უხარისხო კომიქსებით მოთხრობილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია (ნაწ. I)
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები რთული თემა არ არის, მაგრამ ამ საკითხზე დავა არ წყდება. ამ დავისა და მხარეების არგუმენტების შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, ამიტომ ვრცელი შესავლით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ.
პირველ რიგში, ვიდრე ძირითად თემაზე გადავალ, ერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელიც ძალიან მაწუხებს. როგორც იცით და როგორც სკოლაში გვისწავლია, ქართველები მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლები ვართ. ისტორია გვასწავლის, რომ მტერს მუდამ მედგრად ვედექით და ჩვენი ეროვნული ღირსება და თვისება სწორედ ასეთი მებრძოლი სულია. მაგრამ რუსეთის მიმართ, ე.წ. ქართველობის დამცველების დამოკიდებულება ამ მოსაზრებასთან აშკარა წინააღმდეგობაში მოდის. ამის საილუსტრაციოდ კი პირველ კომიქსს შემოგთავაზებთ.
1121 წლის 10 აგვისტოს დავით აღმაშენებელთან ერთი უმნიშვნელო ტიპი მივიდა, რომლის ნორმალურად დახატვაც დამეზარა, და თავზარდამცემი ცნობა მიუტანა.
დავითსა და ამ ადამიანს შორის, რომელიც, შეიძლება, არც ისე უმნიშვნელო იყო, ასეთი დიალოგი შედგა:
ვიდრე დავითი და ის ტიპი საუბრობდნენ, უცებ, საიდანღაც გაჩნდა დროის ხინკალი:
ხოლო იქიდან კორკოტა გადმოვიდა და დავითთან ასეთი დიალოგი გამართა:
ეს ამბავი როგორ დასრულდა ყველამ ვიცით, ვინც არ იცით - თქვენთვის ილუსტრაცია გვაქვს:
ჰოდა, როგორც გითხარით, ჩვენი ისტორიული გამოცდილება და ახლანდელ ადამიანთა დიდი ნაწილის წარმოდგენები, ერთმანეთს დიდად არ ემთხვევა.
გავაგრძელოთ რუსეთზე.
რუსეთი საქართველოზე ჯერ კიდევ იმ დროს დაიბოღმა, როცა, როგორც ქართველები ამბობენ, რუსები ხეებზე დაძვრებოდნენ და ჩვენ სახარებას ვთარგმნიდით.
თუმცა, მოგვიანებით, 1186 წელს, როცა რუსები ხეებიდან ჩამოვიდნენ და ჩვენ ოქროს ვაშლებს ვკრეფდით, მეჭურჭლეთუხუცესი აბულასანის იდეის საფუძველზე, თამარ მეფის თანამეცხედრედ იური ბოგოლიუბსკი, ანუ გიორგი რუსი, მოიწვიეს.
კაცმა არ იცის, რა ჯანდაბად უნდოდა ვინმეს ეს ქორწინება და რა პოლიტიკურ სარგებელს ელოდა, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აბსურდულობა, შეიძლება ითქვას, აქედან იწყება.
გიორგი რუსი, მარტივად რომ ვთქვათ, დეგენერატი გამოდგა.
და უზნეოც, რის გამოც, მას ქართველ დიდებულთა ერთი ფრთა დაუპირისპირდა და ის საქართველოდან გააძევეს, ხოლო აბულასანი თამარმა შერისხა და წოდება და მამულები ჩამოართვა.
პირველი დიპლომატიური ურთიერთობები
რუსი პოლიტიკოსები და იდეოლოგები ხშირად ამბობენ, რომ საქართველო ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნეში მიადგა რუსეთს დახმარების თხოვნით. ეს სიმართლეა, 1483 წელს კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა (რომლის სურათიც არ მოიპოვება და ამიტომ მამამისი დავხატე, რადგან ალბათ ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს) მოსკოვის მთავარს, ივანე III-ს მუსლიმ დამპყრობლებთან ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
ე.ი. ერთმორწმუნე ძმებმა ჯერ კიდევ 6 საუკუნის წინ გამოგვაბუნძულეს, ჩვენ კი 534 წლის შემდეგაც იმავე ტალღაზე ვართ.
პირველი დიპლომატიური კონტაქტიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, ქართველთა მეფეები ისევ მიმართავდნენ რუსებს იმავე შეთავაზებით, მაგრამ ისინი უარით ისტუმრებდნენ. კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ 1589 წელს ერთგულების ფიციც კი დადო რუსეთის მეფის წინაშე, მაგრამ სანაცვლოდ მხოლოდ ელჩები და რამდენიმე სასულიერო პირი გამოუგზავნეს.
მომდევნო 100 წლის განმავლობაში ქართველი მეფეები უშედეგოდ ითხოვდნენ და ელოდნენ დახმარებას რუსეთიდან.
საქმე იქამდეც მივიდა, რომ 1722 წელს, ვახტან VI-მ, პეტრე I-ის დაპირების საფუძველზე, 40 ათასიანი ჯარი შეკრიბა და განჯაში ჩავიდა ირანთან საბრძოლველად, თუმცა პეტრემ დანაპირები არ შეასრულა და ქართველები ირანს შეატოვა.
შედეგად, ირანმა, 1723 წელს, აიღო და გადაწვა თბილისი, ხოლო ვახტანგ VI და მისი თანმხლები პირები რუსეთში გაიხიზნენ.
ჭკუა რომ ვერ ვისწავლეთ, აი, ეგ ამბავი
1768 წელს, როდესაც რუსეთ ოსმალეთის ომი დაიწყო, ეკატერინე II-ს საქართველო დასჭირდა და ჩვენს მოძლიერებულ მეფეებთან, რომლებსაც ოსმალეთისა და ირანისგან დამოუკიდებლობა ჰქონდათ მოპოვებული, გენერალი ტოტლებენი გამოუშვა. ტოტლებენს დავალებული ჰქონდა ქართველების ხარჯზე ოსმალეთის სასაზღვრო რეგიონების დარბევა და მტრისთვის სამხედრო და ეკონომიკური ზიანის მიყენება. თუმცა ფართომასშტაბიან ომში ჩაბმა თავიდან უნდა აერიდებინა. გენერალმა ტოტლებენმა ყველა ქართველი მეფე გადააგდო. ჯერ სოლომონი, შემდეგ კი ერეკლე და საერთოდ, როცა ერეკლემ ასპინძის ბრძოლა მოიგო, ტოტლებენი კახეთში ეგდო და იქაურ მოსახლეობას რუსეთის ერთგულების ფიცს ადებინებდა - ხომ არ გეცნობათ? დიახ, შეიძლება ითქვას, რუსულ პასპორტებს არიგებდა...
ტოტლებენს ქართველ მეფეებთან ურთიერთობა, ცხადია, დაეძაბა, რის გამოც, ის უკან გაიწვიეს და მის ნაცვლად სუხოტინი გამოუშვეს.
1771 წელს რუსეთმა თავისი კონტიგენტი სამშობლოში გაიწვია - მე შენ გეტყვი, რომ არ გაეწვია რამე სარგებელი ჰქონდათ, თუ რა?
რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების შემდეგ, საზავო ხელშეკრულებაში რუსეთმა იმერეთზე ოსმალეთის გავლენა აღიარა და სოლომონის აღებული ციხე-სიმაგრეებიც დაუბრუნა, თუმცა სოლომონმა ეს ციხე-სიმაგრეები დაანგრია და ოსმალეთს არაფერიც არ დაუბრუნა. საზავო ხელშეკრულებაში არ მოხვდა პუნქტი მესხეთის შესახებ, რომლის გათავისუფლებაც ქართველი მეფეების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.
გეორგიევსკის ტრაქტატი
რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ისევ მოაკითხა. რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასია დაიპყრო და მოსაზღვრე საქართველო მათი ინტერესების სფეროში შევიდა. რუსმა ელჩებმა ერეკლე II დაარწმუნეს, რომ რუსეთი ამჯერად, აუცილებლად, შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და ქართლ-კახეთის სამეფოს მათი პროტექტორატის ქვეშ შესვლა შესთავაზა.
1783 წლის 24 ივლისს, საქართველომ და რუსეთმა ავადსახსენებელ გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერეს ხელი. ტრაქტატის მიხედვით ერეკლე II აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას, ქართლ-კახეთის ყოველი მომდევნო მეფეს დაამტკიცებდა და სამეფო რეგალიებს გამოუგზავნიდა რუსეთის იმპერატორი. ასევე ქართლ-კახეთს ეზღუდებოდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება იგი უნდა ეწარმოებინა ან უშუალოდ რუსეთის ხელისუფლებას ან ქართლ-კახეთის ხელისუფლებას უნდა ეცნობებინა რუსეთის წარმომადგენლებისთვის თუკი იგი რაიმე მოლაპარაკებებს აწარმოებდა უცხო სახელმწიფოსთან და შეეთანხმებინა პირობები. - ეს პირობები და მოთხოვნები ხომ არ გეცნობათ?
ამ სტატიის პირველი ნაწილი აქ სრულდება, ე.წ. Cliffhanger-ზე, შემდეგ სერიაში გავიგებთ რა მოხდა გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ და უხარისხო კომიქსებით 1921 წლამდე ჩავალთ.
ხოლო დასასრულს გთავაზობთ გარსევან ჭავჭავაძის მგზავრობის ამსახველ კომიქსს.
ამ კომიქსში, გარსევანი გეორგიევსკიდან საქართველოში ბრუნდება, ფონზე ლელა წურწუმია იმღერებს "ვერხვებს", ხოლო ლელას თითოეულ სტროფს კომენტარს გაუკეთებს ტირიონ ლანისტერი.
კომენტარები