ნახეთ: როგორ გამოიყურება პოლარული ციალი ინფრაწითელ სპექტრში
დედამიწაზე არსებული პოლარული ციალის შთამბეჭდავი სურათები, ალბათ, ყველას უნახავს. მათზე მრავალფეროვანი სინათლე მოჩანს, რომელიც გასაოცარ სანახაობას ქმნის, მაგრამ NASA-სა და NOAA-ს ხელოვნურმა თანამგზავრმა ეს მოვლენა სულ სხვა სპექტრში გადაიღო.
სატელიტ Suomi NPP-ზე დამონტაჟებულმა ხელსაწყომ VIIRS ჩრდილოეთის ნათება ინფრაწითელ სპექტრში აღბეჭდა. მან ეს კადრი დასავლეთ კანადის თავზე, 2023 წლის 5 ნოემბერს, დააფიქსირა.
აღნიშნული მოწყობილობა მკრთალი სინათლის ფართო სპექტრის მიმართაა მგრძნობიარე, რომელსაც დღისა და ღამის დიაპაზონი ეწოდება. VIIRS ღამით ნათების გადასაღებად მთვარის არეკლილ სინათლესა და ატმოსფეროსა თუ პლანეტაზე არსებულ წყაროებს იყენებს.
სწორედ ასე აღბეჭდა მან პოლარული ციალი, რომელიც სურათზე მონაცრისფროდ მოჩანს.
პოლარული ციალი დედამიწის ატმოსფეროში ვლინდება, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზი მზეა,რომლის ატმოსფეროს ზედა ფენაში, გვირგვინში, ხშირად ამოფრქვევები ხდება. მსგავსი მოვლენების შედეგად, რომელთაც კორონული მასის ამოფრქვევები ეწოდება, დედამიწის კოსმოსურ სამეზობლოში ენერგიული ნაწილაკები გამოიყოფა, ძირითადად ელექტრონები და პროტონები. ამგვარი ნაკადი სივრცეში ძალიან სწრაფად გადაადგილდება და ჩვენს მშობლიურ ციურ სხეულამდეც აღწევს.
ისინი დედამიწის ატმოსფეროში ხვდება, სადაც ახალი რეაქციები იწყება. ეს პროცესები იონოსფეროში მიმდინარეობს, რომელიც ჩვენი პლანეტის აირადი გარსის ზედა შრეა. იქ მზის ამოფრქვევის შედეგად გამოთავისუფლებული ნაწილაკები ატმოსფეროს შემადგენელ აირებთან, ჟანგბადთან და აზოტთან, ურთიერთქმედებს და გასაოცარ სანახაობას წარმოქმნის, რომელიც ფერადოვნებით გამოირჩევა. ამგვარი რამ ჩრდილოეთ პოლუსზეც ხდება და სამხრეთშიც, პირველს ავრორა ბორეალისი ეწოდება, ხოლო მეორეს — ავრორა ავსტრალისი.
იქიდან გამომდინარე, რომ მზის აქტიურობის 11-წლიანი ციკლის პიკი იანვრიდან ოქტომბრამდეა პროგნოზირებული, ამ პერიოდში პოლარული ციალიც გახშირდება.
კომენტარები