შეიმუშავეს ტვინის იმპლანტი, რომელიც VR ჩაფხუტის ფიქრით კონტროლის საშუალებას იძლევა
Neuralink-ის კონკურენტმა Synchron-მა ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი (BCI) შექმნა, რომელიც Apple-ის Vision Pro-ს უკავშირდება. ეს შეზღუდული მობილურობის მქონე ადამიანებს მოწყობილობის მხოლოდ ფიქრით გაკონტროლების საშუალებას მისცემს.
კომპანიამ უკვე ჩანერგა თავისი იმპლანტები რამდენიმე პაციენტში და ახლა მას FDA-სგან პროდუქტის ფართო გავრცელების უფლების მიღება უნდა.
Synchron-მა ეს ტექნოლოგია მათთვის შეიმუშავა, ვისაც არ შეუძლია კიდურების გამოყენება და უჭირს საუბარი.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, თომას ოქსლის თქმით, კომპანიას სურს, რომ ტექნოლოგია ადაპტირებული იყოს სხვა ჩაფხუტებზეც.
"ჩვენი ტექნოლოგია იდეალურად არის სინქრონიზებული Apple-ის ჩაფხუტთან. მომავალში იგივეს გაკეთებას სხვა მწარმოებლების ჩაფხუტებზეც შეგვეძლება", — უთხრა ოქსლიმ CNBC-ს.
ილონ მასკის Neuralink-ისგან განსხვავებით, Synchron-ის ტვინის იმპლანტი არ საჭიროებს თავის ტვინის ღია ოპერაციას. იმპლანტის სპეციალური ანტენა აგროვებს მონაცემებს, რომელსაც გარე მოწყობილობას გადასცემს.
Synchron-ის პაციენტი 64 წლის კაცია, რომელსაც ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი (ALS) აწუხებს. მას ზედა კიდურებზე კონტროლი აქვს დაკარგული. პაციენტს ოპერაცია გასული წლის აგვისტოში ჩაუტარდა. ახალი განახლებების შედეგად, მას ახლა Vision Pro-ს ფიქრით კონტროლი შეუძლია — მეტიც, კურსორით Apple TV-ის შოუების ყურება და ტექსტური შეტყობინებების გაგზავნაც შეუძლია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ფიქრით.
"ეს გასაოცარია და ამას დიდხანს ველოდი", — თქვა Synchron-ის პაციენტმა, რომელსაც ახლა ვირტუალური რეალობის ჩაფხუტის გონებით კონტროლი შეუძლია.
კაცის თქმით, მას ვირტუალური რეალობის ჩაფხუტის გამოყენება 2 საათის განმავლობაში უპრობლემოდ შეუძლია.
ტექნოლოგიის შემქმნელები ამბობენ, რომ ამით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ვირტუალურ რეალობასთან ადაპტირება ძალიან გაუადვილდებათ.
კომენტარები