შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც არტერიული წნევის პროგნოზირება ხმით შეუძლია
Klick Labs-ის მკვლევრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. მათ შეიმუშავეს არაინვაზიური ტექნიკა, რომელიც ქრონიკულ არტერიულ წნევას (ჰიპერტენზია) პროგნოზირებს და ამისთვის მხოლოდ ადამიანის ხმას იყენებს.
ეს ინოვაციური მეთოდი ჰიპერტენზიას ადრეულ ეტაპზე ავლენს. ხელოვნური ინტელექტი ამას ვოკალური ბიომარკერების გამოყენებით ახერხებს.
როგორ მუშაობს
კვლევაში 245 ადამიანი მონაწილეობდა და ისინი ორი კვირის განმავლობაში დღეში ექვსჯერ წერდნენ ხმებს. მათ ამისთვის Klick Labs-ის მიერ შექმნილი მობილური აპლიკაცია გამოიყენეს, რომელიც მაღალი წნევის დასადგენად ხმის ჩანაწერებს აანალიზებდა.
აპლიკაციის ალგორითმები იკვლევს ვოკალურ მახასიათებლებს, როგორიცაა ხმის ტემპის სიძლიერე, მეტყველების სიხშირე და ხმის სხვა ცვლილებები. სწორედ ამ მონაცემების ანალიზით სისტემა ჰიპერტენზიის ნიშნებს ადგენს. ქალების შემთხვევაში სისტემამ 84%-იანი სიზუსტე აჩვენა, ხოლო კაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 77% იყო.
იან ფოსატმა, Klick Labs-ის ვიცე-პრეზიდენტმა და კვლევის ხელმძღვანელმა, აღმოჩენის მნიშვნელობაზე გაუსვა ხაზი.
"სხვადასხვა ფაქტორების გამოყენებით და გენდერზე დაფუძნებული პროგნოზირებადი მოდელების ჩამოყალიბებით, ჩვენ ჰიპერტენზიის გამოვლენის ძალიან მარტივ და ზუსტ მეთოდს მივაგენით. ეს ამ დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისთვის იდეალური საშუალებაა. ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი გართულებები, მათ შორის გულის შეტევა, დემენცია, თირკმელების პრობლემები და სხვა", — თქვა ფოსატმა.
ჩუმი მკვლელი
ჰიპერტენზია, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ხშირად "ჩუმ მკვლელად" მოიხსენიებს, მოსახლეობის 25 პროცენტზე მეტს აწუხებს. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ ეს დაავადება აქვს და მათი უმრავლესობა ამით ცხოვრობს.
არტერიული წნევის გაზომვის ტრადიციული მეთოდები, როგორიცაა ხელის მანჟეტის ან ავტომატური მოწყობილობების გამოყენება, ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. სწორედ ეს ართულებს ჰიპერტენზიის დიაგნოსტირებას.
ჯეისი კაუფმანმა, Klick Labs-ის მეცნიერმა და კვლევის თანაავტორმა ამ ტექნოლოგიის პერსპექტიულობაზე ისაუბრა.
"ამ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად გარდაქმნას ჯანდაცვა, რაც შესაბამის ანალიზის ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის", — თქვა მან.
მომავალში მკვლევრებს ამ მეთოდით სხვა დაავადებების დიაგნოსტირებაც სურთ.
კვლევა ჟურნალ IEEE Access-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები