ჩერნობილის მუტანტ მგლებს სიმსივნესთან შეწინააღმდეგების უნარი განუვითარდათ
ახალი კვლევის თანახმად, 1986 წელს ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიის შედეგად დასხივებულ მგლების პოპულაციაში ერთგვარი დამცავი მუტაციები განვითარდა, რომლებიც მათ სიმსივნის მიმართ ნაკლებად მოწყვლადს ხდის.
იმის გასაგებად, თუ როგორ იმოქმედა ჩერნობილის კატასტროფამ ცხოველებზე, ევოლუციური ბიოლოგი სარა ლავი მათ ერთი დეკადაა, იკვლევს. 2014 წელს მან და მისმა კოლეგებმა აკრძალულ ზონაში მობინადრე მგლების ორგანიზმიდან სისხლის ნიმუშები აიღეს და მათ ე.წ. რადიოსაყელურები გაუკეთეს.
"წვდომა მოვიპოვეთ რეალური დროის მონაცემებზე იმის შესახებ, თუ სად იყვნენ ისინი და როგორი იყო მათ გარშემო რადიაციის დონე", — აცხადებს ლავი.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ ჩერნობილის ამ არეალში მობინადრე მგლების პოპულაცია ყოველდღიურად 11.28 მილიბერზე მეტი ოდენობის რადიაციას იღებს. ეს ადამიანებისთვის ოფიციალურად დაშვებულ უსაფრთხო დონეს 6-ზე მეტჯერ აღემატება.
მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ცხოველებს შეცვლილი იმუნური სისტემა აქვთ, დაახლოებით ისეთი, როგორიც პაციენტებს, რომლებიც სიმსივნის საწინააღმდეგო რადიაციულ თერაპიას გადიან. ასევე, გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ შესაძლოა, მგლების ორგანიზმში კიბოს მიმართ გარკვეული რეზისტენტობა ჩამოყალიბებულიყო. მსგავსი რამ გამოავლინა სხვა კვლევამაც, რომლის თანახმადაც ჩერნობილის ძაღლები მსოფლიოს სხვა ძაღლებისგან გენეტიკურად განსხვავდებიან.
ავტორთა ახალი მიგნება სხვა მხრივაცაა მნიშვნელოვანი, რადგან ამ შედეგების გამოყენება ადამიანთა ჯანმრთელობის სასიკეთოდაა შესაძლებელი. კერძოდ, ჩვენს სხეულში ისეთი დამცავი მუტაციების იდენტიფიცირების საშუალება გვეძლევა, რომლებიც, პოტენციურად, ონკოლოგიური პაციენტების გადარჩენის შანსს გაზრდის.
რუსეთ-უკრაინის ომმა და კორონავირუსის პანდემიამ სპეციალისტებს ჩერნობილის აკრძალულ ზონაში დამატებითი კვლევების ჩატარებაში ხელი შეუშალა. მათ იქ დაბრუნება სურთ, რათა ამ საკითხის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ.
ავტორებმა თავიანთი შედეგები ბიოლოგთა ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგინეს.
კომენტარები