ნახშირორჟანგისგან კარაქი შექმნეს — ბილ გეიტსის თქმით, ის ძალიან გემრიელია
Savor-ის სახელით ცნობილი სტარტაპი კარაქს, არც მეტი, არც ნაკლები, ატმოსფერული ნახშირორჟანგისა და წყლისგან გამოცალკევებული წყალბადის გამოყენებით ქმნის. შედეგად ისეთი ცხიმი მიიღება, რომელიც ცხოველურ და მცენარეულ დანამატს არ საჭიროებს, ხოლო მისი დამზადებისას გარემოში არც მავნე ნივთიერებები იფრქვევა. მათი მიზანი სწორედ სამეურნეო ემისიების შემცირებაა.
ეს სტარტაპი Orca Sciences-ის მიერ იმართება, რომელმაც დაფინანსება ბილ გეიტსისგან მიიღო. მან ინოვაციური მეთოდით შექმნილი კარაქი თავად გასინჯა.
"ამ პროცესში სათბურის აირები არ გამოიყოფა. ასევე, არ საჭიროებს სამეურნეო მიწას და ტრადიციულ მეურნეობაში მოხმარებული წყლის რაოდენობის მხოლოდ მეათასედზე ნაკლები გამოიყენება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შედეგად მიღებული პროდუქტი მართლაც ძალიან გემრიელია, როგორც ნამდვილი კარაქი, რადგან ქიმიურად სწორედ მისი მსგავსია", — განაცხადა გეიტსმა.
ცხიმები სწორედ ნახშირბადისა და წყალბადის ატომების ერთგვარი ჯაჭვებისგან შედგება, ამ კომპონენტების მოპოვება კი ჰაერიდან და წყლიდან მარტივადაა შესაძლებელი. შემდეგ მათი ბიოქიმიურად დამუშავებაა აუცილებელი, რათა ცხოველური და მცენარეული ცხიმების მოლეკულურად იდენტური პროდუქტი მივიღოთ.
Savor პალმის ზეთთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასაც ცდილობს. ის მთელს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მცენარეული ცხიმია, რომლის წარმოებასაც ბუნებაზე სერიოზული გავლენა აქვს, მათ შორის ცხოველთა საცხოვრებელ არეალზეც.
გასულ წელს Orca Science-მა, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც საკვები ცხიმების ხელოვნურად შექმნაზეა საუბარი. მათ დაადგინეს, რომ ფერმებში გაზრდილი ცხოველებისგან ცხიმების მოპოვება ყოველ 1000 კალორიაზე 1-დან 3 გრამამდე ნახშირორჟანგს წარმოქმნის, ლაბორატორიულად დამზადებისას კი იმავე რაოდენობაზე 1 გრამზე ნაკლები ემისია მოდის.
"საკვები ფერმის გარეშე" — ასე უწოდებენ სპეციალისტები მსგავს მიდგომებს, რომლებიც კლიმატის ცვლილების განმაპირობებელი ემისიების თავიდან აცილებისა და მიწების შენარჩუნების საშუალებას იძლევა. საქმე ისაა, რომ სამეურნეო მიზნებისთვის ძალიან დიდი ტერიტორია გამოიყენება, რითაც ადგილობრივ ეკოსისტემას ზიანი ადგება.
მეთოდის ინოვაციურობა, რა თქმა უნდა, გამოწვევებსაც გულისხმობს. მაგალითად, ასეთია წარმოების ხარჯთეფექტიანობა, პოტენციური ღირებულების შემცირება და მომხმარებლების მიზიდვა. სამაგიეროდ, მოხერხებადია დამზადების პროცესის დაჩქარება და მასშტაბების გაზრდა, რადგან ცხიმების სინთეზირება ქიმიური პროცესია და რთულ ბიოლოგიურ მექანიზმებს არ საჭიროებს.
კომენტარები