ასტრონომებმა შავი ხვრელის ბრუნვის სიჩქარე გამოთვალეს
მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენად სწრაფად ბრუნავს ჩვენგან დაახლოებით 1 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული შავი ხვრელი საკუთარი წარმოსახვითი ღერძის გარშემო. ამის საშუალება მათ ობიექტის ირგვლივ არსებული და მასში ჩამდინარე მატერიის — აკრეციული დისკოს — ერთგვარ რხევაზე დაკვირვებამ მისცა.
აღმოჩნდა, რომ ამ შავი ხვრელის ბრუნვის სისწრაფე სინათლის სიჩქარის, 299 792 458 მ/წმ-ის, 25%-ზე ნაკლებია. ფაქტი, რომ ასტრონომებმა ეს გამოთვალეს, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იმავე მეთოდით სხვა ასეთი ობიექტების შესწავლა და მათ ევოლუციაზე მეტის გაგებაა შესაძლებელი.
შავი ხვრელები მილიონობით და ზოგჯერ მილიარდობით მზის მასისაა. ისინი გალაქტიკების ცენტრში გვხვდება და მათ გრავიტაციულ შეკავშირებასაც განაპირობებს. ზოგიერთ შავ ხვრელს განსაკუთრებულად კაშკაშა ნათება ახასიათებს, რომელსაც სწორედ აკრეციულ დისკოში მიმდინარე პროცესები გამოყოფს.
2020 წელს მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ გასაოცარი ელვარება შეიძინა შავმა ხვრელმა, რომელიც მანამდე აქტიური არ იყო. ტელესკოპების მონაცემებით ივარაუდეს, რომ ამის მიზეზი მის მიერ ახლომდებარე ვარსკვლავის განადგურება უნდა გამხდარიყო.
კერძოდ, როდესაც მნათობი დანაწევრდა, მან ცხელი დისკო წარმოქმნა, რომელიც შავი ხვრელის ბრუნვის ღერძის მიმართ პროპორციულად არ განლაგდა. ეს რხევას, იგივე პრეცესიას, დაედო საფუძვლად, როგორც, მაგალითად, ძირს დავარდნილი მონეტა ბზრიალებს ხოლმე.
იქიდან გამომდინარე, რომ ბრუნვა და რხევა ერთმანეთთანაა დაკავშირებული, სპეციალისტებმა ივარაუდეს, რომ მეორის მეშვეობით პირველის შესწავლაა შესაძლებელი. ამისთვის ზემოხსენებულ პროცესს ტელესკოპებით დროულად, დიდი ხნის განმავლობაში და უწყვეტად უნდა დაჰკვირვებოდნენ.
ამან ცხადყო, რომ ზემოხსენებული შავი ხვრელის შემცველი გალაქტიკა გარკვეული პერიოდი დაახლოებით ყოველ 15 დღეში ერთხელ რენტგენულ ტალღებს ასხივებდა, რაც შემდეგ შეწყდა. ეს ასტრონომებმა პრეცესიასთან დააკავშირეს და აღნიშნულ მონაცემებს შავი ხვრელის სავარაუდო მასა დაუმატეს, რომელიც მზისას 2.5 მილიონჯერ აჭარბებს. შედეგად, ობიექტის ბრუნვის სიჩქარის გამოთვლა გახდა შესაძლებელი.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები