ნახეთ: ისტორიაში პირველად, ასტრონომები ჩრდილოეთის ვარსკვლავის ზედაპირს დააკვირდნენ
თუ ღამით დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსის ცას დააკვირდებით, კაშკაშა ვარსკვლავს შენიშნავთ, რომელსაც პოლარისი, სხვაგვარად კი პოლარული და ჩრდილოეთის ვარსკვლავი, ეწოდება. ტელესკოპების ობიექტივში ის არაერთხელ მოხვედრილა, მაგრამ ამჯერად ასტრონომებმა მისი მაღალი გარჩევადობის გამოსახულებები მოიპოვეს და მნათობის ზედაპირის მახასიათებლებსაც დააკვირდნენ.
ეს მათ კალიფორნიაში მდებარე უილსონის მთაზე განლაგებული CHARA-ს ტელესკოპთა წყებით შეძლეს. ის 6 მოწყობილობას აერთიანებს, რომელთა მიერ აღქმული სინათლეც ცენტრალურ მიმღებში იყრის თავს და ერთ მთლიან სურათს გვაძლევს. შესაბამისად, ამ ფოტოების გარჩევადობა საკმაოდ მაღალია.
სწორედ CHARA-ს ამგვარი შესაძლებლობის წყალობით, მეცნიერებმა პოლარისის შესახებ ახალი ინფორმაცია შეიტყვეს. კერძოდ, მათ ვარსკვლავის ზედაპირზე ცვალებადი ლაქები დააფიქსირეს, დაახლოებით ისეთი, როგორიც მზეზე ჩნდება ხოლმე. ქვემოთ ნაჩვენებ სურათზე ეს მუქი და კაშკაშა არეალები მკაფიოდაა გამიჯნული.
უკანასკნელი მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან პოლარისი "ჩვეულებრივი" ვარსკვლავი არაა, არამედ ის ცეფეიდია, ანუ მისი სიკაშკაშე პერიოდულად იკლებს და იმატებს. ამ შემთხვევაში, ეს 4 დღეში ერთხელ ხდება. ასეთ მნათობებს ხშირად კოსმოსური დისტანციების გასაზომად იყენებენ, რადგან მსგავსი ელვარების გამო ისინი ერთგვარ შუქურებად მიიჩნევა. გამოდის, რომ ახალი სურათი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ გამოიყურება ცეფეიდების ზედაპირი.
ჩრდილოეთის ვარსკვლავი ჩვენგან 400-ზე მეტი სინათლის წლითაა დაშორებული და ვარსკვლავთა სამმაგ სისტემაშია (ასტრონომთა მიზანი სწორედ ერთ-ერთი კომპანიონის ორბიტაზე დაკვირვება იყო, რომელსაც პოლარისისგან ძალიან მცირე მანძილი აშორებს). ის მზეზე დაახლოებით 46-ჯერ დიდია, ახალი კვლევით კი დადგინდა, რომ მასზე 5-ჯერ მასიურიცაა, რაც წინა ვარაუდებს აღემატება. მასის განსაზღვრა აღსანიშნავი მიღწევაა, რადგან ეს მხოლოდ რამდენიმე ცეფეიდის შემთხვევაში მოხერხდა.
საინტერესოა, რომ პოლარისი უფრო კაშკაშაა, ვიდრე ამგვარი მასის ქონისასაა მოსალოდნელი (ევოლუციური პროცესის გათვალისწინებით). მეცნიერები გეგმავენ, რომ მას კიდევ დააკვირდნენ და გაიგონ, რა იწვევს ვარსკვლავის ლაქების წარმოქმნას.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები