რომელია ჩვენთვის ცნობილთაგან ყველაზე პატარა პლანეტა?
დედამიწა საკმაოდ პატარა პლანეტაა, იმდენად, რომ მზის სისტემის გიგანტ იუპიტერში 1300-ზე მეტი ასეთი ობიექტი ჩაეტეოდა. ამის მიუხედავად, ჩვენი მშობლიური ციური სხეული ყველაზე მცირე ზომის ნამდვილად არაა.
დედამიწის კოსმოსურ სამეზობლოში ეს ტიტული გარკვეული პერიოდი პლუტონს ეკუთვნოდა. მას შემდეგ, რაც 2006 წელს მას პლანეტის წოდება ჩამოერთვა და ჯუჯა პლანეტების კატეგორიაში გადაინაცვლა, პირველობა მერკურიმ დაიკავა და, რა თქმა უნდა, დღემდე ინარჩუნებს.
მაგრამ, რა ხდება მზის სისტემის მიღმა? აღმოგვიჩენია თუ არა სხვა ვარსკვლავების გარშემო მერკურიზე პატარა ეგზოპლანეტა?
დიახ, ასეთი ციური სხეული მართლაც არსებობს და მას Kepler 37-b ეწოდება. ის ასტრონომებმა 2013 წელს, კეპლერის ტელესკოპის მონაცემების მეშვეობით, დააფიქსირეს. ეს ობიექტი ზომით მერკურის ჩამოუვარდება და დაახლოებით მთვარის მსგავსი დიამეტრი აქვს.
Kepler 37-b-ს მეცნიერებმა ტრანზიტის მეთოდით მიაგნეს, ანუ ვარსკვლავის დისკოს წინ მისი ჩავლით გამოწვეული სიკაშკაშის ცვლილების შესწავლით. ეს მონაცემები არა მხოლოდ ეგზოპლანეტის არსებობაზე მიანიშნებს, არამედ მისი მახასიათებლების იდენტიფიცირების საშუალებასაც იძლევა, როგორიცაა მნათობთან დისტანცია და ზომა.
Kepler-37 ჩვენგან დაახლოებით 209 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. მისი ვარსკვლავი მზის მსგავსია, მაგრამ ოდნავ პატარა და ნაკლებად მცხუნვარე. ამ სისტემაში სამი ეგზოპლანეტაა, მაგრამ ყველა მათგანი Kepler 37-b-ზე დიდია.
ეს უკანასკნელი კლდოვანი ციური სხეულია და მნათობთან იმაზე ახლოს გადაადგილდება, ვიდრე მერკური — მზესთან. ამ პლანეტის მსგავსად, მის ზედაპირზეც ძალიან ექსტრემალური პირობები უნდა იყოს. ასევე, ამ ობიექტს ატმოსფერო არ აქვს და საკუთარ ორბიტაზე მოძრაობას 13.4 დღეს ანდომებს.
ჩნდება კითხვა: არის კი Kepler 37-b ნამდვილად პლანეტა? მისი ანალოგი მზის სისტემაში არაა. საერთაშორისო ასტრონომიული გაერთიანების თანახმად, პლანეტა უნდა მოძრაობდეს ვარსკვლავის გარშემო, საკმარისად დიდი უნდა იყოს, რათა სფერული ფორმა ჰქონდეს და მის მახლობლად (ორბიტულ და ორბიტის გარშემო არეალში) იმავე ზომის ობიექტი არ უნდა გვხვდებოდეს.
ბოლო კრიტერიუმის დადგენა ეგზოპლანეტების შემთხვევაში მარტივი არაა, რადგან მათგან დიდი მანძილი გვაშორებს, რაც კოსმოსის ამ რეგიონების დეტალურად გამოკვლევას აფერხებს. ამის მიუხედავად, ასტრონომები დარწმუნებულნი არიან, რომ Kepler 37-b აღნიშნულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რადგან საკმარისი მასა და გრავიტაცია აქვს.
უნდა ითქვას, რომ მან შესაძლოა, ყველაზე პატარა პლანეტის სტატუსი დიდხანს ვერ შეინარჩუნოს. საქმე ისაა, რომ კეპლერზე ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული ობსერვატორიები იქმნება, რომელთა დახმარებითაც მცირე ზომის ციური სხეულების აღმოჩენა უფრო გამარტივდება. მათ შორისაა ნენსი გრეის რომანის სახელობის კოსმოსური ტელესკოპი, რომლის გაშვებაც 2027 წელს იგეგმება. ის მიკროლინზირების მეთოდს გამოიყენებს, ანუ ვარსკვლავის გრავიტაციის მიერ გამრუდებულ სინათლეს დააკვირდება.
კომენტარები