შესაძლოა, 90 მილიონი წლის წინ ზოგიერთ დინოზავრს ართრიტი აწუხებდა
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა თეროპოდების სახელით ცნობილ ჯგუფში შემავალი დინოზავრების ნამარხები შეისწავლეს. დადგინდა, რომ ზოგიერთ მათგანს ძვლების სახასიათო დაავადებები და დაზიანებები ჰქონოდა.
სპეციალისტებმა ნიმუშები კომპიუტერული ტომოგრაფითა და მიკროსკოპული ანალიზის გზით შეისწავლეს. ისინი სამ სახეობაზე კონცენტრირდნენ, ესენია: Aucasaurus garridoi, Elemgasem nubilus და Quilmesaurus curriei. თითოეულ ამ მტაცებელ ცხოველს მცირე ზომის ზედა კიდურები და დიდი თავის ქალა ჰქონდა. ისინი სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე დაახლოებით 90-70 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ, გვიან ცარცულ პერიოდში.
კვლევამ ყველა მათგანში ძვლის დაავადების კვალი გამოავლინა. მაგალითად, Aucasaurus garridoi-ის კუდის ძირში ერთმანეთთან შეზრდილ 2 მალას მიაგნეს, რაც, ავტორთა დასკვნით, მას კვერცხიდან გამოჩეკისთანავე აღენიშნებოდა, ანუ ეს თანდაყოლილი დარღვევა იყო.
Elemgasem nubilus-საც ძვლების შეზრდა დაუფიქსირდა, ასევე მეტისმეტად სწრაფი ზრდა. ამ შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ანთებითი ართრიტი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება Quilmesaurus curriei-ს, მის ერთ ქვედა კიდურში ძვლების არათანაბარი ფორმაცია გამოავლინეს, რაც მოულოდნელი იყო, რადგან თეროპოდებში წონით დატვირთული ძვლების დაავადების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.
მეცნიერებმა მეტის გასაგებად უკვე არსებული სამეცნიერო მასალები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ აბელიზავრიდების ოჯახთან, რომელშიც სამივე სახეობა შედის, ძვლის ანთებაა ასოცირებული. ეს მიანიშნებს, რომ ისინი შესაძლოა, ინფექციების მიმართ მიდრეკილნი ყოფილიყვნენ.
ასევე, ძვლების დაზიანებების შესწავლამ აჩვენა, რომ ამგვარი დინოზავრების თავის ქალებზე კბენის კვალი უხვადაა, რაც მათ სავარაუდო აგრესიულობაზე მიუთითებს. ავტორთა ახალი ნაშრომი გამოცემაში BMC Ecology and Evolution გამოქვეყნდა.
კომენტარები