SLAC-ის ეროვნული ამაჩქარებლის ლაბორატორიის მეცნიერებმა და ინჟინრებმა LSST-ის კამერაზე მუშაობა უკვე დაასრულეს. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული კამერაა, რაც კი ოდესმე შეუქმნიათ და ახლა ის კოსმოსის შესწავლას დაიწყებს.

3 200 მეგაპიქსელიანი LSST კამერა მანქანის ზომისაა და 3 ტონას იწონის. კამერა შეეცდება ამოხსნას ბნელი ენერგიის ირგვლივ არსებული საიდუმლოებები. შეგახსენებთ, რომ ბნელ ენერგიას სამყაროს მასის დაახლოებით 67% უკავია და სამყაროს გაფართოების დაჩქარებას იწვევს.

შემდეგი პოდკასტი: ბნელი მატერია და ბნელი ენერგია — სამყაროს უხილავი ნაწილი

LSST ბნელ მატერიასაც გამოიკვლევს, იდუმალ სუბსტანციას, რომელიც კოსმოსის ნივთიერების დაახლოებით 85%-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ის ჩვენთვის უხილავია.

აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის ხილული სამყარო; დედამიწა, მზე, სხვა ვარსკვლავები თუ გალაქტიკები ატომებისგან შედგება. ეს ყველაფერი ერთად მთელი სამყაროს მასის 5%-მდეა. დანარჩენი უხილავი ნაწილი — სრული მასის დაახლოებით 67% ბნელ ენერგიაზე, ხოლო 27% ბნელ მატერიაზე მოდის. ისინი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობი სუბსტანციებისგან შედგება.

LSST კოსმოსთან დაკავშირებით სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემასაც შეეცდება. როგორც Rubin ობსერვატორიის კონსტრუქციის დირექტორი ჟელიკო ივეზიჩი ამბობს, "ეს ყველა დროის საუკეთესო ფილმი იქნება, რომელიც ღამის ცის ყველაზე ინფორმაციულ რუკას მოგვცემს".

"LSST კამერის მიერ შეგროვებული მონაცემები მართლაც რევოლუციური იქნება. ეს სამყაროს გაფართოებისა და ბნელი ენერგიის უკეთ შესწავლის საშუალებას მოგვცემს. მეტიც, შევძლებთ დავინახოთ მილიარდობით გალაქტიკა და დაახლოებით 17 მილიარდი ვარსკვლავი უშუალოდ ჩვენს გალაქტიკაში", — განუცხადა Space.com-ს აარონ რუდმანმა, SLAC-ის პროფესორმა და მკვლევარმა.

ფოტო: SLAC

LSST არის ციფრული კამერა, მაგრამ მნიშვნელოვნად დიდია. მისი 189 სენსორის დახმარებით, მას შეუძლია ვარსკვლავებიდან და სხვა ობიექტებიდან მომდინარე სინათლე დაიჭიროს. ის შემდეგ მათ ელექტრულ სიგნალებად აქცევს, რომლებიც შეიძლება გარდაისახოს ციფრულ ფოტოებად.

მაგალითისთვის, შემქმნელები ამბობენ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული კამერა მთვარეზე მტვრის ნაწილაკსაც დააფიქსირებს.

კამერის მიერ გადაღებულ პირველ ფოტოებს ფართო საზოგადოება 2025 წელს იხილავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.