აქვთ თუ არა მაიმუნებს ენა — კომუნიკაცია ველურ ბუნებაში

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

არსებობს თუ არა ადამიანური ენის ანალოგები ველურ ბუნებაში?

მაინც რას ვეძახით “ენას”?

თუ ენას განვმარტავთ, როგორც უბრალოდ კომუნიკაციის საშუალებას ორგანიზმებს შორის, მაშინ ენა პრაქტიკულად ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს. მეტიც, "კომუნიკაცია", ამ მარტივი გაგებით, მუდმივად მყარდება უჯრედებს და ქსოვილებს შორისაც. მაგალითად, იმუნური სისტემის მუშაობა მთლიანად დამოკიდებულია სხვადასხვა უჯრედის "კომუნიკაციაზე". თუმცა აშკარაა, რომ ისეთი ენა, როგორიც ადამიანებს აქვთ ძალიან განსხვავებული რამ არის. ის მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის მიმოცვლა.

ადამიანურ ენას აქვს სინტაქსი და სემანტიკა. რამდენად და როგორ არის ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული 40-იანი წლებიდან მოყოლებული აქტიური კვლევის საგანია. არსებობს თუ არა ადამიანური ენის ანალოგები ველურ ბუნებაში? ეს საკითხიც აქტიური კვლევის საგანია და ამ სტატიაში მსურს მიმოვიხილო რამდენიმე ძალიან საინტერესო მიგნება, რომელიც 70-იანი წლებიდან მოყოლებული გაკეთდა პრიმატების კომუნიკაციაზე. პასუხი აღნიშნულ კითხვაზე, ისევე როგორც სხვადასხვა მეცნიერების პოზიციები, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ მაინც რას ვეძახით ენას.

ვერვეტები და დიანები

ვერვეტებში ყველაზე მჭიდრო სოციალური კავშირი დედმამიშვილებს შორის მყარდება.

ვერვეტებში ყველაზე მჭიდრო სოციალური კავშირი დედმამიშვილებს შორის მყარდება.

70-იანებში მეცნიერებმა გააცნობიერეს, რომ პრიმატების კომუნიკაციის კვლევისთვის იდეალური კანდიდატები აფრიკაში მობინადრე ანთრისებრთა ოჯახის წარმომადგენლები, ვერვეტები არიან, რადგან ისინი ვოკალურობით გამოირჩევიან. უკვე ადრეულ 80-იანებში, როერტ სეიფართის, დოროთი ჩეინის და პიტერ მერლერის კვლევამ აჩვენა, თუ რამდენად დახვეწილი შეიძლება იყოს ამ მაიმუნთა კომუნიკაცია.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ვერვეტების კომუნიკაციას საინტერესო სემანტიკა აქვს. როცა ამ სახეობის ერთი მაიმუნი დანარჩენებს შეძახილით მიანიშნებს: "გველი!", მაიმუნები ძირს იხედებიან, ხოლო თუ შეძახილი მიანიშნებს ლეოპარდზე, მაიმუნები ხეზე იწყებენ აძრომას და აქეთ-იქით იხედებიან (ლეოპარდებს ხეზე შეუძლიათ აძრომა და როგორც ჩანს მაიმუნებმა ეს იციან). ეს მიგნება დამატებით გვიჩვენებს, რომ ვერვეტები სიტუაციურად მსჯელობენ: თუ თავიანთ ენაზე გაიგეს "ფრთხილად, ლეოპარდი", ისინი ძირს იხედებიან თუ ხეზე არიან, მაგრამ თუ მიწაზე იმყოფებიან, ცხადია ისევ ქვემოთ აღარ იხედებიან.

