პაკისტანში, ლაჰორში, ე. წ. ღრუბლების დათესვას მიმართეს, რადგან ჰაერის ხარისხი უაღრესად სახიფათო იყო. მეთოდი წვიმის ხელოვნურად მოყვანის საშუალებას იძლევა.

The Guardian-ის უწყებით, ქალაქი, რომელშიც 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რახანია ძლიერი სმოგითაა დაფარული. დეკემბრის დასაწყისში ჰაერის ხარისხი იმდენად ცუდი იყო, რომ ლაჰორში სკოლების, მარკეტებისა და პარკების დახურვაც კი მოუწიათ.

სიტუაციის გამოსასწორებლად პენჯაბის მთავრობამ ქალაქში პატარა თვითმფრინავი გაგზავნა. მისი მეშვეობით არსებულ ღრუბლებს სუფრის მარილის წყალხსნარი შეასხეს, რათა წვიმა ხელოვნურად გამოეწვიათ.

ბილალ აფზალმა, გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელმა მინისტრმა, განაცხადა, რომ ადგილობრივად ჰაერის ხარისხის ინდექსი 300-იდან 189-მდე შემცირდა.

თავისთავად, მეთოდი მდგომარეობას მუდმივად ვერ გააუმჯობესებს — შედეგი მხოლოდ 2-3 დღით იყო შესამჩნევი, შემდეგ კი ინდექსი ისევ თავდაპირველ მაჩვენებელს დაუბრუნდა.

///

პაკისტანი ერთადერთი ქვეყანა სულაც არაა, რომელშიც ამინდის შეცვლას ხელოვნურად ცდილობენ. მაგალითად, 2021 წლის ზაფხულში პეკინის ცა ვერცხლის იოდიდის ხსნარით გაწმინდეს, რათა მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ცის დაბინძურება შეემცირებინათ.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხელოვნური წვიმით უცდიათ სიცხესთან ბრძოლაც.

ასევე იხილეთ: დუბაი 50 გრადუსიან სიცხესთან გასამკლავებლად ხელოვნურ წვიმას იყენებს — ვიდეო

ლაჰორში პირობები ამით დიდხანს არ გაუმჯობესდება, თუმცა აფზალი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"თუ ჰაერის გაწმენდას ერთი პატარა თვითმფრინავისათვის საჭირო საწვავის ფასად შევძლებთ, გარჯად ნამდვილად ღირს", — განაცხადა მან The Guardian-თან საუბრისას.

აფზალის თქმით, პროცესში თვითმფრინავიც დაახლოებით იმდენ ემისიას წარმოქმნიდა, რამდენსაც 2-3 მანქანის ოთხსაათიანი გადაადგილება.

მეორე მხრივ, გარემოსდაცვითი ჯგუფები ხშირად გვაფრთხილებენ, რომ გარემოზე ღრუბლების დათესვის გავლენა ბოლომდე ჯერაც არაა ბოლომდე შესწავლილი. შესაბამისად, ამას მოულოდნელი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს. მეტიც, არსებობს მოსაზრება, რომ, შესაძლოა, ამან სიტუაცია გააუარესოს კიდეც — გარემო მეტად გამოაშროს და სმოგი გააძლიეროს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.