ნახეთ: ფილიპინების თავზე ასტეროიდი ატმოსფეროში დაიწვა და ცა გაანათა
4 სექტემბერს დედამიწის ატმოსფეროში ასტეროიდი შემოიჭრა, მაგრამ ის იმდენად მცირე ზომის იყო, რომ იქვე დაიწვა და ხმელეთამდე ვერ მიაღწია.
თითქმის 1-მეტრიანი კოსმოსური სხეული დასავლეთ წყნარის ოკეანის თავზე შენიშნეს, ფილიპინების უდიდეს კუნძულ ლუსონის მახლობლად. ის ატმოსფეროში თბილისის დროით 20:46 საათზე დაიწვა, რამაც ცა მომწვანოდ გაანათა.
NASA-ს პროექტ Catalina Sky Survey-ზე მომუშავე მეცნიერებმა 2024 RW1-ის სახელით ცნობილი ასტეროიდი რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს, სანამ ის ჩვენს პლანეტამდე 17.6 კმ.სთ სიჩქარით მოძრაობისას მოაღწევდა.
რა თქმა უნდა, ასეთი პატარა ობიექტები საფრთხის შემცველი არაა, რადგან ისინი დედამიწის ატმოსფეროშივე ნადგურდება. მათი წვა გასაოცარ სიკაშკაშეს წარმოქმნის, რომლის გადაღებაც ფილიპინების მოსახლეობამ შეძლო. კადრები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. აი, ერთ-ერთი მათგანი:
უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ მე-9 შემთხვევაა, როცა ასტეროიდი ატმოსფეროში შემოჭრამდე აღმოაჩინეს. ამის მიუხედავად, ევროპის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ 1-მეტრამდე ზომის მსგავსი კოსმოსური სხეულები პლანეტის აირად გარსში საშუალოდ ყოველ ორ კვირაში ერთხელ იწვება. ისინი ძალიან პატარაა, ამიტომ ძნელად შესამჩნევია, უფრო მოზრდილი და პოტენციურად საფრთხის შემცველი ობიექტების დაფიქსირება კი ბევრად მარტივია.
კოსმოსური სააგენტოები ასეთ ასტრონომიულ სხეულებს მუდმივად აკონტროლებენ და მათ ტრაექტორიას ადგენენ, რათა ნებისმიერი საშიშროება წინასწარ განსაზღვრონ. ჯერჯერობით არაა გამოვლენილი ისეთი დიდი ასტეროიდი, რომელიც უახლოეს მომავალში შეგვეჯახება და რაიმე კატასტროფას გამოიწვევს, მაგრამ დედამიწას წარსულში ასეთი მოვლენები გადაუტანია. მაგალითად, 66 მილიონი წლის წინ პლანეტას 10-15 კმ. დიამეტრის მქონე ასტეროიდი შეეჯახა და დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.
ასეა თუ ისე, ამჟამად უსაფრთხოდ ვართ და მეცნიერები პლანეტური თავდაცვის სტრატეგიებზეც აქტიურად მუშაობენ.
კომენტარები