ალბათ, ნაწლავური ანდა ვაგინალური მიკრობიომის შესახებ არაერთხელ გსმენიათ. აღმოჩნდა, რომ საკუთარი მიკრობიომი სპერმასაც შეიძლება ჰქონდეს. მეტიც, შესაძლოა, მას კაცის ნაყოფიერებაზეც კი ჰქონდეს გავლენა, თუმცა რამის დაზუსტებით თქმა ჯერჯერობით რთულია.

ამის შესახებ კვლევა კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Scientific Reports გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, როგორც წესი, სათესლე ჯირკვლებიდან გამოსვლისას სპერმასა და მის დამცავ სითხეში ბაქტერიები არ გვხვდება. სპერმა ფლორის მარაგს პენისის ბოლოში მიღწევისას იძენს, სადაც ეს მიკროორგანიზმები ბინადრობენ.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 73 ცისგენდერი (ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა და ბიოლოგიური სქესი ერთმანეთს ემთხვევა) კაცის სპერმის ნიმუშები გამოიკვლიეს. ყველა ცდისპირი 18 წელს მიღწეული იყო. ისინი ფერტილურობის შეფასების ანდა ვაზექტომიასთან დაკავშირებული კონსულტაციებისას შეკრიბეს.

27 კაცის სპერმაში სპერმატოზოიდები ანომალიურად მოძრაობდა. სწორედ მათში უფრო დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ბაქტერია, სახელად Lactobacillus iners. ეს იმ 46 კაცის სპერმის ნიმუშებთან შედარებით, რომლებშიც სპერმატოზოიდები ნორმალურად მოძრაობდა.

Lactobacillus iners არამხოლოდ სპერმაში გვხვდება — იგი ვაგინის მიკრობიომის მნიშვნელოვანი ნაწილია. მეორე მხრივ, მისმა მოჭარბებამ, შესაძლოა, ქალის ნაყოფიერება შეამციროს ანდა სხვა პრობლემების განვითარებას შეუწყოს ხელი, ბაქტერიული ვაგინოზი იქნება ეს, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები თუ გართულებები ფეხმძიმობის დროს.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია, Lactobacillus iners კაცების ნაყოფიერებაზეც პირდაპირ ზემოქმედებდეს. იგი შერჩევითად წარმოქმნის ანთებით L-რძემჟავას, რომელიც ზოგიერთ სახეობაში სპერმატოზოიდების მოძრაობას ამცირებს.

შესაძლოა, ასე აიხსნას, თუ რატომ მოძრაობდა სპერმატოზოიდები ანომალიურად იმ ნიმუშებში, რომლებშიც Lactobacillus iners-ის მოჭარბება შეინიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ეს მექანიზმი ჯერჯერობით დადასტურებული არაა.

აღსანიშნავია, რომ სპერმის ნიმუშებში ფსენდომონადების წარმომადგენელი 3 სხვადასხვა ბაქტერიაც დაფიქსირდა. ნორმალური იყო სპერმატოზოიდების კონცენტრაცია თუ არა, სპერმაში სამივე მათგანი ნებისმიერ შემთხვევაში გვხვდებოდა.

///

მეორე მხრივ, ანომალიური კონცენტრაციის მქონე სპერმის 20 ნიმუშში უფრო ჭარბობდა P. fluorescens და P. stutzeri ბაქტერიები, ხოლო შედარებით ნაკლებად იყო P. putida — ეს სპერმის იმ 53 ნიმუშთან შედარებით, რომლებშიც სპერმატოზოიდების კონცენტრაცია ნორმალური იყო.

მიგნება იმაზე მეტყველებს, რომ, შესაძლოა, ზოგჯერ ერთმანეთთან მჭიდროდ მონათესავე ბაქტერიებიც კი არ იყოს ფერტილურობის საზომებთან ერთნაირ კორელაციაში.

ჯერჯერობით რთული სათქმელია, რა გავლენა აქვს თითოეულ ამ ბაქტერიას კაცის ნაყოფიერებაზე — თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ აქვს გავლენა. შესაძლოა, სპერმის მიკრობიომში ბაქტერიების რიცხვსა და სპერმის სხვა საზომებს შორის კავშირი სრულებით სხვა ფაქტორის შედეგი იყოს, რომელიც ორივე მათგანზე ზემოქმედებს.

კვლევა ჯერჯერობით მხოლოდ საწყის ეტაპზეა. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, სპერმის მიკრობიომის უკეთ შესწავლა სამომავლოდ უშვილობის მკურნალობასა თუ სპერმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმაროს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.