სატურნის თანამგზავრ მიმასის ზედაპირის ქვეშ შესაძლოა, ოკეანე იყოს
ახალი კვლევის თანახმად, სატურნის გარშემო მოძრავ მცირე ზომის ბუნებრივ
თანამგზავრ მიმასის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ შესაძლოა, თხევადი ოკეანე იყოს. ეს ნიშნავს, რომ იქ, სავარაუდოდ, სიცოცხლესთან თავსებადი პირობებია.
მიმასს მეორენაირად "სიკვდილის ვარსკვლავსაც" უწოდებენ, ფილმების სერია "ვარსკვლავურ ომებში" არსებულ იმავე სახელწოდების კოსმოსურ სადგურთან მსგავსების გამო, რასაც მისი უზარმაზარი კრატერი განაპირობებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იქ ოკეანე 20-30 კილომეტრ სიღრმეში უნდა იყოს. ასევე, მათი გამოთვლებით, ეს თხევადი რეზერვუარი საკმაოდ ახლო წარსულში, სულ რაღაც 2-25 მილიონი წლის წინ, წარმოიქმნა და მასზე ციური სხეულის მოცულობის სულ მცირე ნახევარი მოდის.
"აქ მთავარი მზის სისტემაში სიცოცხლისთვის თავსებადი პირობების აღმოჩენაა ობიექტზე, რომელზეც თხევადი წყლის არსებობას ვერასდროს წარმოვიდგენდით. ეს მართლაც გასაოცარია", — აცხადებენ ასტრონომები.
ამ მახასიათებლით მიმასი სატურნის სხვა თანამგზავრ ენცელადს კიდევ უფრო მეტად ჰგავს, რომლის ყინულოვანი საფარის ქვეშაც ოკეანე უკვე გამოვლენილია. მათ თითქმის ერთნაირი ზომა აქვთ, ურთიერთმსგავსია პლანეტასთან დისტანციაც. ერთადერთი განსხვავება ენცელადის გეიზერებია, რომლებიდანაც სითხე იფრქვევა, მიმასზე კი ასეთი რამ არ ხდება. ამის გამო გასაკვირი არაა, რომ მისია Cassini-მ მასთან ჩავლისას ვერაფერი შენიშნა. რასაც ციური სხეულის სქელი ყინულოვანი გარსიც უწყობს ხელს.
ამის მიუხედავად, მეცნიერთა უკანასკნელი შედეგები სწორედ Cassini-ს მიერ მოპოვებულ მონაცემებს ეფუძნება. ასევე, 2014 წელს სპეციალისტებმა მიმასის ბრუნვისა და ორბიტის უჩვეულო ცვლილება შეამჩნიეს, რაც ან მისი უფორმო მყარი ბირთვით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, ან შიდა ოკეანით, რომელიც გარეთა ფენის დამოუკიდებელ მოძრაობებს ახსნიდა.
საბოლოოდ, მეცნიერებმა ციური სხეულის მოძრაობის კომპიუტერული მოდელირება შეძლეს. მათ დაადგინეს, რომ პირველი ჰიპოთეზა მხოლოდ მაშინ იქნებოდა მართებული, თუ მიმასის ბირთვი ბრტყელი და წაგრძელებულია, რაც ნაკლებად სავარაუდოა. სწორედ ამიტომ, მეორე მოსაზრება რეალობასთან უფრო ახლოსაა.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ ობიექტის ორბიტა ახლაც ექსცენტრულია, მისი ოკეანე შედარებით ახლად ფორმირებული უნდა იყოს და მის მინიმუმ ნახევარ მოცულობას ავსებდეს, რაც მსგავსი ზომის სხეულისთვის საკმაოდ დიდი ოდენობაა. წყალი იქ თხევად მდგომარეობას ზედაპირთან ხახუნის შედეგად გამომუშავებული სითბოს წყალობით ინარჩუნებს.
მიიჩნევა, რომ დედამიწაზე მიმდინარე ასეთი ურთიერთქმედებები სიცოცხლის უწყვეტ არსებობას იწყობს ხელს, ანუ მსგავსი ქიმია მიმასის შემთხვევაშიც იმედის მომცემია. ავტორთა აზრით, სამომავლო მისიებით სატურნის ეს თანამგზავრი, ენცელადთან ერთად, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ, მანამდე კი მასზე მეტი ინფორმაციის შეგროვება დედამიწიდან ვცადოთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები