დედამიწასთან ასტეროიდ აპოფისის შეჯახების რისკი იმაზე ოდნავ დიდია, ვიდრე გვეგონა
შანსი მაინც ძალიან მცირეა.
დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა დაადგინა, რომ ასტეროიდის, სახელად 99942 აპოფისის, დედამიწასთან შეჯახების შანსი მოსალოდნელზე ოდნავ მაღალია. კვლევის ფარგლებში პოლ ვიგერტმა შეამოწმა, რამხელაა ალბათობა, რომ უფრო პატარა ასტეროიდი აპოფისს შეეჯახოს, ამით კი ამ უკანასკნელის ტრაექტორია შეცვალოს და იგი დედამიწას შეეჯახოს.
ნაშრომი გამოცემაში The Planetary Science Journal გამოქვეყნდა.
2004 წელს ასტრონომებმა პირველად შენიშნეს ასტეროიდი აპოფისი. ობიექტი მნიშვნელოვანი იყო, რადგან დედამიწასთან შეჯახების რისკის სკალაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. მისი ზომისა და ტრაექტორიის შეფასების შემდეგ მეცნიერებმა მას 4-იანი მიანიჭეს, ყველაზე მაღალი ქულა.
მიუხედავად ამისა, მაჩვენებელი მაინც საკმარისად დაბალი იყო, რომ დედამიწასთან შეჯახება გამოგვერიცხა. მომდევნო წლებში მეცნიერებმა იგი "ყურადღებამისაქცევად" შერაცხეს. პროგნოზის მიხედვით, ასტეროიდი დედამიწასთან ახლოს 2029 წელს ჩაივლის, შემდეგ კი 2036-სა და 2068 წლებში.
ახალი კვლევის ფარგლებში ვიგერტმა იმის ალბათობა შეისწავლა, რომ აპოფისს პატარა ობიექტი შეეჯახოს და მისი ტრაექტორია მცირედით შეცვალოს. რა შანსი იქნებოდა, რომ შედეგად აპოფისი დედამიწას შესჯახებოდა?
ამაზე პასუხის საპოვნელად ასტროფიზიკოსმა პირველ რიგში ის აღნიშნა, რომ სხვადასხვა სიჩქარით მოძრავი სხვადასხვა ზომის ობიექტი ტრაექტორიას განსხვავებულად შეცვლიდა.
ვიგერტმა დაადგინა, რომ პატარა, 60 სანტიმეტრიანი დიამეტრის მქონე, ობიექტიც კი შეძლებდა, ასტეროიდის ტრაექტორია ისე შეეცვალა, რომ 2029 წლის შემდეგ შეჯახება გამოეწვია. დაადგინა ისიც, რომ თუ ობიექტი 3.4 მეტრი დიამეტრისა იქნებოდა, იგი აპოფისს დედამიწასთან შეჯახებისკენ 2029 წლამდეც უბიძგებდა.
ვიგერტმა შემდეგ იმის შეფასება სცადა, თუ რამდენი ობიექტი შეიძლებოდა შესჯახებოდა აპოფისს. მან წლების მიხედვით 3.4 მეტრი დიამეტრის მქონე ობიექტები დათვალა, რომლებიც დედამიწას ეჯახება. შემდეგ ამ რიცხვის მეშვეობით იმის ალბათობა გამოთვალა, რომ ასეთი ობიექტი აპოფისს შეეჯახოს. დაადგინა, რომ დაახლოებით 10–8-იდან ერთი შემთხვევაა, ანუ შანსი ძალიან მცირეა.
ასეთი შეჯახება კონკრეტული კუთხით უნდა მოხდეს, ამის შანსი კი დაახლოებით ერთია ორი მილიარდიდან. თავად იმის ალბათობა, რომ ამ ინციდენტის შედეგად აპოფისი დედამიწას დაეჯახება, ერთია მილიონში.
Live Science-ის მიხედვით, 2027 წლამდე უნდა დავიცადოთ იმის გასაგებად, ასცდება თუ არა ასტეროიდი ტრაექტორიას. მზესთან სიახლოვის გამო მისი დანახვა ამჟამად შეუძლებელია. როცა აპოფისი ისევ გამოჩნდება, ასტრონომები შეჯახების ალბათობას უკეთ გამოთვლიან.
საბოლოო ჯამში, დედამიწასთან აპოფისის შეჯახების ალბათობა მაინც საკმაოდ დაბალია, თუნდაც მოსალოდნელზე მეტი იყოს.
კომენტარები