კომუნიკაციის მსგავსი ფორმები შეინიშნება ვერვეტების ახლო მონათესავეებთანაც, simia diana (სიმარტივისთვის დიანებს დავუძახებ). ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა ტყეში რამდენიმე დინამიკი დააყენეს, საიდანაც ისინი არწივის და ლეოპარდის ხმებს უშვებდნენ (დიანებს ამ ცხოველებისთვის შესატყვისები აქვთ). მას შემდეგ რაც დიანები არწივის ხმას გაიგებდნენ, ისინი შესაბამის სიტყვას "ამბობდნენ", არწივის ხმის განმეორებით გაგონებისას კი ჩუმად იყვნენ. თუმცა, თუ შემდეგ ისინი ლეოპარდის ხმას გაიგებდნენ, შემდეგ უკვე ლეოპარდის შესაბამის ვოკალიზაციას მიმართავდნენ. აღნიშნული ექსპერიმენტითაც პრიმატოლოგებს სურდათ ეჩვენებინათ, რომ დიანების კომუნიკაცია კონტექსტზეა დამოკიდეული და მაიმუნები ყურადღებას აქცევენ ახალ ინფორმაციას. ლეოპარდის ხმის გაგონების შემდეგ, კიდევ ერთხელ არწივის ხმის გაგონებისას, დიანები ისევ თავზარდაცემულები ყვიროდნენ — "არწივი!".

მაიმუნების ენა გენეტიკურია

Cercopithecus campbelli, დედა და შვილი

Cercopithecus campbelli, დედა და შვილი

წინა თავიდან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია ვიკითხოთ, როგორ სწავლობენ მაიმუნები კომუნიკაციას? ამაზე პასუხი თითქოს ტრივიალური უნდა იყოს, პატარა მაიმუნებს ესმით მშობლების ნათქვამი სიტყვები, რომლებსაც სიტუაციებს უკავშირებენ და ასე სწავლობენ შეძახილებს, თუმცა 80-იანებში მეცნიერებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს:

ერთიდაიგივე სახეობის მაიმუნები, აბსოლუტურად სხვადასხვა გარემოებში, ერთი და იმავე სიტყვებს ხმარობენ. მეტიც, მათ "სიტყვებს", როგორც ჩანს, უმეტესწილად, ერთი და იგივე მნიშვნელობაც აქვთ. აღნიშნული მნიშვნელოვნად განასხვავებს ადამიანებს მაიმუნებისგან. კიდევ ერთი გასაოცარი მიგნება ისაა, რომ მაიმუნებში ხშირად მდედრებს და მამრებს სხვადასხვა შეძახილები აქვთ, თუმცა ბავშვ მაიმუნებს თავიდან მდედრების შეძახილები აქვთ და ლექსიკის სქესობრივი დიფერენციაცია კონკრეტული ასაკიდან იწყება.

მაიმუნებში "ენის" ათვისებაზე სიფართის, ჩეინის და მარლერის კვლევიდან კიდევ ის ვიცით რომ ბავშვ მაიმუნებს უფრო "ზოგადი" ხასიათის შეძახილები აქვთ. მაგალითად, "არწივად" მოიხსენიებენ ზოგადად ფრინველებს და მხოლოდ მოზარდობის პერიოდში იწყებენ სწორი "ტერმინების" გამოყენებას. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბავშვებისთვის აღნიშნული შეძახილი სხვა რამეს ნიშნავს, ანუ რაღაც ზოგადს როგორიცაა "ჩიტი!" თუ თავიდან ბავშვი მაიმუნებისთვის ყველანაირი ფრინველი საშიშია? ამ კითხვაზე პასუხი, ჯერჯერობით, არ გვაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მაიმუნებში შეძახილები და მათი მნიშვნელობა დიდწილად გენეტიკურია, არსებობს ვარიაცაც, რაც მათი ენის სოციალურ ბუნებაზე მიანიშნებბს. მაგალითად, მდედრობითი Cercophitecus Campbelli-ის (ამიერიდან კემპბელები) შეძახილები ძალიან გავს ქალი დიანების შეძახილებს, თუმცა კემპბელების შეძახილებში არსებობს ვარიაცია, ერთგვარი "დიალექტები": ადამიანების მსგავსად, ბავშვი კემპბელების შეძახილები მონათესავე კემპბელების შეძახილებს კი არ ჰგავს, არამედ სხვა, მათი "სოციალური წრის" კემპბელების შეძახილებს.

