ბავშვობის ამნეზია: რატომ არ გვახსოვს საკუთარი ჩვილობის პერიოდი?
გიფიქრიათ, რა კარგი იქნებოდა იმ მომენტის გახსენება, როცა პირველი სიტყვა წარმოთქვით და ყველა გაახარეთ? ან იქნებ დაინტერესებულხართ, რატომ არ გახსენდებათ საკუთარი დაბადება?ადრეული ბავშვობიდან რაღაცების გახსენება თითქმის არავის შეუძლია. ამ ფენომენს ბავშვობის ამნეზია ეწოდება.
ადრეული მოგონებები იმის გამო სულაც არ გვავიწყდება, რომ ამ ასაკში ინფორმაციას არ ვიმახსოვრებთ. საქმე უფრო ისაა, რომ ამ დროს ჩვენი ტვინები ჯერ ისე არ ფუნქციონირებს, რომ მოგონებების შენახვა შევძლოთ.
პატარა ბავშვები ფაქტობრივ ინფორმაციას აწმყოში ნამდვილად იმახსოვრებენ — მაგალითად, იმას, თუ ვინ არიან მათი მშობლები ანდა იმას, რომ ტკბილეულის მოთხოვნისას სიტყვა "გთხოვ" უნდა გამოიყენონ. ეს სემანტიკური მეხსიერებაა.
მეორე მხრივ, როგორც წესი, 2-იდან 4 წლამდე ბავშვებს ეპიზოდური მეხსიერება ნაკლებად აქვთ განვითარებული. ეს კონკრეტული მოვლენის დამახსოვრების უნარს გულისხმობს. ასეთი მოგონებები თავის ტვინის ზედაპირის, ანუ ქერქის, რამდენიმე ნაწილში ინახება.
მაგალითად, ხმის მოგონება სმენით ქერქებში მუშავდება, ტვინის გვერდითა ნაწილებზე; მეორე მხრივ, ვიზუალურ მოგონებებზე ვიზუალური ქერქია პასუხისმგებელი, რომელიც უკან მდებარეობს. ამ ცალკეულ ნაწილებს ტვინის კონკრეტული რეგიონი, სახელად ჰიპოკამპუსი, აკავშირებს ერთმანეთთან.
2-იდან 4 წლამდე ბავშვებს კონკრეტული ეპიზოდების დამახსოვრება უჭირთ ხოლმე, რადგან ჰიპოკამპუსი სწორედ ამ დროს იწყებს ინფორმაციის ფრაგმენტების შეკავშირებას.
შესაძლოა, ამაზე პატარა ასაკში ეპიზოდური მეხსიერება ზედმეტად კომპლექსური რამ იყოს, რადგან ამ დროს ბავშვი ჯერ კიდევ სამყაროს მუშაობის პრინციპებში გარკვევას ცდილობს.
"ვფიქრობ, სიცოცხლის პირველი ორი წლის არსებითი მიზანი სემანტიკური ცოდნის მიღებაა და, ამ გადმოსახედიდან, ეპიზოდური მეხსიერება რეალურად დამაბრკოლებელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს", — განაცხადა ნორა ნიუკომბმა, ტემპლის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა.
მეორე მხრივ, სხვა თეორიის თანახმად, ადრეულ მოგონებებს სინამდვილეში ვინახავთ ბავშვობაში, თუმცა ზრდასრულ ასაკში მათი გახსენება გვიჭირს.
მაგალითისთვის, ამას 2023 წელს ჟურნალში Science Advances გამოქვეყნებული კვლევაც მოწმობს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვობის "დავიწყებული" მოგონებების აღდგენა შესაძლებელია, თუ კონკრეტული მოგონებების შესაბამის ნერვულ გზებს სინათლით სტიმულირებას დავუქვემდებარებთ. ეს კვლევა მეცნიერებმა თაგვებზე ჩაატარეს.
კვლევის ავტორებმა ჯერ განვითარებასთან დაკავშირებული იმ ფაქტორების შესწავლა დაიწყეს, რომლებსაც ბავშვობის ამნეზიაზე შეიძლებოდა ჰქონოდა გავლენა. დაადგინეს, რომ თაგვებს, რომლებსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) ნიშნები ჰქონდათ, წრუწუნად ყოფნის პერიოდიდან რაღაცების გახსენება შეეძლოთ.
ცნობილია, რომ აუტიზმს არაერთი ფაქტორი იწვევს. იგი ორსულობისას დედის იმუნური სისტემის ზედმეტ გააქტიურებასაც დაუკავშირეს. შესაბამისად, მეცნიერებმა ორსული თაგვების იმუნური სისტემა სტიმულაციას დაუქვემდებარეს, რათა ASD-ის მქონე თაგვები გაჩენილიყვნენ.
იმუნური აქტივაციის შედეგად დაბადებულ თაგვებში ადრეული მოგონებები არ დაკარგულა, რადგან მათ ტვინებში მეხსიერების სპეციალური უჯრედების ზომა და პლასტიკურობა შეიცვალა. როდესაც აუტიზმის არმქონე თაგვებში ეს უჯრედები ოპტიკურ სტიმულაციას დაუქვემდებარეს, დავიწყებული მოგონებები აღდგა.
"ახალი მიგნებები იმაზე მეტყველებს, რომ ორსულობის დროს იმუნური აქტივაცია ტვინის მდგომარეობის შეცვლას იწვევს. ეს ჩვენს თანდაყოლილ, თუმცა შექცევად, "დავიწყების ჩამრთველებს" ცვლის, რომლებიც განსაზღვრავს, დაგვავიწყდება თუ არა ჩვილობის მოგონებები", — განმარტავს ტომას რაიანი, კვლევის თანაავტორი და ბიოქიმიის ასოცირებული პროფესორი.
საგულისხმოა, რომ კვლევა ჯერ მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა და შედეგები ადამიანებზე კვლევითაც უნდა დადასტურდეს.
მეორე მხრივ, რაიანის აზრით, ნაშრომი მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის განვითარების კვალდაკვალ მეხსიერებისა და დავიწყების კუთხით მეტის გაგებაში გვეხმარება; კვლევა დამატებით ინფორმაციას ზოგადი კოგნიტიური მოქნილობის შესახებაც გვაწვდის აუტიზმის კონტექსტში.
კომენტარები