როგორც ჩანს, ილონ მასკის მარსის კოლონიზაციაზე ოცნება გენმოდიფიცირებულ ახალ სახეობებსაც მოიცავს.

New York Times-ის თანახმად, მასკი ისეთი გენმოდიფიცირებული სახეობების შექმნითაა დაინტერესებული, რომლებიც წითელი პლანეტის მშრალ გარემოს გაუძლებენ.

"ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი არსებები, რომლებიც მარსის პირობებს მარტივად მოერგებიან. მსგავსი რამ ადამიანს ადრეც უქნია, ჩვენ ამას სელექციურ გამრავლებას ვეძახით", — ამბობდა მასკი ჯერ კიდევ 2013 წელს.

მასკს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახეობების შექმნაზე საუბრობდა, მაგრამ როგორც ჩანს, ის ამ მხრივ NASA-ს გეგმებთანაც თანხვედრაშია. კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ ისინი სპეციალური მცენარის შემუშავებაზე ფიქრობენ, რომელიც წითელ პლანეტაზე გაიხარებს.

ასევე: გამოავლინეს მცენარე, რომელსაც მარსის ტერაფორმირება შეუძლია

გეგმა

მიუხედავად ამისა, ის თუ კონკრეტულად როგორი სახეობების შექმნაზეა საუბარი, ამაზე დიდი ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა, მედიის თანახმად, უკვე შედგენილია მცირე გუმბათის ფორმის ჰაბიტატების გეგმები. მასკის მიერ დაქირავებული ექსპერტები იმაზეც ფიქრობენ, თუ რომელ მასალას გამოიყენებენ ჰაბიტატის ასაგებად.

SpaceX-ის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ კოსტიუმების შექმნაზეც. საჭიროა ისეთი კოსტიუმის შექმნა, რომელიც მარსის რთულ კლიმატს გაუძლებს. მეტიც, კომპანიამ დაიქირავა სამედიცინო ჯგუფი, რომელიც იკვლევს რამდენად შესაძლებელი იქნება მარსზე ბავშვის გაჩენა.

მასკის თქმით, მომდევნო 40 წელიწადში მარსზე მილიონამდე ადამიანი იცხოვრებს. ექსპერტების ნაწილი მილიარდელის გეგმებს ზედმეტად ამბიციურს უწოდებს და ამბობენ, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ასი წელიც დასჭირდეს.

ამის ფონზე, ისეთი გენმოდიფიცირებული სახეობების შექმნა, რომლებსაც პლანეტასთან ადაპტირება გაუადვილდებათ, გონივრული ჩანს. ჩვენ ვიცით, რომ გენური ინჟინერია სულ უფრო ვითარდება და 40-50 წლის შემდეგ თავისუფლად შეიძლება შეგვეძლოს ისეთი არსებების "გამოყვანა", რომლებისთვისაც საცხოვრებლად მარსი იდეალური პლანეტა იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.