შეიმუშავეს მედიკამენტი, რომელმაც თაგვებში დაკარგული მეხსიერება აღადგინა
მკვლევრებმა თაგვებში დაკარგული მეხსიერება აღადგინეს.
თაგვებზე ცდებისას აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელსაც შეუძლია აღადგინოს როგორც ტვინის უჯრედები, ისე ალცჰაიმერის დაავადების შედეგად დაკარგული მეხსიერება.
მკვლევრების თქმით, სინთეზირებული მოლეკულა ბევრად განსხვავებულად მუშაობს ბაზარზე არსებული ალცჰაიმერის წამლებისგან.
როგორც დაავადების კვლევები აჩვენებს, ტვინში მავნე ამილოიდური ფენების დაგროვება ალცჰაიმერის პროგრესირების მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია. მკვლევრებმა ამ ფენების მოშორება ბევრჯერ სცადეს, თუმცა კოგნიტიური ფუნქციებისა და მეხსიერების აღდგენა არ ხდებოდა.
"ფენების მოშორების შემდეგაც რჩება დაზიანებები, რომლებიც ვერ სწორდება", — განმარტა UCLA-ს ნევროლოგმა და კვლევის ავტორმა, ისტვან მოდიმ.
ფენების დაგროვებასთან ერთად, ალცჰაიმერის ადრეული და შუა პერიოდი ხასიათდება გამა რხევების შენელებით. ეს ტვინის ფუნქციებზე ცუდად მოქმედებს, რაც მახსოვრობაზე უარყოფითად აისახება.
და, აი, ახლა მკვლევრებმა DDL-920 მოლეკულა აღმოაჩინეს, რომელსაც არსებული პრობლემის მოგვარება შეუძლია.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მოლეკულის შემცველი წამლის მიღების შემდეგ, ალცჰაიმერის მქონე თაგვებმა ლაბირინთიდან გასაღწევი გზა გაიხსენეს. ამასთან, თაგვებს არც გვერდითი მოვლენები გამოუვლინდათ.
მკვლევრების თქმით, აქამდე ასეთი შედეგები არ დაფიქსირებულა და ეს ყველაფერი იძლევა იმედს, რომ მალე ალცჰაიმერის მიერ დაზიანებული მეხსიერების აღდგენა შესაძლებელი იქნება.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები