არქეოლოგებმა იტალიაში მდებარე ქალაქ ჯულიანოში არსებულ "ცერბერის სამარხში" შესვლა შეძლეს. მათ იქ განთავსებული სარკოფაგი გახსნეს და ადამიანის ნაშთებს მიაგნეს, რომლებიც დღემდე კარგადაა შემონახული.

მეცნიერები ამ სამარხს მცირე ზომის კამერების მეშვეობით იკვლევდნენ, სანამ მასში შესასვლელს აღმოაჩენდნენ. ის სარკოფაგისკენაა გაყვანილი, რომელიც 2000 წლის განმავლობაში იყო დალუქული. სპეციალისტების თქმით, საუკუნეების წინ მცხოვრები ადამიანის ნეშტი იქ გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაშია დასვენებული.

სავარაუდოდ, დღემდე ამ ნაშთების კარგად შემონახვას სათანადო კლიმატურმა პირობებმა და სამარხში არსებულმა გარემომ შეუწყო ხელი. საინტერესოა ისიც, რომ სწორედ ამას უნდა გამოეწვია იმ სუდარის მინერალიზაცია, რომელშიც ცხედარი იყო გახვეული.

ფოტო: Italian Ministry of Culture

ფოტო: Italian Ministry of Culture

სარკოფაგში არქეოლოგებმა მალამოების შესანახ ჭურჭელს მიაგნეს. ასევე, სხეულიდან ჭუჭყის, ოფლისა და კანის ცხიმის მოსაცილებელ ნივთ სტრიგილს, რომელსაც ძველ საბერძნეთსა და რომში იყენებდნენ. სამარხის ეს და სხვა მახასიათებლები მიანიშნებს, რომ ის იმ ოჯახის ფუძემდებელს ეკუთვნის, რომლისთვისაც მავზოლეუმი აშენდა.

"ცერბერის სამარხი" გასულ წელს აღმოაჩინეს, რის შემდეგაც აქტიურად იკვლევენ. მას ეს სახელი სწორედ მიწისქვეშა სამყაროს მცველი მითოლოგიური სამთავა ძაღლის, ცერბერის, გამომსახველი ორნამენტებისა და ფრესკების გამო ეწოდა. ამ ადგილის შესწავლა მეცნიერებს ფრეგრეის ტერიტორიის ისტორიული და კულტურული წარსულის შესახებ მეტის გაგების საშუალებას აძლევს. მაგალითად, იმაზე, თუ როგორი იყო დაკრძალვის რიტუალი და რა უძღოდა წინ.

მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი მიგნებები მეცნიერების სხვადასხვა დარგს აერთიანებს, როგორიცაა არქეოლოგია, ანთროპოლოგია, პალეონტოლოგია, ქიმია და ტექნოლოგია. კერძოდ, სპეციალისტებმა სუდარის ქსოვილი, მისი სტრუქტურა და ხარისხი გააანალიზეს. ამგვარად შესაძლოა დადგინდეს, რომელ სოციალურ და კულტურულ ფენას მიეკუთვნებოდა ეს ადამიანი. შეისწავლეს ჭურჭელში არსებული ნივთიერებებიც და დაასკვნეს, რომ მალამოები მცენარე ნაცარქათამასა და აბსენთის ბაზაზეა შექმნილი.

ამჟამად გუნდი დნმ-ის ანალიზის პასუხს ელოდება, ამიტომ იმედოვნებენ, რომ მეტ ინფორმაციას მიიღებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.