მეცნიერებმა ადამიანის 62 პლაცენტა შეისწავლეს და ყველაში მიკროპლასტმასას მიაგნეს
მიკროპლასტმასა, ანუ პლასტმასის მიკრონაწილაკები, უკვე თითქმის ყველგანაა აღმოჩენილი, მათ შორის საკვებში, სასმელში, ოკეანეებში, ჩვენს სხეულსა და ღრუბლებშიც კი. მას ადამიანის პლაცენტაში პირველად 2020 წელს მიაგნეს, ახალი კვლევა კი აჩვენებს, რამდენად გავრცელებულია ის ამგვარ ქსოვილებში.
მეცნიერებმა დონაციის გზით მიღებული 62 პლაცენტა შეისწავლეს და საპონიფიკაციის სახელით ცნობილი პროცესის შედეგად მასში ცხიმები და ცილები დაშალეს. შემდეგ ეს ნიმუშები სპეციალურ მოწყობილობაში ძალიან სწრაფად დაატრიალეს და პატარა გუნდად აქციეს.
მომდევნო ეტაპზე მკვლევრებმა პიროლიზის ტექნიკას მიმართეს, რაც პლასტიკური მატერიის გაცხელებას გულისხმობს, რის შედეგადაც ის წვას განიცდის. ავტორებმა სწორედ ამ პროცესში წარმოქმნილი აირი გააანალიზეს, რისთვისაც მას-სპექტრომეტრი გამოიყენეს. ეს ნიმუშში არსებული პლასტმასის ტიპებს ავლენს.
აღმოჩნდა, რომ მიკროპლასტმასა ყველა პლაცენტაში იყო, რომელიც მეცნიერებმა გამოიკვლიეს. კერძოდ, ასეთი ნაწილაკების ოდენობა ქსოვილის თითო გრამში 6.5-დან 750 მიკროგრამამდე მერყეობდა.
ყველაზე დიდი კონცენტრაცია პოლიეთილენს ეკუთვნოდა, პლასტიკურ მატერიას, რომელიც პარკებისა და ბოთლების შესაქმნელად გამოიყენება. ასევე, ნიმუშებში აღმოჩნდა, ნეილონი, პოლივინილ ქლორიდი და პოლისტიროლი.
თუნდაც ასობით მიკროგრამი შესაძლოა, დიდ ოდენობად არ მოგვეჩვენოს, მაგრამ მაინც საყურადღებოა, რადგან მიკროპლასტმასას აქვს პოტენციალი, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. ამგვარი ნაწილაკები 5 მილიმეტრზე ნაკლები ან რამდენიმე ნანომეტრი ზომისაა, საკმაოდ პატარა, რომ ჩვენი ორგანიზმის მემბრანებში შეაღწიოს
"თუ ამ ეფექტს პლაცენტებში ვხედავთ, მაშინ ამან ჩვენს პლანეტაზე არსებულ ყველა ძუძუმწოვარზე შეიძლება გავლება იქონიოს, რაც კარგი ნამდვილად არაა", — აცხადებენ ავტორები.
ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელია თუ არა, რომ მიკროპლასტმასა პლაცენტიდან ნაყოფში გადავიდეს. ამის გასაგებად სათანადო კვლევების ჩატარებაა საჭირო.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Toxicological Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები