ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
მეცნიერებმა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დნმ შეისწავლეს და შენიშნეს, რომ მისი გენეტიკა სულაც არ წინასწარმეტყველებდა მის მიერ გამოვლენილ მუსიკალურ ნიჭს. კერძოდ, კომპოზიტორს რიტმის სინქრონიზაციისადმი დაბალი წინასწარგანწყობა ჰქონდა.
გამოდის, შესაძლოა, ჩვენი გენეტიკა ზუსტად სულაც არ განსაზღვრავდეს ჩვენი განვითარების პოტენციალს. საგულისხმოა ისიც, რომ მუსიკა და შემოქმედებითობა მრავალი სახის ფაქტორის კომპლექსური კომბინაციაა.
მეცნიერებმა გენეტიკური მასალა ბეთჰოვენის შემონახული თმის ღერებისგან მოიპოვეს. დნმ-ის გაშიფვრის შედეგად მიღებულ მონაცემებს შემდეგ პოლიგენური ქულა მიანიჭეს. ეს ჯამური მაჩვენებელია იმისა, თუ როგორ შეიძლება ვლინდებოდეს გენეტიკური ვარიანტები სხვადასხვა ქცევასა და მახასიათებელში.
"ანალიზის დაწყებამდე კვლევა წინასწარ დავარეგისტრირეთ და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ბეთჰოვენის სავარაუდო ქულაზე არანაირი მოლოდინი არ გვქონია", — აცხადებს ლორა ვესელდიკი, კოგნიტიური ნეიროფსიქოლოგიის სპეციალისტი და MPIEA-ს მკვლევარი — "არამედ, ჩვენი მიზანი იყო, ამის მაგალითზე წარმოგვეჩინა, თუ რამდენად რთულია გენეტიკური პროგნოზების გაკეთება 200 წლის წინ მცხოვრებ ადამიანზე".
რიტმის სინქრონიზაციის უნარი (რიტმის შეგრძნებისა და მისი აყოლის უნარი) ერთ-ერთი მახასიათებელია, რომელიც წარსულში ზოგად მუსიკალურ ნიჭთან დააკავშირეს. მიუხედავად ამისა, ბეთჰოვენის მაჩვენებელი ამ მხრივ საშუალოსგან სულაც არ განსხვავდებოდა.
მკვლევართა თქმით, შედეგები არც ისე მოულოდნელია. ისინი აღნიშნავენ, თუ რამდენად შეზღუდულია პოლიგენური ქულების გამოყენება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ცალკეულ ინდივიდს (ამ შემთხვევაში გამორჩეულ ინდივიდს) ეხება.
"სკეპტიკურად უნდა განეწყოთ, თუ ვინმე იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ გენეტიკური ტესტით ზუსტად განსაზღვრავს, ექნება თუ არა თქვენს ბავშვს მუსიკალური ნიჭი — ან იქნება თუ არა განსაკუთრებით ნიჭიერი ქცევის რომელიმე სხვა სფეროში", — აცხადებს საიმონ ფიშერი, MPIEA-ს ენისა და გენეტიკის პროფესორი.
ამ ტიპის გენეტიკური ანალიზი მაშინაა გამოსადეგი, როცა ტენდენციებს კონკრეტულ დროს კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრები პოპულაციების მასშტაბით შევისწავლით. მეორე მხრივ, ერთი ინდივიდის კვლევისას არაერთი სხვა ფაქტორი (თუნდაც გარე გავლენათა ცვლილებები) შეიძლება ჩაერთოს საქმეში და სწორი დასკვნების გაკეთებაში შეგვიშალოს ხელი.
მაგალითისთვის, შესაძლოა, ამ გენსა და მუსიკალურობას შორის კავშირს თანამედროვე დასავლური საზოგადოების გარემო პირობები ამყარებდეს, ხოლო ეს პირობები კი ბეთჰოვენის დროს იგივე არ იქნებოდა.
მიუხედავად ამისა, გენეტიკური ანალიზი სხვა კუთხით მაინც შეიძლება იყოს გამოსადეგი. მაგალითისთვის, ბეთჰოვენის დნმ-ის წინა კვლევით ღვიძლის დაავადებისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობა გამოავლინეს. შესაძლოა, ამ ფაქტორს მის ჯანმრთელობაზე იმაზე დიდი გავლენა ჰქონოდა, ვიდრე ცხოვრების სტილის სხვა ასპექტებს.
წინა კვლევების მიხედვით, შესაძლოა, ჩვენში მუსიკალურობის დაახლოებით 42%-ს მშობლებისგან მიღებული გენები განაპირობებდეს. ჯერ კიდევ ბევრი კამათობს იმის შესახებ, ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში ბუნება უფრო მნიშვნელოვანია თუ აღზრდა, თუმცა პიანინოზე მეცადინეობას მაინც ნუ შეწყვეტთ.
"თავისთავად, არასწორი იქნებოდა, ბეთჰოვენის დაბალი პოლიგენური ქულის მიხედვით გაგვეკეთებინა დასკვნა, რომ მას ჩვეულებრივი მუსიკალური უნარები ჰქონდა", — აცხადებს ფიშერი — "ვფიქრობთ, დნმ-ის მიხედვით გაკეთებულ პროგნოზსა და ბეთჰოვენის შესაძლებლობებს შორის ესოდენ დიდი განსხვავების არსებობა მნიშვნელოვანი გაკვეთილი იქნება".
ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები