ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენები საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმის ჩვენებას ცდილობენ, იქნება ეს ძალა, სისწრაფე, გამძლეობა თუ სხვა. რა თქმა უნდა, ისინი ჩვეულებრივი ადამიანებისგან ფიზიკურად, კერძოდ კი სხეულით, განსხვავდებიან, მაგრამ ეს ყველაფერი არაა.

საქმე ისაა, რომ სახელგანთქმული ათლეტების ტვინი სხვაგვარად მუშაობს. როგორც კი არენაზე გასვლისას გარემო იცვლება, მათი ნერვული სისტემა ახალ პირობებთან ადაპტირდება და ხმაურზე ისე არ რეაგირებს, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. სპორტსმენების ტვინი არჩევს, რომელი ხმაა მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და რომელი — ხელის შემშლელი.

2019 წლის კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოწინავე გუნდებში მოთამაშე სტუდენტ სპორტსმენებს ფონური ხმაურის "გაფილტვრა" და საჭირო ბგერებზე კონცენტრირება ბევრად უკეთ შეუძლიათ, ვიდრე იმავე ასაკისა და სქესის სხვა წარმომადგენლებს. ეს სპეციალისტებმა მათი ტვინის იმპულსების შესწავლის გზით დაასკვნეს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები მხოლოდ ისეთი სპორტით არ იყვნენ დაკავებულნი, რომელიც იქვე მდგარი მწვრთნელის შენიშვნებისა და რჩევების მოსმენას მოიაზრებს. მაგალითად, მათ შორის იყვნენ გოლფის მოთამაშეები, რომლებიც ბევრად მშვიდ გარემოში არიან.

შესაძლოა, ასეთი ყურადღების მიზეზი მუდმივი ვარჯიში და ფოკუსირების საჭიროება იყოს. ამასთან, სხვაობა მხოლოდ სმენას არ ეხება. 2018 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ჩოგბურთელებს ხანგრძლივი ვიზუალური ფოკუსირების უნარი შესწევთ, რომელსაც "ჩუმ მზერას" უწოდებენ. დადგინდა, რომ ამგვარი პერიოდების მეშვეობით ისინი უკეთეს ჩაწოდებებს აკეთებდნენ. მეცნიერთა იმავე გუნდმა დაასკვნა ისიც, რომ ეს მხოლოდ ჩოგბურთელებს არ ეხებათ.

სპორტსმენებისთვის აუცილებელია, რომ დეტალური ცოდნა ფიზიკურ ქმედებაში გადაიტანონ და ეს მაქსიმალურად ეფექტიანად მოახერხონ. ამგვარი მოტორული უნარები დიდწილად ტვინის ქერქის მიერ კონტროლდება, რომლის მიმდებარედაც სივრცისა თუ სხეულის მოძრაობის აღქმასთან დაკავშირებული არეალები მყვინთავებში უფრო სქელიც კია.

მაღალი დონის ათლეტებში გაუმჯობესებულია ტვინის ე.წ. ზოლიან სხეულსა და ქერქის რეგიონებს შორის არსებული ნეირონული კავშირებიც, რომელთაგანაც პირველი მოძრაობების თანმიმდევრობებს აკონტროლებს. 2015 წლის კვლევის თანახმად, მიზნის მისაღწევად მოძრაობების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი კავშირებიც მაღალი დონის ათლეტებში სხვაგვარია.

შესაძლოა, სპორტსმენების უნარების ამგვარ განვითარებაში საკუთარი წვლილი გენეტიკასაც შეჰქონდეს. მაგალითად, მეცნიერებმა 2015 წელს გამოავლინეს დოფამინის გადამტანი გენი, რომელიც ენერგიის დახარჯვაში, მოძრაობასა და ტვინის დამაჯილდოებელი სისტემის ფუნქციონირებაშია ჩართული.

გამოდის, რომ ამ ადამიანებს გამოწვევების დაძლევაში მრავალი ფიზიოლოგიური მახასიათებელი ეხმარება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ინტენსიური ვარჯიში და წვრთნა უმნიშვნელოვანესია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.