დენისოველი ჰომო საპიენსთან უფრო დიდი ხნის განმავლობაში თანაარსებობდა, ვიდრე აქამდე გვეგონა
დენისოველი უძველესი ადამიანის გადაშენებული სახეობაა, რომელიც იმავე დროსა და ადგილას ცხოვრობდა, სადაც ნეანდერტალელი და ჰომო საპიენსი.
არქეოლოგებს დენისოველის ძალიან ცოტა წარმომადგენელი ჰყავთ აღმოჩენილი და ამიტომ, ნაკლები რამ არის ცნობილი ამ ადამიანების შესახებ. თუმცა, არსებობს მტკიცებულებები, რომ ისინი როგორც ნეანდერტალელებთან, ისე ჰომო საპიენსებთან ჯვარდებოდნენ.
ასევე: ამ უძველეს გოგოს ნეანდერტალელი დედა და დენისოველი მამა ჰყავდა
და, აი, ახლა მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფმა ტიბეტის მაღლობზე აღმოჩენილი 2 500-ზე მეტი ძვალი შეისწავლა. საუბარია ბაიშია კარსტულის გამოქვაბულზე, რომელიც იმ იშვიათი ადგილთაგანია, სადაც ვიცით, რომ დენისოველები სახლობდნენ.
ახალმა ანალიზმა, რომელიც 3 ივლისს Nature-ში გამოქვეყნდა, გამოავლინა დენიოსველების ახალი ნამარხი. სწორედ ნამარხის ანალიზით მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ამ რეგიონში დენისოველების თავგადასავალი 200 000 წლის წინ დაიწყო და ის 160 000 წელი გაგრძელდა. დიახ, ეს სახეობა დღევანდელი ტიბეტის ტერიტორიაზე 40 000 წლის წინ კიდევ შეგხვდებოდათ.
"დენისოველები ცხოველების ბევრ სახეობაზე ნადირობდნენ. ჩვენი კვლევა გვაწვდის ახალ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი ექსტრემალურ პირობებში. ადამიანის ეს სახეობა კლიმატის ცვლილებებსაც გადაურჩა", — თქვა კვლევის ავტორმა, დოქტორმა ჯეფ სმიტმა.
საკვების მრავალფეროვნება
ბაიშიას კარსტულის გამოქვაბულში აღმოჩენილი ძვლები ფრაგმენტებად იყო დაშლილი, რაც მის შესწავლას ხელს უშლიდა. პრობლემის გადასაჭრელად, არქეოლოგებმა კვლევის ახალი მეთოდი გამოიყენეს და ძვლებზე ბევრად მეტი შეიტყვეს, ვიდრე აქამდე იცოდნენ.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ძვლების უმეტესი ნაწილი ცისფერი ცხვრისა იყო, რომელიც ცნობილია როგორც ბჰარალი. ასევე იყო სხვა ცხოველების ძვლებიც, მათ შორის: მარტორქის, ჰიენის, ვირზაზუნასი და ფრინველების.
"კვლევის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადგილებში დენისოველები ცხოვრობდნენ, ხოლო მათი დიეტა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო", — თქვა კვლევის თანაავტორმა, ჟიან ვანგმა.
კვლევამ აჩვენა, რომ დენისოველები ცხოველების ხორცს საკვებად, ხოლო ძვლებს სხვადასხვა ინსტრუმენტების დასამზადებლად იყენებდნენ.
ახალი ნამარხი
მკვლევრებმა დენისოველის ნეკნის ძვალიც შეისწავლეს. ფენა, რომელშიც ეს ძვალი აღმოაჩინეს 48 000-დან 32 000 წლამდე თარიღდება. შესაბამისად, დენისოველები ამ ტერიტორიაზე მაშინ ცხოვრობდნენ, როდესაც ჰომო საპიენსები ევრაზიას იპყრობდნენ. ეს ნიშნავს, რომ დენისოველები ჰომო საპიენსებთან უფრო დიდი ხნის განმავლობაში თანაცხოვრობდნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ასევე: ჰომო საპიენსები ნეანდერტალელებსა და დენისოველებს შესაძლოა, ირანის ტერიტორიაზე შეხვედროდნენ
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ თანამედროვე ადამიანების ნაწილში დენისობელების გენები დღემდეა შემონახული. ეს უთითებს იმაზე, რომ ოდესღაც ჩვენი სახეობა დენიოსოველებთან თანაცხოვრობდა და მათთან წყვილდებოდა კიდევაც.
თუმცა, ეტაპობრივად დენისოველები გაქრნენ. სამწუხაროდ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რატომ გადაშენდა ადამიანის ეს სახეობა.
კომენტარები