ვინ არის საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა და პირველი ღიად გეი პრემიერ-მინისტრი
მოკლედ: საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე გუშინ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაცი, 34 წლის გაბრიელ ატალი დაინიშნა — იმ ფონზე, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს, შეცვალოს საკუთარი მთავრობა, 1-წლიანი პროტესტისა და კრიტიკის ფონზე, როგორც მემარჯვენეების, ასევე — მემარცხენეების მხრიდან.
- "რესპუბლიკის პრეზიდენტმა დანიშნა გაბრიელ ატალი პრემიერ-მინისტრად და დაავალა მას მთავრობის ჩამოყალიბება“, — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც სამშაბათს გავრცელდა.
რა ვიცით ახალ პრემიერზე
გაბრიელ ატალი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა როგორც მთავრობის სპიკერი და ასევე, განათლების მინისტრი.
ის საფრანგეთის პირველი ღიად გეი პრემიერ-მინისტრია.
მისი მამა ივ ატალი იყო, ტუნისელი ებრაული წარმოშობის იურისტი და კინოპროდიუსერი, რომელიც გარდაიცვალა 2015 წელს. დედა, მარი დე კურისი მართლმადიდებელი ქრისტიანია, წარმოშობით — უკრაინიდან, ოდესიდან.
გაბრიელ ატალი გაიზარდა პარიზში, სამ უმცროს დასთან ერთად.
"მამაჩემმა მითხრა: "ალბათ მართლმადიდებელი ხარ, მაგრამ მთელი ცხოვრება ებრაელად იგრძნობ თავს, რადგან შენი სახელის გამო ყოველთვის განიცდი ანტისემიტიზმს", — თქვა 2019 წელს ატალმა Libération-თან.
- მან საშუალო განათლება მიიღო კერძო სკოლაში, სადაც მხოლოდ პრივილეგირებული მშობლების შვილები სწავლობდნენ. ინგლისური ენა დაწყებითი კლასებიდან სავალდებულო იყო.
- ატალი იხსენებს, რომ სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ხშირად ხდებოდა.
- ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, ის სწავლობდა ასევე პრესტიჟულ უნივერსიტეტში (Sciences Po University), სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი საჯარო მმართველობაში.
ატალის მეგობრების თქმით, მომავალ პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური ამბიციები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მონაწილეობდა ჟან-მარი ლე პენის წინააღმდეგ დემონსტრაციაში.
სტრიქონებს შორის: ფრანგი ნაციონალისტი ლე პენი 2002 წლის არჩევნებში მოულოდნელად გავიდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა ის, საბოლოოდ, ჟაკ შირაკმა დაამარცხა.
ჟან-მარი ლე პენის შვილი, მარინ ლე პენი, ამჟამად ნაციონალური ფრონტის პრეზიდენტია, ის ორჯერ მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში — 2012 და 2017 წლებში.
ატალი 2006 წელს სოციალისტურ პარტიას შეუერთდა და 2007 წელს მხარს უჭერდა პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს,სეგოლენ რუაიალს.
23 წლის ასაკში ის ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმდა.
- გაბრიელ ატალმა 2016 წელს დატოვა სოციალისტური პარტია და შეუერთდა მაკრონის ახალ ცენტრისტურ პოლიტიკურ პარტიას. მას შემდეგ, მისი თანამდებობრივი ზრდა შეუჩერებელი და სწრაფი გახდა, ისეთივე, როგორიც იმ ადამიანის, რომელსაც თავად ემსახურება — ემანუელ მაკრონის.
- 29 წლის ასაკში იგი დაინიშნა სახელმწიფო მდივნად განათლების სამინისტროში და მეხუთე რესპუბლიკის მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა.
- ატალს ეკავა რამდენიმე მაღალი დონის პოლიტიკური თანამდებობა, მათ შორის, იყო მთავრობის სპიკერი და განათლების მინისტრი. ის გასული წლის ივნისში აირჩიეს ეროვნულ ასამბლეაში.
ატალი სამოქალაქო პარტნიორობაშია 38 წლის სტეფან სეჟურნესთან, ევროპარლამენტართან და მმართველი პარტიის გენერალურ მდივანთან.
მაკრონი, რომელიც ოდესღაც საფრანგეთის პოლიტიკის "ოქროს ბიჭად“ მოიხსენიებდნენ მისი ახალგაზრდული ასაკის, დინამიზმისა და ამბიციების გამო, ახლა აპირებს, დაეყრდნოს ახალგაზრდა, დინამიკურ და ამბიციურ ატალს, დასუსტებული მთავრობის გაძლიერებასა და ასევე, იმედგაცრუებული ახალგაზრდა თაობის გასააქტიურებლად, ევროპარლამენტის არჩევნების წინ.
კომენტარები