სერიალების მოყვარულებისთვის დრო იმის მიხედვით გადის, თუ რამდენი დღე დარჩა მათი საყვარელი შოუს გამოსვლამდე. გაგახარებთ და გეტყვით, რომ გაზაფხული სერიალების ერთგული მაყურებლებისთვის ძალიან დატვირთული იქნება და იმ შოუებს ვიხილავთ, რომელთა გამოსვლამდეც წუთებს დიდი ხანია ვითვლით.

სტატიაში 15 სერიალზე მოგიყვებით, რომელთა ნახვაც ამ გაზაფხულზე შეგიძლია:

1. მოსიარულე მკვდრები: ისინი, ვინც გადარჩნენ / The Walking Dead: The Ones Who Live

მოსიარულე მკვდრების მოყვარულებს ემახსოვრებათ, რომ რიკ გრაიმსის პერსონაჟის გაუჩინარებიდან უკვე 5 წელზე მეტი გავიდა. ახალი შოუ მაყურებლების ერთ-ერთი საყვარელი წყვილის, მიშონისა და რიკის, ისტორიაზე ფოკუსირდება.

სერიალის შემქმნელებმა გულშემატკივრების კითხვებს ახალი სპინოფით უპასუხეს, რომლითაც საბოლოოდ გავიგებთ, რა შეემთხვა რიკს და შეხვდება თუ არა ის მიშონსა და მათ შვილს, რომელიც ჯერ არ იცის, რომ ჰყავს. ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება წყვილი ახალ გამოწვევებს. შოუს პრემიერა უკვე შედგა და შეგიძლია მისი ახალი სერიის გამოსვლას ყოველ კვირას მოუთმენლად დაელოდო.

პრემიერის თარიღი: 25 თებერვალი

2. შოგანი / Shōgun

Hulu-ის ახალი მინისერიალი ჯეიმს კლაველის ამავე სახელწოდების ისტორიული ნოველის ადაპტაციაა. შოუში მოქმედება მე-17 საუკუნეში ხდება. სერიალი იაპონიაში შემთხვევით აღმოჩენილ გამბედავ ინგლისელ მეზღვაურსა და პოლიტიკურ თამაშებში გახვეულ ლორდ ტორანაგაზე მოგვითხრობს, რომელიც მალე ისეთ საიდუმლოებებს აღმოაჩენს, რომელთა დახმარებითაც, მტრების დამარცხების შანსი გაუჩნდება.

პრემიერის თარიღი: 27 თებერვალი

3. რეჟიმი / The Regime

რეჟიმი პოპულარული შოუ Succession-ის შემქმნელების ახალი პროექტია. სერიალი გამოგონილი ევროპული ქვეყნის კანცლერზე გვიყვება, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმს ამყარებს. მის როლს ქეით უინსლეტი ასრულებს, თუმცა რეჟიმის ვარსკვლავური ქასთი აქ არ მთავრდება. როგორც ტრეილერიდან ჩანს, წინ საინტერესო და ინტრიგებით სავსე ისტორიები გველის.

პრემიერის თარიღი: 3 მარტი

4. ჯენტლმენები / The Gentlemen

ცნობილი რეჟისორის, გაი რიჩის, ახალ კომედიურ სერიალ ჯენტლმენებს ნეტფლიქსი გამოუშვებს. შოუ რიჩის 2019 წლის ამავე სახელწოდების ფილმის სპინოფი იქნება. რეჟისორს აქამდე ისეთ ცნობილ პროექტებზე უმუშავია, როგორებიცაა ალადინი და შერლოკ ჰოლმსი.

სერიალის მთავარი გმირი ედი ჰორნიმანია, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ მისგან ნარკოტიკის ბიზნესი რჩება და იძულებულია, კრიმინალური საქმიანობა წამოიწყოს, რათა ნარკოდილერებს თავისი ძმის მიერ აღებული ვალები გაუსტუმროს. ედის როლს შოუში ტეო ჯეიმსი ასრულებს, მასთან ერთად კი კაია სკოდელარიოსაც ვიხილავთ.

პრემიერის თარიღი: 7 მარტი

5. დაუმარცხებელი / Invincible (მე-2 სეზონის მე-2 ნაწილი)

Invincible ანიმაციური სერიალია, რომელიც მარკ გრეისონზე გვიყვება. ის ერთი ჩვეულებრივი მოზარდია, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ მამამისი პლანეტის ყველაზე ძლიერი სუპერგმირია. მარკი თავისი მე-17 დაბადების დღიდან მალევე საკუთარი ძალის აღმოჩენასაც იწყებს, მეორე სეზონში კი მის კონტროლსაც სწავლობს და ბოროტმოქმედების დასამარცხებლადაც იყენებს. პირველი სეზონის შოკისმომგვრელი დასასრულის შემდეგ, ვნახოთ, როგორ დასრულდება მეორე სეზონი.

პრემიერის თარიღი: 14 მარტი

6. ვაშლები არასდროს ეცემა / Apples Never Fall

თუ დიდი პატარა ტყუილები გიყვარს, ლიან მორიარტის მორიგი წიგნის მიხედვით გადაღებული სერიალი იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებს. ვაშლები არასდროს ეცემა ერთი ოჯახის ისტორიაა და ცოლ-ქმარ ჯოი და სტენ დილანებსა და მათ 4 შვილზე გვიყვება.

ჯოი და სტენი წლების განმავლობაში ჩოგბურთის აკადემიას ხელმძღვანელობდნენ და, როგორც შოუს ტრეილერში ჩანს, პენსიაზე ცოტა ხნის წინ გავიდნენ. ერთი შეხედვით იდეალური ოჯახის ხატი მალევე ინგრევა, როცა მოულოდნელად ჯოი გაუჩინარდება, პოლიციას კი ეჭვი უჩნდება, რომ ქალის შესაძლო მკვლელობაში მისი ქმარია გარეული. ახალი კითხვები მაშინაც ჩნდება, როცა შვილები მშობლების ბნელი წარსულისა და მათი ბიზნესის შესახებ აქამდე გასაიდუმლოებულ დეტალებს გაიგებენ.

პრემიერის თარიღი: 14 მარტი

7. პალმ როიალი / Palm Royale

როგორც ჩანს, ამ გაზაფხულზე წიგნების ეკრანიზაციები არ მოგვაკლდება და მათ რიცხვს Apple TV-ის ახალი სერიალი პალმ როიალიც შეუერთდება. შოუ მოგვითხრობს მაქსინ სიმონსზე, რომელიც ფლორიდის ქალაქ პალმ ბიჩის ელიტურ კლუბში მოხვედრას ცდილობს და ამ რთულ გზაზე საკუთარ თავს კარგავს.

ტრეილერის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომედიური სერიალი თავს შესანიშნავ იუმორთან ერთად მსახიობების დახვეწილი ჩაცმულობითაც დაგვამახსოვრებს. შოუში კრისტენ ვიგს, რიკი მარტინს, ლორა დერნსა და სხვა ვარსკვლავებს ვნახავთ.

პრემიერის თარიღი: 20 მარტი

8. 3 სხეულის პრობლემა / 3 Body Problem

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალი ნეტფლიქსმა ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღო. შოუს შემქმნელები სამეფო კარის თამაშების სცენარისტები დევიდ ბენიოფი და დ.ბ. ვაისი იქნებიან. 3 Body Problem-ში მოქმედება ჩინეთში ხდება და ასტროფიზიკოსი ქალის, იე ვენჯიეს, გარშემო ვითარდება, რომელიც უცხოპლანეტელებთან დაკავშირების გზასა და ალტერნატიულ სამყაროს აღმოაჩენს.

ვენჯიეს, რომელიც ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს მამის სასტიკ მკვლელობას შეესწრო, სამხედრო სამსახურში იწვევენ და ქვეყნის შორეულ მხარეში, საიდუმლო სადაზვერვო ბაზაზე გზავნიან. სხვადასხვა დროში და კონტინენტზე განვითარებული მოვლენები 8-ეპიზოდიან სეზონშია გაერთიანებული. როგორც ცნობილია, თითოეული ეპიზოდის გადაღება დაახლოებით $25 მილიონი დაჯდა, რაც სერიალს ნეტფლიქსის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ პროექტად აქცევს.

პრემიერის თარიღი: 21 მარტი

9. ჩვენ იღბლიანები ვიყავით / We Were the Lucky Ones

Hulu-ის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული სერიალი ჩვენ იღბლიანები ვიყავით მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მცხოვრებ ებრაელ ოჯახზე გვიყვება, რომელიც გადარჩენას ცდილობს და ამის გამო ოჯახის წევრებს ერთმანეთთან განშორება უწევთ. შოუ იმავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღეს. სერიალში ტკივილითა და დანაკარგით სავსე ისტორია ვითარდება, როდესაც ოჯახის წევრები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გარბიან და გერმანელებისგან დამალვას ცდილობენ. შოუში ჯოუი კინგსა და ლოგან ლერმანს ვნახავთ.

პრემიერის თარიღი: 28 მარტი

10. ბრიჯერტონი / Bridgerton (მე-3 სეზონი)

სერიალი ბრიჯერტონი, როგორც იქნა, მესამე სეზონით ბრუნდება! შოუს პირველ 2 სეზონს არნახული წარმატება ხვდა წილად, რის შემდეგაც კომპანიამ დედოფალი შარლოტას ახალგაზრდობაზე გადაღებული სერიალის გამოშვებაც მოასწრო.

შოუს შთაგონების წყარო ჯულია ქუინის ბრიჯერტონების ოჯახზე შექმნილი რომანების სერია გახდა. თითოეული სეზონი ოჯახის და-ძმებიდან ერთ-ერთის სასიყვარულო ისტორიაზე მოგვითხრობს. ამჯერად მთავარი გმირები კოლინ ბრიჯერტონი და პენელოპი იქნებიან, სერიალის აღმასრულებელი დირექტორი კი კვლავ გრეის ანატომიის შემქმნელი შონდა რაიმსია.

ამ სეზონში მსახიობების უმეტესობას კვლავაც ვიხილავთ, თუმცა ფიბი დინევორი, რომელიც აქამდე დაფნი ბრიჯერტონის როლს ასრულებდა, ამჯერად აღარ დაბრუნდება.

პრემიერის თარიღი: პირველი ნაწილი — 16 მაისი, მეორე ნაწილი — 13 ივნისი

11. რიპლი / Ripley

პატრიცია ჰაისმითის წიგნებზე არაერთი ფილმი გადაუღიათ, 2024 წელს კი ერთ-ერთის ეკრანიზაციას სერიალადაც ვიხილავთ. ნეტფლიქსის ადაპტაციაში ფსიქოპათ ტომ რიპლის როლს ცნობილი მსახიობი ენდრიუ სკოტი მოირგებს. სკოტის პერსონაჟი დაქირავებული მკვლელია, რომელიც 1960-იანი წლების ნიუ-იორკში ცხოვრობს.

ენდრიუ სკოტი სერიალის პროდიუსერიცაა, ხოლო რეჟისორი და სცენარისტი სტივენ ზეილიანი იქნება, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მარტინ სკორსეზეს ფილმ Irishman-ზე იმუშავა. სერიალში დაკოტა ფენინგსა და ჯონი ფლინსაც ვიხილავთ. შოუს კიდევ ერთი სახასიათო დეტალი ისაა, რომ სერიალი შავ-თეთრი იქნება, რაც 60-იანი წლების ატმოსფეროს ქმნის.

ეს რიპლის სერიის წიგნების პირველი ადაპტაცია არაა. 1999 წელს ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით, ოსკარის ნომინანტი ფილმი The Talented Mr. Ripley გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს მეთ დეიმონი ასრულებდა. ნეტფლიქსის სერიალსაც ასეთივე წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

პრემიერის თარიღი: 4 აპრილი

12. შედეგი / Fallout

ამჯერად წინ არა წიგნის ეკრანიზაცია, არამედ ვიდეო თამაშის "ლაივ-ექშენი" გველის. ამაზონი სერიალ Fallout-ზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. შოუს სიუჟეტი პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროში მიმდინარეობს, რომელშიც ადამიანების მცირე ნაწილი, ვინც გადარჩა, სპეციალურად მოწყობილ თავშესაფარში ცხოვრობს. სერიალის მთავარი გმირი ლუსი თავშესაფარს თავისი ნებით ტოვებს და იმ მსოფლიოში ბრუნდება, რომელიც უდაბნოდაა ქცეული და საშიში არსებებითაა სავსე. Fallout-ზე ცნობილი სერიალ Westworld-ის რეჟისორმა, ჯონათან ნოლანმა, იმუშავა.

პრემიერის თარიღი: 12 აპრილი

13. აუშვიცის ტატუისტი / The Tattooist of Auschwitz

რეალურ ამბავზე დაფუძნებული კიდევ ერთი ისტორიული დრამა კვლავ მეორე მსოფლიო ომის გარშემო განვითარდება. აუშვიცის ტატუისტი ახალზელანდიელი მწერლის, ჰიზერ მორისის, მსოფლიო ბესტსელერის მიხედვით გადაღებული სერიალია. ამბავი ჰოლოკოსტს გადარჩენილი ლალე (ლუ) სოკოლოვის შესახებაა, რომელიც თავისი ცხოვრების მძიმე ეპიზოდზე ახალგაზრდა ავტორს უყვება და სთხოვს, ეს ისტორია წიგნად აქციოს.

ნაცისტების სიკვდილის ბანაკში მოხვედრილი სოკოლოვი, სლოვაკი ებრაელი ტყვე, მიზნად დაისახავს, ცოცხალი გადარჩეს და ამისთვის აუშვიცის ტატუისტიც კი ხდება: იგი მასავით ბანაკის ტყვეებს მკლავზე საიდენტიფიკაციო ნომერს აწერს. სწორედ ასე ხვდება ლალე თავისი ცხოვრების სიყვარულ გიტას და მისი მიზანი უკვე საყვარელი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაც ხდება.

პრემიერის თარიღი: 2 მაისი, 2024

14. ინტერვიუ ვამპირთან / Interview with the Vampire (მე-2 სეზონი)

AMC-ის სერიალმა ინტერვიუ ვამპირთან წარმატებას მალევე მიაღწია, ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ მალე შოუ მეორე სეზონით ბრუნდება. ინტერვიუ ვამპირთან ენ რაისის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება.

ჯერჯერობით ვიცით, რომ მსახიობ ბეილი ბასს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ვამპირი კლაუდიას, როლზე დელეინი ჰეილსი ჩაანაცვლებს. ამასთან, როგორც პირველ სეზონში, ამჯერადაც სერიალის ერთ-ერთი რეჟისორი წარმოშობით ქართველი კინოხელოვანი ლევან აკინი იქნება.

ენ რაისის ჟანრის კლასიკად მიჩნეული რომანი 1976 წელს გამოიცა. წიგნი 200 წლის ვამპირი ლუის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავის ცხოვრებაზე და მე-18 საუკუნის ახალ ორლეანში გატარებულ წლებზე ჟურნალისტს უყვება. ეს ცნობილი რომანის პირველი ეკრანიზაცია სულაც არაა: 90-იან წლებში გადაღებულ ფილმში მთავარი როლები ბრედ პიტმა, ტომ კრუზმა და ანტონიო ბანდერასმა შეასრულეს.

პრემიერის თარიღი: 12 მაისი

15. დოქტორი ვინ / Doctor Who (მე-14 სეზონი)

უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ Sex Education-ის ვარსკვლავი შუტი გატვა ცნობილ საი-ფაი სერიალ Doctor Who-ში მიიღებს მონაწილეობას. შოუს გადაღებები 2022 წელს დაიწყო. მართალია, გატვას პერსონაჟზე ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ნილ პატრიკ ჰარისმა, რომელიც ამავე შოუში ბოროტმოქმედს განასახიერებს, საინტერესო დეტალებზე ისაუბრა, მაგალითად, ვიცით, რომ გატვა პირველი გეი დოქტორის როლს შეასრულებს.

"რა თქმა უნდა, ცოტათი ვღელავ კიდეც, თუმცა შევეცდები, ჩემი წინამორბედების მსგავსად, ამ როლისთვის მაქსიმუმი გავაკეთო", — ამბობს Sex Education-ის მსახიობი.

პრემიერის თარიღი: 2024 წლის მაისი

თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…

ამავე თემაზე: