ჩვენს გალაქტიკაში შესაძლოა, იმაზე ნაკლები ბნელი მატერია იყოს, ვიდრე ვვარაუდობდით
ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის შორეულ რეგიონში ვარსკვლავების მოძრაობა შეისწავლეს, რომელიც მოსალოდნელზე ნელია. ამან შესაძლოა, ირმის ნახტომში არსებული ბნელი მატერიის სავარაუდო ოდენობაზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს.
გალაქტიკების ბნელ მატერიაზე ინფორმაციას სწორედ ვარსკვლავებზე დაკვირვებით ვიღებთ, რადგან ის გრავიტაციული ურთიერთქმედებით მათ მოძრაობაზე ახდენს გავლენას. კერძოდ, თუ მსგავს სისტემაში ასეთი სუბსტანცია არაა ან ნაკლებადაა, ცენტრიდან მოშორებით მნათობების გადაადგილება შენელდება.
1960-70-იან წლებში ასტრონომებმა შენიშნეს, რომ გალაქტიკებში ასე არ ხდებოდა, არამედ ვარსკვლავთა სიჩქარე ნარჩუნდებოდა. ამის მიზეზი ბნელი მატერიის ჰალოები უნდა იყოს, რომლებიც ბირთვის მიმდებარედ უფრო მკვრივია.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თავადვე ირმის ნახტომში ვიმყოფებით, მას სათანადოდ ვერ ვიკვლევთ, მაგრამ 2019 წელს სპეციალისტებმა Gaia-ს ტელესკოპის მეშვეობით გალაქტიკის ცენტრიდან 80 000 სინათლის წლის მანძილზე ვარსკვლავთა სიჩქარეები მაინც შეისწავლეს. მათ დაადგინეს, რომ მხოლოდ კიდესთან ახლოს არსებული მნათობების მოძრაობა იყო შენელებული.
ამ შედეგებს ეწინააღმდეგება ახალი კვლევა, რომელიც Gaia-სთან ერთად პროექტ APOGEE-ის ფარგლებში მოპოვებულ მონაცემებს ეფუძნება. ამან მეცნიერებს 100 000 სინათლის წლის დისტანციაზე დაკვირვების საშუალება მისცა. აღმოჩნდა, რომ ირმის ნახტომის ცენტრიდან მოშორებით გარკვეული მანძილიდან ვარსკვლავების მოძრაობა მოსალოდნელზე მეტადაა შენელებული.
ეს შესაძლოა, ჩვენს გალაქტიკაში იმაზე ნაკლები ბნელი მატერიის არსებობაზე მიანიშნებდეს, ვიდრე ვვარაუდობდით. შედეგად, გრავიტაცია კიდეებამდე ვერ აღწევს და იქ მდებარე მნათობებს გადაადგილების ტემპს ვერ უნარჩუნებს.
ავტორები გეგმავენ, რომ მაღალი რეზოლუციის კომპიუტერული სიმულაციები გამოიყენონ, რათა ჩვენს გალაქტიკაში ბნელი მატერიის სხვადასხვა შემცველობის მოდელები შექმნან. ამით ეცდებიან, ზემოხსენებული შედეგები ახსნან.
მათი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები