საქართველოში ციფრული განათლების ახალი აკადემია გამოჩნდა — რა ვიცით Bude.ai-ზე
საქართველოში ახალმა მრავალპროფილიანმა საგანმანათლებლო პლატფორმამ "დაიბუდა", რომლის მიზანიც ციფრული განათლებისა და ცოდნის გავრცელების ხელშეწყობაა.
ინოვაციური აკადემია Bude.ai-ს პრეზენტაცია 22 აგვისტოს გაიმართა. იდეის ავტორებმა საზოგადოებას ინოვაციური აკადემიის პროექტები და მიზნები გააცნეს, რითაც პლატფორმა ოფიციალურად ჩაეშვა. მსურველებს უკვე შეუძლიათ, მათთვის საინტერესო პროფესიების დასაუფლებლად შესაბამის კურსებზე დარეგისტრირდნენ და ცოდნა სფეროს მოწინავე პროფესიონალებისგან მიიღონ.
Bude.ai-ს შესახებ მისი თანადამფუძნებელი მერი მაღლაკელიძე გვესაუბრა, რომელსაც პროექტის იდეა ეკუთვნის.
"როცა გუნდში ამ ბრენდის შექმნაზე ვმსჯელობდით, შევთანხმდით, რომ გვსურდა გვქონოდა ონლაინ აკადემია, რომელიც ხარისხიანი განათლების მიღებით დაინტერესებული ადამიანების თავშეყრის სივრცედ ჩამოყალიბდებოდა. ჩანაფიქრი იყო, რომ შეგვექმნა გარემო ახალი შესაძლებლობებისთვისა და სწავლების განსხვავებული მეთოდების გამოყენებისათვის", — ამბობს ის.
მერის თქმით, სწორედ ასე მივიდნენ აკადემიის სახელამდე. "ბუდე", ესაა სივრცე, რომელშიც ცოდნის მიღების სურვილის მქონე ადამიანებს მოუყრის თავს და მათ საჭირო ცოდნით მოამარაგებს. აღსანიშნავია, რომ სწავლების დისტანციური ფორმატი კურსებში არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ჩართვას შეუწყობს ხელს.
"Bude.ai-ს მთავარი მიზანია, რომ ბაზარზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიების შესწავლა ყველასთვის და ყველგან ხელმისაწვდომი გახადოს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რეგიონებსა და ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ამა თუ იმ ციფრულ პროფესიაზე ინფორმაცია მივაწოდოთ და დავეხმაროთ, მათთვის საინტერესო სფერო საკუთარი სახლიდანვე შეისწავლონ, ნებისმიერი ადგილიდან.
'ბუდეს' შექმნის იდეაც ამ მიზნებთან არის დაკავშირებული — მეტი ხელმისაწვდომობისა და შესაძლებლობის გაჩენა, მეტი სოციალური პასუხისმგებლობის აღება და განხორციელება", — ამბობს მერი.
ალბათ, შეამჩნევდით, რომ აკადემიის სახელწოდებაში (Bude.ai) ხელოვნური ინტელექტის აკრონიმი "AI" გვხვდება. ეს მხოლოდ იმით არაა განპირობებული, რომ პლატფორმა ციფრულ განათლებაზეა ორიენტირებული, არამედ მიზეზი თავად მის ფუნქციონალშია.
საქმე ისაა, რომ "ბუდეს" ვებგვერდი ინტერაქციულია და ის ხელოვნურ ინტელექტს სისტემის გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის იყენებს. ამ ეტაპზე ეს მომხმარებლისთვის ხილული არაა, თუმცა, როგორც მერი გვეუბნება, სულ მალე პლატფორმას სიახლე დაემატება — ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი ასისტენტი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტებს კურსის შერჩევაში, რეგისტრაციასა და სხვა პროცესებში დახმარება.
რაც შეეხება კურსებს, ამჟამად პლატფორმაზე 4 ძირითადი მიმართულებაა ხელმისაწვდომი:
"ეს ის სფეროებია, რომლებიც დღესდღეობით ყველაზე საჭირო და მოთხოვნადია, ამავდროულად, შემოსავლიანიც. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ადამიანებს ამ ტიპის პროფესიებზე ხელი თანაბრად მიუწვდებოდეთ და მათი ხარისხიანად შესწავლა შეეძლოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესიები ძალიან მოთხოვნადი და მაღალშემოსავლიანია, ბაზარზე დიდი კონკურენციაა. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პროფესიონალი იყო, რათა წარმატებას მიაღწიო, რისთვისაც ცოდნა ისევ და ისევ პროფესიონალისგან უნდა მიიღო. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ცოდნის მაძიებელი ადამიანები სასურველი სფეროების პროფესიონალებთან დავაკავშიროთ", — ამბობს მერი.
თითოეული ლექტორი მრავალწლიანი გამოცდილების მქონეა და მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება პლატფორმაზეა შესაძლებელი.
მნიშვნელოვანია, რომ "ბუდეში", სტანდარტული და ფართოდ გავრცელებული მიმართულებების გარდა, ისეთი კურსებიცაა, რომლებიც ქართულ ბაზარზე ან საერთოდ არაა, ან ძალიან იშვიათია. მათ შორისაა:
მერის თქმით, ამ მხრივ მუშაობა ყოველთვის აქტიურ ფაზაშია, რათა მომხმარებლებს ბევრი სიახლე შესთავაზონ. გარდა ამისა, Bude.ai-ში ჩაშენებულია საინტერესო ფუნქციები, რომლებიც მომხმარებლებს შესთავაზებს როგორც კურსებს, ისე უფასო მასტერკლასებსა და ღია ლექციებს. ასევე, მალე გამოჩნდება ონლაინ მაღაზია, რომელშიც "ბუდეს" ბრენდული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი. პლატფორმას დაემატება Job-ის სექციაც, სადაც კურსების თემატიკასთან დაკავშირებული ვაკანსიები განლაგდება.
მიუხედავად იმისა, რომ "ბუდე" სულ ახლახან ჩაეშვა, მერი ამბობს, რომ საზოგადოებისგან დაინტერესება უკვე იგრძნობა და პოზიტიურ უკუკავშირსაც იღებენ, რაც გუნდისთვის მოტივაციის მიმცემია. სამომავლოდ კი ისინი ახალი კურსების დაანონსებასა და პარტნიორებთან ერთად სასარგებლო ინიციატივების განხორციელებას გეგმავენ.
კომენტარები