ყველის ჭამა გვაბედნიერებს და შესაძლოა, სიცოცხლესაც გვიხანგრძლივებდეს — კვლევა
მილიონობით ევროპელის ფართომასშტაბიანმა გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ მენტალური კეთილდღეობა ჯანსაღ სიბერესთან და ხანგრძლივ სიცოცხლესთან ასოცირდება, რაშიც წვლილი ცხოვრების სტილსა და საკვებსაც შეაქვს. კერძოდ, სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი, არც მეტი არც ნაკლები, ყველის ჭამასაც აქვს.
ჩინელმა მეცნიერებმა მენდელის შემთხვევითობის მეთოდი გამოიყენეს, რომელიც მიზეზ-შედეგობრიობის შესწავლის კარგი საშუალებაა. უფრო ზუსტად კი იმის დადგენის, თუ რას აქვს გავლენა ჩვენს გენებზე, როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა შედეგს ვიღებთ. ამგვარად, ღირებულ ინფორმაციას კლინიკური კვლევის ჩატარების გარეშე მოვიპოვებთ.
სპეციალისტებმა მონაცემები ევროპაში მცხოვრები 8 პოპულაციის შესახებ მოიპოვეს, რომელთაგანაც თითოეული 38 000-დან 2.4 მილიონამდე ინდივიდს აერთიანებდა. მათ პოტენციურ დასტურს მიაგნეს იმისა, რომ მენტალური კეთილდღეობა უფრო ჯანსაღ და ხანგრძლივ ცხოვრებასთან ასოცირდება, მიუხედავად სოციო-ეკონომიკური მდგომარეობისა. ეს ავტორებმა სიცოცხლით კმაყოფილების, განწყობის, ნევროტიზმისა და დეპრესიული სიმპტომების მიხედვით განსაზღვრეს.
იმის გასაგებად, თუ რა დამაკავშირებელი ფაქტორებია ამ მიზეზ-შედეგობრიობას შორის, მკვლევრებმა 33 ინდივიდის მონაცემები უფრო დაწვრილებით შეისწავლეს. მაგალითად, ყურადღება გაამახვილეს მწეველობაზე, მედიკამენტების გამოყენებაზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე, ავადობაზე და ა.შ.
აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც სხვებზე მეტ ყველსა და ხილს ჭამდა, მენტალური კეთილდღეობის უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ასევე, ეს 3.67%-ით დადებითი ზემოქმედებდა ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. შედარებისთვის, ხილის ჭამას ჯანსაღ დაბერებაზე 1.96%-ით დადებითი გავლენა ჰქონდა, სიგარეტის მოწევას კი — 4.56%-ით უარყოფითი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე უარყოფითი გავლენა ტელევიზორის საყურებლად დათმობილ დიდ დროს აღმოაჩნდა — 7.39%.
დამატებითი კვლევებია საჭირო იმის გასაგებად, თუ რატომ აქვს ყველის ჭამას ასეთი ეფექტი. ვარაუდობენ, რომ რძის ნაწარმში არსებული ცხიმის ზომიერად მიღებას ქოლესტერინის დონისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირება შეუძლია. ყველის ჭამა გაუმჯობესებულ კოგნიტიურ ფუნქციებთანაცაა დაკავშირებული, ასევე ტვინში დოფამინის გააქტიურებასთან, რაც სიამოვნების შეგრძნებას იწვევს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Human Behavior გამოქვეყნდა.
კომენტარები