როგორ მოქმედებს ენა აზროვნებაზე — კვლევა
ენის გავლენა ადამიანის აზროვნებაზე კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა. ამაზე მეტყველებს ახალი კვლევა, რომელსაც პროფესორი ფრიდემან პულვერმიულერი ხელმძღვანელობდა.
მკვლევრებმა ადამიანის კონცეფციის ფორმირების მოდელირება და ენობრივი მექანიზმების გავლენა შეისწავლეს. შედეგები ჟურნალ Progress in Neurobiology-ში გამოქვეყნდა.
ბავშვებს შეუძლიათ ერთი ან მეტი ენის სწავლა და ეს მცირე ძალისხმევით. თუმცა, ენის სწავლისას არა მხოლოდ სიტყვების გამოთქმას ვიმახსოვრებთ, არამედ ვიგებთ კონტექტს. ანუ, უნდა გავიაზროთ თუ როგორ დავაკავშიროთ სხვადასხვა სიტყვები.
მეცნიერებს დიდი ხანია აინტერესებთ თუ რა მექანიზმები მუშაობს ჩვენს ტვინში ასეთ დროს. ასევე საინტერესოა რამდენად საჭიროა ზოგადი "ადამიანური" კონცეპტების გასააზრებლად უშუალოდ ენის არსებობა.
კითხვებზე პასუხების საძიებლად ერთ-ერთი მეთოდი კომპიუტერულ მოდელებს იყენებს. ეს მოდელები ნერვული უჯრედების აქტივობის სიმულაციას ახდენს. თუმცა, კლასიკური ხელოვნური ნერვული ქსელები საკმარისი არ არის, რადგან ამ ქსელების სტრუქტურა და ფუნქცია ხშირად არ ჰგავს რეალური ტვინის ანატომიასა და ფიზიოლოგიას.
ამიტომ, პულვერმიულერი და მისი გუნდი ახალი ტიპის ნერვულ ქსელზე მუშაობს, რომელიც უფრო ახლოსაა რეალურ ტვინის ქსელებთან. ეს ქსელები არა მხოლოდ იყოფა უბნებად, რომლებიც წააგავს თავის ტვინის ქსელებს, არამედ ისინი ასევე ბაძავს ადამიანის ცერებრალურ ქერქს.
უბნები შედგება ხელოვნური "ნეირონების" ჯგუფებისგან, რომლებიც ერთმანეთთან კომუნიკაციას ადგილობრივი კავშირების საშუალებით ახდენენ. ერთად გააქტიურებისას ამ ცალკეულ "ნეირონებს" შეუძლიათ გააძლიერონ თავიანთი კავშირები. თუმცა, კავშირები სუსტდება დამოუკიდებლად გააქტიურებისას.
ეს პრინციპი, რომელიც ცნობილია როგორც ჰებიური სწავლება, კარგად არის შესწავლილი ბიოლოგიურ სისტემებში. ტვინის მსგავსი ქსელების გამოყენებით მკვლევრებს შეუძლიათ გამოცადონ ენისა და შემეცნების ნეირობიოლოგიური თეორიები და ახსნან კოგნიტიური ფენომენები.
მაგალითად, ეს ქსელები შეიძლება გამოიყენონ ობიექტების აღქმისა და შემდგომი სწავლის პროცესების სიმულაციისთვის.
მკვლევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა იყო აღმოჩენა, რომ ურთიერთდაკავშირებული ნერვული უჯრედების პოპულაციები ტვინის მსგავს ქსელებში ჩნდება. ეს პოპულაციები ფუნქციონირებს როგორც ცნებების ბიოლოგიური საფუძველი და აქტიურია არა მხოლოდ კონკრეტული ობიექტებისთვის, არამედ მსგავსი ობიექტებისა და ერთეულების მთელი კლასისთვის. მაგალითად, ასეთი სიტყვებია: რობოტი, კატა და მზის ამოსვლა.
"შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ენას ბიოლოგიურ დონეზე შეუძლია მხარი დაუჭიროს და დააჩქაროს კონცეფციის ფორმირება", — ამბობს პულვერმიულერი.
საინტერესოა, რომ განსაკუთრებით გამოხატულია ენის გავლენა ისეთი აბსტრაქტული ცნებების ფორმირებაზე, როგორიცაა "სილამაზე" და "მშვიდობა". მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, "კატა" ბევრნაირი შეიძლება იყოს, აბსტრაქტული ცნებები ბევრად ცვალებადია. თვალი, სკულპტურა და მზის ჩასვლა შეიძლება აღიქმებოდეს როგორც "ლამაზი", თუმცა მათ არ აქვთ რაიმე საერთო ვიზუალური მახასიათებელი.
მკვლევრები ამბობენ, რომ ენის გავლენა ჩვენს აზროვნებაზე ბევრად უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ადრე გვეგონა. შესაბამისად, დიახ, ენა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებაზე და ეს ორი ურთიერთდაკავშირებულია.
კომენტარები