ვრცელდება პირველი ფოტო, რომელიც განადგურებულ წყალქვეშა ნავ ტიტანს ასახავს
ცნობილია ეკიპაჟის ბოლო სიტყვებიც.
2023 წლის 18 ივნისს წყალქვეშა ნავი, სახელად ტიტანი, ჩაძირული ტიტანიკის სანახავად გაემართა, თუმცა მალევე კატასტროფულ იმპლოზიას ემსხვერპლა. იგი კომპანია OceanGate-ს ეკუთვნოდა და შიგნით მყოფი ხუთივე ადამიანი იმსხვერპლა.
ამბიდან ერთი წლის შემდეგ ტიტანის ნარჩენების პირველი ფოტო ვიხილეთ. იგი ორშაბათს გაასაჯაროვა აშშ-ის სანაპირო დაცვამ. ეს მას შემდეგ, რაც გამომძიებლებმა სამხრეთ კაროლინაში ტრაგედიის საქმის მოსმენა გახსნეს.
ასევე იხილეთ: რატომ და როგორ მოხდა ტიტანზე შიგნით მიმართული აფეთქება და რა ბედი ეწიათ მგზავრებს
სურათზე წყალქვეშა ნავის უკანა ნაწილი ჩანს ატლანტის ოკეანის ფსკერზე. კუდის კონუსი დანარჩენ ნავს გამოეყო და კიდეები დაუზიანდა, ნავის გაგლეჯილი ფრაგმენტი კი ახლომახლოა. გამომძიებლების თქმით, ნავის ნარჩენები ჩაძირული ტიტანიკისგან ასეულობით მეტრით შორს იპოვეს.
პრეზენტაციის ფარგლებში გამოძიების საზღვაო ბიურომ განაცხადა, რომ კუდის კონუსი და სხვა ნარჩენები გასული წლის 22 ივნისს აღმოაჩინეს, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ წყალქვეშა ნავმა კატასტროფული იმპლოზია — შიგნით მიმართული აფეთქება — გამოიარა.
ორშაბათს გამოძიების საზღვაო საბჭომ დაადასტურა, რომ ბორტზე აღმოჩენილი დნმ დახოცილი 5 ადამიანისას დაემთხვა.
საბჭომ ამბის პირველი მოწმეები მოიწვია, მათ შორის OceanGate-ის ყოფილი თანამშრომლები. პრეზენტაციის ფარგლებში ეკიპაჟის ბოლო სიტყვებიც გამოვლინდა, ანუ შეტყობინებები, რომლებიც წყალქვეშა ნავმა ბოლოს გამოგზავნა — 6 წამით ადრე იქამდე, სანამ ზედაპირთან კონტაქტი გაწყდებოდა.
"ორი წონა დავაგდეთ", — მისწერა ტიტანმა "დედობილ" გემს სიმძიმეებზე, რომლებიც ნავს ზედაპირზე დასაბრუნებლად შეეძლო დაეყარა. რამდენიმე წამის შემდეგ ტიტანმა ბოლო სიგნალი გასცა, შემდეგ კი კავშირი გაწყდა. მომდევნო დღეებში წყალქვეშა ნავის ძებნის მისიაში არაერთი ქვეყანა ჩაერთო.
მოსმენა 27 სექტემბრამდე გაგრძელდება და სხვადასხვა საკითხს შეეხება, რომელთა შორისაა: ინციდენტამდე მომხდარი მოვლენები, რეგულაციებთან შესაბამისობა, ეკიპაჟის მოვალეობები და კვალიფიკაცია, მექანიკური და სტრუქტურული სისტემები, სასწრაფო რეაგირება და წყალქვეშა ნავების ინდუსტრია.
მოსმენის მთავარი მიზანი ინციდენტთან დაკავშირებით ფაქტების მოპოვებაა, თუმცა საბჭოს თავმჯდომარის, ჯეისონ ნოიბაუერის, თქმით, ისინი მეზღვაურების მხრიდან შეცდომებისა თუ არაკანონიერი ქმედებების გამოვლენასაც ეცდებიან.
"თუკი რაიმე კრიმინალური ქმედება გამოვლინდება, საქმეს მართლმსაჯულების დეპარტამენტს გადავცემთ", — განაცხადა მან.
კომენტარები