცაა წყალი, საკვები ნივთიერებები, ინფორმაცია და სხვა. ამ სისტემებით დიდი ხე პატარა ხეს გაზრდაში ეხმარება. ამავე სისტემით ხდება საფრთხის შესახებ გაფრთხილება.
ეს მიწისქვეშა ინტერნეტს ჰგავს, რომელსაც ხეები და მცენარეები იყენებენ. ითვლება, რომ ასეთ ქსელებში მცენარეების 80%-ზე მეტია ჩართული, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს საკომუნიკაციო სისტემად აქცევს.
ისევე, როგორც ინტერნეტი გვაძლევს დაკავშირებისა და ინფორმაციის გავრცელების საშუალებას, მცენარეების შემთხვევაში ამას ხსენებული ქსელი აკეთებს.
თუმცა, ნიადაგის ცვლილებებმა: ქიმიკატებმა, ტყეების გაჩეხამ და კლიმატის ცვლილებამ შეიძლება ამ ყველაფერზე ძალიან ცუდად იმოქმედოს. ეს მცენარეებს ნაკლებად ინფორმირებულს გახდის და დაირღვევა მათი კავშირიც. სამწუხაროდ, ასეთი დარღვევების კვლევა ჯერ არ ხდება.
მეცნიერებმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან ამ კომპლექსურ ქსელებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერზე მეტი ვიცოდეთ, რადგან საბოლოოდ მცენარეების კომუნიკაციაზეა დამოკიდებული მთლიანად სიცოცხლე.
კომენტარები