ჩვენ, სკანდინავიური და ბალტიისპირეთის ქვეყნები, მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან.
გასული წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირმა აჩვენა, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს მიეცა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თუმცა, ახლახან, საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია საქართველოს ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილება, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. მიღების შემთხვევაში, კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ ეს კანონო ევროკავშირის კანონპროექტს ჰგავს, უსაფუძვლო და შეცდომაში შემყვანია. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გადახედონ კანონპროექტის მიღებას.
გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანია. საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, შეასრულოს წინაპირობები, თუ მას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ არჩევანს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ გაგებით, რომ შესრულდებოდა 9 ნაბიჯი. ამ ეტაპზე, საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯების შესრულებაში საერთო პროგრესი არ მიუღწევია.
ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, ვიხილოთ საქართველო წარმატებული, ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, როგორც ეს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობას სურს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გამოიყენებს შესაძლებლობის ისტორიულ ფანჯარას, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის გააქტიურებული გაფართოების პროცესში და დაუბრუნდება ევროკავშირის წევრობის კურსს.
კომენტარები