საფრანგეთში, ზოოპარკში მყოფი კემპბელების შესწავლისას, მეცნიერებმა ასევე შენიშნეს, რომ კემპბელებმა ახალი შეძახილი "გამოიგონეს" სხვადასხვა ადამიანებისთვის, რომლებიც გულზე არ ეხატებოდათ, მაგალითად ადგილობრივი ვეტერინარისთვის. ამ უკანასკნელ მიგნებას, ისევე როგორც ტყვეობაში მყოფი მაიმუნების კომუნიკაციაზე გაკეთებულ აღმოჩენებს, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან "ახალი" შეძახილები ველურ ბუნებაში არ გვხვდება და როგორც ჩანს, ეს "ახალი" შეძახილები ხშირად კონკრეტული მნიშვნელობის მატარებელი არაა, რასაც მოწმობს ნიუ იორკის ზოოპარკში ჩატარებული რიგი კვლევები.

მაიმუნების სინტაქსი

ფოტო: Getty Images

ის, რომ მაიმუნების შეძახილებს, ისევე როგორც ადამიანების სიტყვებს, რაღაც მნიშვნელობა აქვთ, აშკარაა (ცხადია, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები). თუმცა, სიტყვები არაა საკმარისი რომ რაღაცას ენა დავუძახოთ. ინდივიდუალური სიტყვები, "მარიამი", "უყვარს" და "ივა", ერთად ქართულში გვაძლევს:

მარიამს უყვარს ივა
თუ (1)-ში, სიტყვებს ადგილებს შევუცვლით:

ივა უყვარს მარიამს
უყვარს მარიამს ივა

მნიშვნელობა არ იცვლება, სწორედ ივა არის სიყვარულის ობიექტი და არა მარიამი. მეორე მხრივ, ინგლისურში, სიტყვების გადანაცვლებით, მნიშვნელობაც იცვლება:

Mariam loves Iva
Iva loves mariam

ქართულ ენაში, "ს" სუფიქსი, ანუ მიცემითი ბრუნვა განსაზღვრავს მიმართებებს: რომელია სუბიექტი, რომელიც ყვარობს და რომელია ამ სიყვარულის ობიექტი. ამასთანავე, რადგან ქართული არაკონფიგურაციული ენაა, (1)-(3) გრამატიკულია, მეორე მხრივ ინგლისურში Loves Iva Mariam* არაგრამატიკულია.

ერთი წინადადების ზედაპირული ანალიზი ორ ენაზე გვაძლევს მინიშნებას, თუ რაოდენ კომპლექსურია ადამიანური ენის სინტაქსი. (1)-დან გამომდინარეობს, რომ არსებობს ვინმე მარიამი, არსებობს რაღაც სიყვარულის მიმართება და არსებობს ვიღაც ივა, სინტაქსი კი განსაზღვრავს როგორ და ვის მიემართება სიტყვები. შეინიშნება თუ არა მსგავსი სისტემა მაიმუნებში? ამ კითხვას ვრცლად განიხილავს ფილიპე შლენკერი თავის წიგნში What it all means.

Simia Personatus (ინგ. Titi Monkeys და ამიერიდან ტიტიები) თითქოს კომუნიკაციისას სინტაქსს ავლენენ, კვლევაში, რომელიც კრისტიან ცასარმა, კოლეგებთან ერთად ჩაატარა. ამჯერად მეცნიერებმა ტყეში სათამაშო არწივები და ლეოპარდები ჩამალეს (მაქსიმალურად რეალისტური) ორ სხვადასხვა ადგილას: მიწაზე და ხის კენწეროებში.

თავდაპირველი შედეგები მიანიშნებდა, რომ ორი სხვადასხვა შეძახილის, პირობითად A და B მონაცვლეობით, ტიტიები ერთმანეთს ატყობინებდნენ როგორც მტაცებლის სახეობის, ისევე მისი ადგილმდებარეობის შესახებ. რამდენიმე თანმდევი A შეძახილით, მაიმუნები მიანიშნებდნენ არწივზე, ხოლო A-ებთან ერთად, B-ს შეძახილით იუწყებოდნენ, რომ "არწივი მიწაზეა". ერთი A შეძახილთან თანმდევი რამდენიმე B შეძახილი მიანიშნებდა ლეოპარდზე ხეებში. ტიტიების კომუნიკაცია, ექსპერიმენტის მიხედვით, ასე გამოიყურებოდა:

AAAAA…A — არწივი ხეებში
AAAAA…BBBBB — არწივი მიწაზე
BBBBBBBBBBB — ლეოპარდი მიწაზე
A-BBBBBBBBB — ლეოპარდი ხეებში.

შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ტიტიების კომუნიკაციას სინტაქსი აქვს? თავდაპირველი დაკვირვებით, თითქოს კი, რადგან, როგორც ჩანს, ორი სხვადასხვა "სიტყვის" თანმიმდევრობის შეცვლით, "წინადადების" მნიშვნელობაც იცვლება. თუმცა, უფრო დეტალური დაკვირვების შემდეგ, მეცნიერებმა სხვა დასკვნა გააკეთეს.

Callicebinae მაიმუნები

Callicebinae მაიმუნები

თითოეული შეძახილი (A და B) დიდხანს გრძელდება, დაახლოებით 15 წამი. წარმოიდგინეთ, რომ კომუნიკაციისას, სიტყვებს შორის ამხელა პაუზებს აკეთებდეთ. ასეთი "ნელი" სინტაქსი უცნაურია თუ გავითვალისწინებთ, რომ ტიტიებზე პრაქტიკულად ყველა მათზე დიდი ცხოველი ნადირობს და ხშირად უწევთ სიკვდილის კლანჭებისგან გაქცევა. მკვლევრებმა ასევე შენიშნეს, რომ B შეძახილს ტიტიები უამრავ სხვა გარემოებაშიც ხმარობენ, არამარტო მტაცებლის საიხლოვისას, ამიტომ მათ დაასკვნეს რომ B შეძახილი ზოგადად ყურადღების მიქცევისთვის გამოიყენება: "რაღაც ხდება". ამასთანავე, როდესაც არწივები ნადირობენ, ისინი უბრალოდ ხეებში გაშეშებულები არ არიან. რეალური არწივის დანახვისას, ტიტიების A შეძახილი ბევრად მოკლეა, თუმცა რადგან მეცნიერების დადგმული სათამაშო არწივი არ ინძრეოდა, ტიტიები სავარაუდოდ სწორედ ამიტომ ერთვებოდნენ A შეძახილიდან, B შეძახილზე. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ აქვთ ტიტიებს მხოლოდ ერთი A შეძახილი ლეოპარდებისთვის? ამ კითხვაზე პასუხსაც მეცნიერებმა მალე მიაგნეს: ტიტიებისთვის არწივებბი ბევრად საშიშები არიან, ვიდრე ლეოპარდები. იმისთვის, რომ ლეოპარდმა წარმატებით მოინადიროს ტიტი, ის შეუმჩნეველად უნდა იყოს ჩასაფრებული. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ როგორც კი ლეოპარდი "აცნობიერებს", რომ ის შენიშნეს, შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, უმალვე წყვეტს ტიტიზე ნადირობას.

შლენკერი აღნიშნავს, რომ "ტიტიები მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლიან: ყველაფერი რაც სინტაქსს გავს, არაა აუცილებელი სინტაქსი იყოს".

ველურ ბუნებაში ადამიანური ენების მაგვარი სინტაქსის ცრუ განგაშები ხშირია, რადგან ცხოველების, განსაკუთრებით კი პრიმატების კვლევისას, მეცნიერებისთვისაც კი საკმაოდ რთულია ცხოველებს "ადამიანური" თვისებები არ მიაწერონ. ცხოველები თითქოს ხშირად "იცინიან", "ხუმრობენ", "ლაპარაკობენ", "იმედები უცრუვდებათ" და ა.შ. თუმცა, აღნიშნულ ცნებებს, როგორც ჩვენ მათ ყოველდღიურ ლაპარაკში ვხმარობთ, მხოლოდ ადამიანებს მივაწერთ. ეს არ ნიშნავს, რომ ზემოხსენებული ცხოველებისთვის არ არის ჭეშმარიტი, თუმცა სანამ ცხოველზე ვიტყვით, რომ ის "ლაპარაკობს", მნიშვნელოვანია ძალიან კონკრეტული განმარტება გვქონდეს "ლაპარაკისთვის".

ტიტიებზე შეიძლება ითქვას, რომ მათ აქვთ "ენა", თუმცა აშკარაა, რომ ის ჩვენნაირი არაა და ცხოველთა სამყაროში (1)-(5)-ის ანალოგები ჯერ აღმოჩენილი არ არის.

