ანტიდეპრესანტების მოხსნის სინდრომი მხოლოდ პაციენტთა 15%-ში იჩენს თავს — კვლევა
კვლევის თანახმად, ანტიდეპრესანტებით მკურნალობის შეწყვეტისას მოხსნის სინდრომი შვიდიდან ერთ ადამიანს ემართება. წინა ანალიზით, ეს მაჩვენებელი 56%-ს უდრიდა.
გერმანელმა მკვლევრებმა მეტაანალიზი ჩაატარეს და 79 სხვადასხვა კვლევის მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც ჯამში 21 ათასი პაციენტს აერთიანებდა. აქედან ზოგიერთი ანტიდეპრესანტებით მკურნალობდა, ზოგი კი პლაცებოს (ეფექტის არმქონე აბი) იღებდა. მკვლევრებს ეს წამლების შეწყვეტის რეალური შედეგების განსაზღვრაში დაეხმარა.
დადგინდა, რომ პაციენტთა მხოლოდ 15%-ს აღენიშნებოდა მოხსნის სინდრომის ერთი ან მეტი სიმპტომი, რომელიც პირდაპირ ანტიდეპრესანტების შეწყვეტით იყო გამოწვეული; სერიოზული სიმპტომები პაციენტთა დაახლოებით 3%-ს ჰქონდა.
ნაშრომის თანახმად, წამლის მოხსნის შემდეგ ყველაზე ხშირად აწუხებთ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, უძილობა და გაღიზიანებადობა. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში იწყება და დღეების, კვირების ანდა თვეების განმავლობაშიც შეიძლება გაგრძელდეს.
მკვლევრებმა რამდენიმე მედიკამენტი შეადარეს ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ ციტალოპრამის, სერტრალინისა და ფლუოქსეტინის მოხსნის შემდეგ სიმპტომების გამოვლენის რისკი ყველაზე დაბალი იყო. მეორე მხრივ, იმიპრამინის, პაროქსეტინისა და დესვენლაფაქსინის შეწყვეტისას უფრო მაღალი იყო სერიოზული სიმპტომების გამოვლენის რისკი.
///
დოქტორ ჯონათან ჰენსლერის, კვლევის თანაავტორის, თქმით, ანტიდეპრესანტები ბევრ ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, თუმცა ისინი ყველასათვის ეფექტიანი არაა. მისი აზრით, წამლის მოხსნამდე ექიმებსა და პაციენტებს ზუსტი, კვლევაზე დაფუძნებული, პროგნოზები სჭირდებათ მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ანტიდეპრესანტების მიღების შემდეგ სიმპტომები იმის გამო არ ჩნდება, რომ ანტიდეპრესანტები დამოკიდებულებას იწვევს. მნიშვნელოვანია, ნებისმიერმა პაციენტმა მედიკამენტის მიღება ჯანდაცვის სპეციალისტებთან კონსულტაციის, მათი მეთვალყურეობისა და მხარდაჭერის პირობებში შეწყვიტოს", — თქვა მან.
ზოგიერთმა კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ კვლევისას შესწავლილი ნაშრომების დაახლოებით ნახევარში ისეთი პაციენტები მონაწილეობდნენ, რომლებიც ანტიდეპრესანტებს სამი თვით ან ნაკლები დროით იღებდნენ.
კრისტოფერ ბითგეს, ნაშრომის თანაავტორს, შემდეგი კონტრარგუმენტი მოჰყავს: მოხსნის სინდრომის რისკი, როგორც წესი, მაშინ ჩნდება, როცა პაციენტები ანტიდეპრესანტებს რამდენიმე კვირის განმავლობაში იღებენ; მიუხედავად ამისა, მოხსნის სინდრომის სიმპტომები უფრო ხშირი არაა იმ ადამიანებში, რომლებიც წამლებს უფრო ხანგრძლივად მოიხმარენ.
"ჩვენ მიერ გაანალიზებულ კვლევებით არ დასტურდება, რომ მოხსნის სინდრომის რისკი იმ პაციენტებში უფრო მეტი იყოს, რომლებიც ანტიდეპრესანტებს სამ თვეზე მეტხანს იღებენ".
ნაშრომის ავტორებმა თავიანთი კვლევის შეზღუდვებზეც ისაუბრეს. მაგალითისთვის, შესაძლოა, წამლის შეწყვეტის შემდეგ დეპრესიის დაბრუნება აღექვათ მოხსნის სინდრომის სიმპტომებად. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამი ან მეტი კვლევის ფარგლებში მხოლოდ 7 ანტიდეპრესანტია შესწავლილი, ხოლო არცერთი ნაშრომი არ მოიპოვება რამდენიმე გავრცელებულ მედიკამენტზე, რომელთა შორისაა: მირტაზაპინი, ბუპროპიონი და ამიტრიპტილინი.
წინა კვლევით დაადგინეს, რომ ანტიდეპრესანტების მიღების შეწყვეტის შემდეგ მოხსნის სინდრომის ნიშნები პაციენტთა 56%-ს აღენიშნებოდა, თუმცა ამ ანალიზის სანდოობა ეჭვქვეშ დადგა.
ახალი ნაშრომის მიგნებები გამოცემაში Lancet Psychiatry გამოქვეყნდა.
კომენტარები