სოფიო შამანიდი

23 May. 2024, 14:05

ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, ადამიანებს, რომლებიც სიამაყით ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მამების ტრადიციას, არ გვაქვს უფლება, დავდუმდეთ პრემიერ მინისტრის შეურაცხმყოფელ განცხადებაზე!

მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო.

მართალი გითხრათ, არ მაქვს დიდი იმედი, რომ შემეხმიანებით, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვგრძნობ, ჩემი გულისტკივილი (გნებავთ, განრისხება) გაგიზიაროთ.

გუშინ, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ თსუ პროფესორების უმრავლესობა (!) არის პოლიტიკურად მიკერძოებული და ისინი შერჩეულები არიან არა კვალიფიკაციის, არამედ პოლიტიკური აფილირების ნიშნით (ციტატა).

ის გვპირდება, რომ არჩევნების შემდეგ ჩაატარებს რეფორმას განათლების სისტემაში, სავარაუდოდ, იმისათვის, რომ გაანეიტრალოს პროფესორები, ვინც ეწინააღმდეგება რუსულ კანონს.

შესაძლოა, თქვენ შორის არიან ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება ამ კანონის მძიმე შედეგებს (თუმცა, ეჭვი მეპარება, წარმოუდგენელია აკადემია ვერ ხვდებოდეს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც დღეს ოცნება აღმოჩნდა, რომელიც გვარწმუნებს, რომ გლობალური ომის პარტია და მასონები მართავენ მსოფლიოს), მაგრამ თქვენ ნამდვილად თავს შეურაცხყოფილად იგრძნობდით, როდესაც ჩინოვნიკი, რომელიც დაცვით დადის ლექციების წასაკითხად და რომელიც ოცნების ერთ-ერთი იდეოლოგია, პროფესიონალიზმს გვიწუნებს და ცდილობს (თავად პარტიის წევრი და შესაბამისად მიკერძოებული) მიგვაწებოს სხვადასხვა პოლიტიკური იარლიყი.

ძვირფასო მეგობრებო, არ შეიძლება, ოცნების მცდელობა, ზეწოლა მოახდინოს უნივერსიტეტზე, რეაქციის გარეშე დავტოვოთ.

თითოეული ჩვენგანი ძალ-ღონეს არ იშურებს, მიზერულ ხელფასზე მუშაობს, იბრძვის (!), რომ რაიმე გრანტი მოიპოვოს, რომ დააფინანსოს კვლევა, თარგმანი, კონფერენცია და ამ დროს პრემიერ მინისტრი ამბობდეს, რომ პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია არ გვაქვს უმრავლესობას!

მოვუწოდებ ქალბატონ ნანა გაფრინდაშვილს, გამოხატოს საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, დააყენოს აკადემიური საბჭოს წინაშე ეს საკითხი და სათანადო პასუხი გაეცეს ამ შეურაცხმყოფელ განცხადებას. 

უნივერსიტეტი არის და იქნება დამოუკიდებელი! ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამჟამინდელი მთავრობა იგივე მეთოდებს მიმართავდეს პროფესურის წინააღმდეგ, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. ეს ყოვლად დაუშვებელია!

პატივისცემით,

სოფიო შამანიდი — თსუ სრული პროფესორი, ნეოგრეცისტიკის კათედრის გამგე

პ.ს. იმედია, ვინმე აქ არ დამიწერს, რომ აკადემია პოლიტიკის მიღმაა. არ გავკადნიერდები და ივანე ჯავახიშვილის სიტყვებს აღარ შეგახსენებთ.

პ.პ.ს. ასევე, შეგახსენებთ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, თითოეულ ჩვენგანს მოადგებიან და "დასმენების" (ანონიმკების) წერას მოგვთხოვენ. თქვენგან ალბათ ბევრს ახსოვს ის დრო და დარწმუნებული ვარ, აღარ გინდათ ბნელეთში დაბრუნება.

წერს ფეისბუქზე სოფიო შამანიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი.

გუშინ, 22 მაისს, პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თსუ-ს პროფესორების დიდი ნაწილი მთლიანად პოლიტიკური ნიშნით არის შერჩეული და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  5. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშილის ციხიდან გამოგზვანილ წერილებს ეხმაურება: "ნუ გააუფასურებთ…