კი მაგრამ შიმპანზეები?

ნიმ ჩიმპსკი "სწავლობს" ASL-ს

ნიმ ჩიმპსკი "სწავლობს" ASL-ს

ფოტო: BBC Films

ჰერბერტ ს. ტერასი ამერიკელი ბიჰეივიორისტი მეცნიერი იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ შიმპანზეებს, ადამიანების მსგავსად, შეეძლოთ ენის ათვისება. ენის, რომელსაც აქვს სინტაქსი და სემანტიკა. ამისთვის ტერასმა და კოლეგებმა, შიმპანზეს სახელად ნიმ ჩიმპსკის (ცნობილი ამერიკელი ლინგვისტის, ნოამ ჩომსკის პატივსაცემად) ამერიკული ჟესტებბის ენა (ASL) "ასწავლეს" (აქცენტი ბრჭყალებზე). ყველაზე დიდი წინადადება, რომელიც ნიმმა თქვა, ასე გამოიყურებოდა:

"მიცემა ფორთოხალი მე მიცემა ჭამა ფორთოხალი მე ჭამა ფორთოხალი მიცემა მე ჭამა ფორთოხალი მიცემა მე შენ".

იმედი, რომ შიმპანზეები ადამიანების ენის ათვისებას შეძლებდნენ, ნაწილობრივ იმას ემყარება, რომ ჩვენი და შიმპანზეების დნმ 98.7%-იან თანხვედრაშია. კვლევის დასრულების შემდეგ, ტერასმა დაასკვნა, რომ ნიმი მკვლევრებისგან სიმბოლოებს იმიტირებდა, რათა ჯილდო მიეღო, თუმცა მას არ ესმოდა წინადადებები. ამასთანავე, როგორც ჩანს ნიმი, მკვლევრებს ატყუებდა: თუ მას უნდოდა ბანანი, ის გააკეთებდა ბანანის ნიშანს, თუმცა იცოდა რომ ეს არასაკმარისი იყო და ამიტომ ამატებდა რამდენიმე სხვადასხვა სიმბოლოს, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა თითქოს ნიმი ამბობდა: მომეცი ბანანი.

კვლევის დასრულების შემდეგ ნიმს ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა, რადგან მას პატარაობიდან როგორც ადამიანს ისე ზრდნინენ და თავისი სახეობის წარმომადგენელი არასდროს ყავდა ნანახი. მოგვიანებით, როცა ნიმი სხვა შიმპანზეებთან ერთად აღმოჩნდა, რაღაც კვლევით ლაბორატორიაში, ნიმი იზოლირდა და აგრესიის გამოვლენა დაიწყო. წლების მერე, ნიმს ტერასმა მიაკითხა, რომლის დანახვაზეც შიმპანზე მომენტალურად მისკენ გაიქცა და ცახცახით ეხუტებოდა.

შიმპანზეების კომუნიკაციის სისტემა ძალიან საინტერესოა, რადგან შიმპანზეებს შეუძლიათ რაღაცებზე მინიშნება სხვადასხვა ჟესტებით, როგორებიცაა: აცოცდი ჩემზე, მოდი, წადი, მშია და ა.შ. ბონობოებს, მაგალითად, სხვადასხვა სექსუალური აქტებისთვისაც კი აქვთ შესატყვისები. თუმცა, როგორც ჩანს შიმპანზეებს და ბონობოებს ძალიან მწირი გაგება აქვთ იკონიკურობის (ინგ. iconicity).

ენათმეცნიერებაში, რაღაც ნიშანი არის "იკონიკური" თუ მისი ფორმა შეესაბამება რაღაცას რეალურ სამყაროში. საუბრისას იკონიკურობას ჩვენ ხშირად ვიყენებთ, როცა ვასახიერებთ მანქანის ტარებას ან ტურისტს ხელებით ვანიშნებთ, სად და როგორ უნდა მოუხვიოს. საინტერესო ისაა, რომ ძაღლებს მსგავსი მინიშნებები ძალიან კარგად ესმით: თუ თითს რაღაც მიმართულებით გაიშვერთ, ძაღლი ხშირად მას მზერას გააყოლებს. იგივეს უნარი შიმპანზეებს პრაქტიკულად არ აქვთ, რაც ადამიანური და ცხოველების ენების კიდევ ერთ მნიშვნელოვან განსხვავებაზე მიანიშნებს.

