ისტორიაში პირველად, თბური ტალღის შედეგად სერბეთში ტბა რუსანდა დაშრა
ბალკანეთის რეგიონი და ევროპის დიდი ნაწილი ისევ თბური ტალღის ქარცეცხლშია. ინტენსიური სიცხის შედეგად, ისტორიაში პირველად, სერბეთში ტბა რუსანდა დაშრა. მეტეოროლოგის შეფასებით, ასეთი თბური ტალღები შეიძლება კიდევ უფრო გახშირდეს.
"ამჟამად ამინდის ექსტრემალური მოვლენის ქარცეცხლში ვართ, ინტენსიური და ხანგრძლივი თბური ტალღის", — Reuters-თან საუბრისას განაცხადა ვლადიმერ ჯურჯევიჩმა, მეტეოროლოგმა ბელგრადიდან. მისი თქმით, შესაძლოა, კლიმატის ცვლილებამ უაღრესად ცხელი ზაფხულები გაახშიროს.
ასევე იხილეთ: თბური ტალღა — რა არის, რა იწვევს და როგორ დავიცვათ თავი
ბალკანეთში ტემპერატურამ ამ კვირაში მოიმატა. პროგნოზის მიხედვით, რეგიონის ქვეყანათა უმრავლესობაში ტემპერატურა დაახლოებით 39 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.
ადგილობრივების ცნობით, სერბეთში ისტორიაში პირველად დაშრა მარილიანი ტბა რუსანდა, რომელიც სამედიცინო ტალახს შეიცავს.
"მთლიანად ჭაობი იყო და ახლა ჭაობი გამქრალია. ტბის დონე ყველაზე დაბალია... და გვალვასაც აქვს გავლენა", — თქვა სავა იოვკიჩმა, ადგილობრივმა მცხოვრებმა.
ცნობისთვის, 17 ივლისს სერბეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა ათ მუნიციპალიტეტში სახიფათო მდგომარეობა გამოაცხადა. აქამდე ერთი დღით ადრე დედაქალაქ ბელგრადში ყველაზე ცხელი 16 ივლისი აღირიცხა — ტემპერატურამ 38.4°C-ს მიაღწია.
ადრიატიკის ზღვაში, ხორვატიის რამდენიმე სანაპირო კურორტზე, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 29.5°C, ფიქსირდებოდა.
რეგიონში ტყის ხანძრები მძვინვარებს
ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად მეხანძრეების, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მობილიზება დაიწყეს. 14 ივლისს ჩრდილოეთ მაკედონიაში ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
17 ივლისს მსოფლიო ბანკმა რეგიონული კლიმატის მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, დასავლეთ ბალკანეთმა მომდევნო ათი წლის განმავლობაში დაახლოებით $37 მილიარდი უნდა გაიღოს იმისთვის, რომ კლიმატის ცვლილებისგან ხალხისა და ქონების დაცვა მოხერხდეს. დასავლეთ ბალკანეთში შედის: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია და სერბეთი.
ევროპის სხვა ნაწილებს რაც შეეხება, მოსალოდნელია, რომ სიცხის ტალღა იტალიასაც ელის და ტემპერატურა აქ 45°C-ს მიაღწევს. სიცხე პრობლემებს უქმნის სხვა ქვეყნებსაც, რომელთა შორისაა: საბერძნეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი და უკრაინა.
კომენტარები