როგორ შეიძლება, ადამიანი თავში მეხის დაცემას გადაურჩეს — კვლევა
თავში მეხის დაცემის შემდეგ არაერთი ადამიანი გადარჩენილა. მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და ამის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი გამოიკვლიეს.
საკმაოდ მცირეა იმის შანსი, რომ მეხი დაგეცეთ — თუ სიცოცხლის ხანგრძლივობა 80 წელია, აშშ-ში 15 300-იდან ერთი იქნება იმის ალბათობა, რომ ცხოვრების განმავლობაში ეს უბედურება ერთხელ შეგემთხვევათ. ამას US National Weather Service-ის მონაცემები მოწმობს.
ამ შემთხვევაშიც კი, ზოგადად, გადარჩენის ალბათობა 70-90%-ია. ეს შანსი შედარებით ნაკლებია მაშინ, თუკი ადამიანს მეხი პირდაპირ თავში ეცემა და არა სადმე სხვაგან. მიუხედავად ამისა, თავში მეხის დაცემის შემდეგაც არაერთ ადამიანს გაუგრძელებია სიცოცხლე.
მეცნიერებს ამის მიზეზების გაგება სურდათ და აინტერესებდათ, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ გადარჩენისათვის ხელი კანის სისველეს შეეწყო. მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს და საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ: თავში მეხის დაცემისას გადარჩენის შანსი მაშინ უფრო მეტია, როდესაც თავი სველია.
"სხვა ფაქტორებიც არის, თუმცა, შესაძლოა, სხეულის ზედაპირის განმუხტვა ეხმარებოდეს ზოგიერთ ადამიანს, რომ მეხის დაცემას გადაურჩეს, თუკი ჭექა-ქუხილისას ვერაფერს შეაფარა თავი", — წერენ მკვლევრები.
ზედაპირის განმუხტვა მუხტის კანს გარეთ გადაადგილებას გულისხმობს. ამ დროს ზედაპირზე ერთგვარი არხი წარმოიქმნება, რადგან მუხტის სხეულამდე მოღწევისა და მისგან გაღწევის წერტილებში ძაბვა რადიკალურად განსხვავდება. შესაბამისად, ამ დროს მეხის დენის დიდი ნაწილი სხეულს გარეთ გადაადგილდება, ქსოვილებში კი მხოლოდ მისი მცირე ნაწილი აღწევს. ამას სხვადასხვა კვლევა და ექსპერიმენტი მოწმობს, რომლებიც ყალბ სხეულებზე ჩაატარეს.
შესაძლოა, განმუხტვა მართლაც გვეხმარებოდეს გადარჩენაში, თუმცა წარსულში არავის შეუსწავლია, რა გავლენა აქვს წვიმას მის წარმოქმნაზე.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ადამიანის თავის ორი მოდელი შექმნეს, რათა ეს ყველაფერი პირადად შეემოწმებინათ. თითოეული მათგანი სამი შრისგან შედგებოდა: სკალპისგან, თავის ქალისგან და ტვინისგან. ისინი ადამიანის ქსოვილის მსგავსი მასალებისგან იყო დამზადებული.
მკვლევრებმა ერთი თავი მშრალი დატოვეს, მეორეს კი მარილის წყალხსნარი შეასხურეს წვიმის წყლის საიმიტაციოდ. შემდეგ თავებს ძლიერი ელექტრული მუხტი სტყორცნეს 10-ჯერ.
ელექტრული დენის დიდი ნაწილი, 92-97%, ორივე თავის გარე ზედაპირზე გავრცელდა. თვალსაჩინო სხვაობა მკვლევრებმა იმ მხრივ შენიშნეს, თუ რამდენმა ელექტრობამ შეაღწია თავს შიგნით. დადგინდა, რომ სკალპში მეტი მუხტი აღწევს, როდესაც თავი სველია. მიუხედავად ამისა, ტვინი ამ დროს საშუალოდ 13%-ით ნაკლებ დენსა და 33%-ით ნაკლებ ენერგიას იღებს, ვიდრე მშრალი თავის შემთხვევაში. ამას გარდა, ცდის მსვლელობისას მშრალი თავი გაცილებით უფრო დაზიანდა.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, ნამდვილი თავების შემთხვევაშიც ასეთ რამ ხდებოდეს, როდესაც მეხის ჩამოვარდნა წვიმას ემთხვევა.
მეორე მხრივ, მკვლევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ მათი ნაშრომი მაინც არაერთი კუთხით არის შეზღუდული. მაგალითად, კვლევის ფარგლებში გამოყენებული თავები მელოტი იყო (ვინ იცის, იქნებ მხოლოდ მელოტი თავების შემთხვევაში იყოს მეცნიერთა დასკვნა მართებული?) და არც რაიმე ქსოვილით ყოფილა დაფარული. ამას გარდა, ნამდვილი მეხის დაცემა უფრო ძლიერია, ვიდრე ექსპერიმენტში გამოყენებული მუხტები.
მაშასადამე, შედეგები დამაინტრიგებელია, თუმცა კვლევა სამომავლოდ უფრო საფუძვლიანი უნდა იყოს, რათა შედეგების სხვადასხვა სიტუაციაზე განზოგადება შევძლოთ.
ნაშრომი ჟურნალში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები