შესაძლოა, 2531 წლისთვის იაპონიაში ყველას ერთი გვარი ჰქონდეს
ტოჰოკუს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი სიმულაციის თანახმად, შესაძლოა, 2531 წლისთვის იაპონიაში ყველას ერთი და იგივე გვარი ჰქონდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ქორწინებასთან დაკავშირებული კანონი არ შეიცვლება.
საქმე ისაა, რომ იაპონიაში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული არაა, წყვილებს ოჯახის შექმნისას ერთი გვარის არჩევა უწევთ. როგორც წესი, ამას ქალები აკეთებენ, რომელთა 96%-იც ქმრის გვარზე გადადის.
თუ აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც ასე გაგრძელდება, შესაძლოა, 507 წელში ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის გვარი "სატო" იყოს. რა თქმა უნდა, ეს, ერთი მხრივ, სპეკულაციაა, რადგან ახალი სიმულაცია პროექტის Think Name Project ფარგლებშია შექმნილი, რომელიც ხელისუფლების მიერ ქორწინების კანონის შეცვლას ემსახურება.
და მაინც — შარშან სატოები იაპონიის მთლიანი პოპულაციის 1.529%-ს შეადგენდნენ, რაც, ერთი შეხედვით, ისეთი მაღალი მაჩვენებელი არაა. ამის მიუხედავად, 2022-დან 2023 წლამდე მათი რაოდენობა 1.0083-ჯერ გაიზარდა, ეს კი საკმაოდ ჩქარი ტემპია.
როგორც უკვე ვახსენეთ, ერთი გვარის მქონე ადამიანთა რიცხვის ზრდის ამგვარ მაჩვენებელს ქორწინებასთან დაკავშირებული კანონი განაპირობებს. თუ იაპონიაში აღნიშნული პოლიტიკა შეიცვლება, სავარაუდოა, რომ 2531 წლისთვის გვარად სატო მოსახლეობის მხოლოდ 7.96% იყოს. ეს 2022 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც მოქალაქეების 39.3%-მა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მაინც მეუღლის გვარზე გადავიდოდა.
თუნდაც მსგავსი ტენდენციით, სიმულაციის მიხედვით, სატოები უმრავლესობას 3310 წელს მიაღწევენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იაპონიის სამომავლო პოპულაციური პროგნოზის თანახმად, 2120 წელს ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 41 229 000 იქნება, შემდეგ კი საგრძნობლად დაიკლებს. ეს შემცირებული შობადობის გამოა ნავარაუდები.
ამჟამად იაპონიაში სატო მაინც ყველაზე გავრცელებული გვარია, რომლის შემდეგაც "სუზუკი" მოდის, მესამე ადგილზე კი "ტაკაჰაშია". დღესდღეობით 125 მილიონი მოქალაქიდან გვარად სატო 1.8 მილიონია.
კომენტარები