ჩვენი ენა ძალიან მეტაფორულია, ამას კარგად მოწმობს თანამედროვე კვლევები კოგნიტურ ლინგვისტიკაში, რომელსაც საფუძველი ჯორჯ ლაკოფმა, მარკ ჯონსონმა და კოლეგმა ჩაუყვარეს. მაგალითად, როცა ვამბობთ "სივარული შენ ჩემს გულში ხანჯლად გაგიტარებია", წინადადების მნიშვნელობა მომენტალურად გასაგებია, თუმცა აშკარაა ისიც, რომ სიყვარული გულში არ "გადის" და ხანჯლის გულში დარტყმა მომაკვდინებელია.

"ამაღლებულ განწყობაზე ვარ", "მიწასთან გამასწორა", "მომცელა", "შევგულიანდი" და ა.შ, ეს გამოთქმები რაღაც შეგრძნებებზე მიანიშნებს, რადგან ხშირად კომუნიკაციისას ერთმანეთს ჩვენს მეტაფორულ მენტალურ მდგომარეობებზე ვესაუბრებით და არა რეალური სამყაროს ხდომილებებზე. მსგავსი ანალოგები ცხოველთა სამყაროში არ მოიძებნება და წარმოუდგენლია შიმპანზემ ან რამე სხვა ცხოველმა ასეთი "ენა" აითვისოს.

ენის ევოლუციის საიდუმლო

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ენა ადამიანებში დაახლოებით 30 000 — 60 000 წლის წინ აღმოცენდა, რაც ევოლუციურად ძალიან მცირე დროა. ამის გამო, ენის ევოლუციის რეკონსტრუქცია ძალიან რთულია. კოგნიტურ მეცნიერებაში, ენის აღმოცენებაზე, ისევე როგორც მის სტრუქტურაზე კონსენსუსი არ არის. ლაკოფის და კოლეგების ხედვები ენაზე, რომლებიც წინა თავში ვახსენე, მნიშვნელოვნად განსხვავდება ნოამ ჩომსკის და რობერტ ბერვიკის წარმოდგენებისგან.

ორივე მიმართულება საკმაოდ საინტერესოა და არც ისე ურთიერთ-გამომრიცხავი, როგორც მათ მიმდივრებს ჰგონიათ. ამასთანავე, კოგნიტური ლინგვისტიკაც და გენერატივისტული პროგრამაც ნათლად გვაჩვენებს, რომ ადამიანების ენა ძალიან განსხვავებული რამ არის, რაც პრიმატოლოგების მცდელობებს, ასწავლონ შიმპანზეებს და სხვა პრიმატებს ადამიანური ენა, ცოტა კომიკურს ხდის. ვფიქრობ, შიმპანზე ნიმზე ჩატარებული კვლევის განხილვისას, ნოამ ჩომსკი კარგად აღწერს სიტუაციას:

"ნიმს რომც ესწავლა ენა, მაშინ სერიოზული ბიოლოგიური გამოცანა გვექნებოდა. კერძოდ, თუ სხვა პრიმატებს აქვთ ეს საოცარი უნარი [ენის], რომელმაც დიდწილად განაპირობა ადამიანების ბიოლოგიური წარმატება (ტექნიკური გაგებით), მაშინ აქამდე რატომ არ იყენებდნენ? იგივენაირად, რომ აღმოჩნდეს, რომ მთელი ეს დრო ადამიანებს ფრენა შეეძლოთ, მაგრამ არ ვიცოდით სანამ ვიღაცამ არ ‘გვასწავლა’, საკმაოდ უცნაური იქნებოდა".

მაიმუნებისა და ადამიანების ენის კვლევა საინტერესო პერსპექტივას გვთავაზობს სამყაროზე. კოგნიტური მეცნიერება ძალიან ახალგაზრდა დარგია და კონსენსუსები რთულად მოიძებნება. ბოლო რამდენიმე ათწლეულში ენაზე ბევრი საინტერესო რამ ვისწავლეთ, თუმცა კვლევის პროცესში უამრავ თავსატეხს მივადექით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