შორეული შავი ხვრელის ქარი გალაქტიკაში თითქმის 58 მილიონი კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს
ახალი კვლევის თანახმად, შორეული ზემასიური შავი ხვრელის რადიაცია გარემომცველ აირის ღრუბლებს ფანტავს და კოსმოსურ ქარს წარმოქმნის, რომლის სიჩქარეც დაახლოებით 58 მილიონი კმ/სთ-ია. შესაძლოა, ეს მიგნება იმის გარკვევაში დაგვეხმაროს, თუ როგორ ზემოქმედებს მსგავსი ფენომენი გალაქტიკების ევოლუციაზე.
SBS 1408+544-ად წოდებული კაშკაშა კვაზარი, ანუ გალაქტიკის აქტიური ბირთვი, თითქმის ისეთივე ხნიერია, როგორც თავად სამყარო. კერძოდ, იქიდან წამოსულ სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად 13 მილიარდი წელი სჭირდება. ის ასტრონომებმა პროექტ SDSS-ის ფარგლებში 8 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების ანალიზის გზით გამოიკვლიეს.
მართალია, მზეზე მილიონჯერ და მილიარდჯერ მასიური შავი ხვრელები გალაქტიკების უმეტესობის ცენტრში გვხვდება, მაგრამ კვაზარებზე იმავეს ვერ ვიტყვით. ამ უკანასკნელთა გარშემო მატერიის დისკოა, რომელიც ძალიან ცხელდება და საოცრად ანათებს. ეს აირი და მტვერი მეტწილად შავ ხვრელში ჩაედინება, მაგრამ მისი ნაწილი ჩქარდება და პოლუსების მიმდებარედ გარეთაც იტყორცნება, რასაც ელექტრომაგნიტური რადიაციაც ახლავს თან. ეს ისეთ სიკაშკაშეს ქმნის, რომელიც გალაქტიკაში არსებული ყველა ვარსკვლავისას აღემატება.
სწორედ ასეთმა ელვარებამ მისცა მეცნიერებს SBS 1408+544-ის შესწავლის საშუალება. უფრო კონკრეტულად კი მასთან ასოცირებული აირადი ნახშირბადის ქარის, რომლის კვალიც დისკოს რადიაციის ფართო სპექტრული დიაპაზონის გაანალიზების შედეგად აღმოაჩინეს. საქმე ისაა, რომ ნახშირბადის ატომები სინათლეს შთანთქავს, ამიტომ სპექტრულ მონაცემებში წყვეტა მის არსებობაზე მიანიშნებს.
საგულისხმოა, რომ დროთა განმავლობაში ამგვარი "ჩრდილების" რაოდენობა იზრდებოდა, რადგან რადიაცია გარემომცველ მატერიას ფანტავდა, რამაც ქარის ფორმირებას შეუწყო ხელი. მისი სიჩქარე მზარდია და ბგერისას დაახლოებით 45 000-ჯერ აღემატება, ანუ ეს აირი ძალიან სწრაფად მოძრაობს.
მეცნიერები მსგავსი აჩქარებული ქარის არსებობაზე აქამდეც საუბრობდნენ, მაგრამ ამ დრომდე დამაჯერებელი არგუმენტი არ მოგვეპოვებოდა. ეს ფენომენი მათთვის საინტერესოა, რადგან გაფანტული მატერია ვარსკვლავების წარმოსაქმნელადაა საჭირო. შესაბამისად, თუ გალაქტიკა ამგვარ პროცესებში მას დიდი რაოდენობით დაკარგავს, შესაძლოა, იქ ახალი მნათობების დაბადებას შეეშალოს ხელი.
ასევე, არაა გამორიცხული, ასე შავ ხვრელსაც გამოელიოს "საკვები", რომელიც კვაზარისთვის აუცილებელია. შედეგად ვიღებთ ისეთ პასიურ შავ ხვრელს, როგორიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე მშვილდოსანი A* არის. ის იმდენად ცოტა მატერიას შთანთქავს, რომ ადამიანის მიერ ყოველ მილიონ წელში ბრინჯის ერთი მარცვლის ჭამას უდრის.
შესაძლებელია, ზემოხსენებულმა პროცესმა პირიქითაც იმოქმედოს, აირი შეკუმშოს და ვარსკვლავების საშენი მასალა შექმნას ან ქარმა სხვა გალაქტიკამდე მიაღწიოს და მასზე იქონიოს გავლენა. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მისი შესწავლა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal.
კომენტარები