ნახეთ: ჰავაიზე ტბორი მოულოდნელად ვარდისფრად შეიფერა
ჰავაის კუნძულ მაუის ტერიტორიაზე არსებული ტბორი მოულოდნელად ვარდისფრად შეიფერა. ამის ამსახველი შთამბეჭდავი კადრები სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში უკვე ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო.
კილიის ტბორის ველური ფუნების ეროვნული ნაკრძალი მარილიანი წყლის ჭაობიანი ზონაა, რომელიც სანაპიროს მიუყვება. მისი სახელი "მარილით დაფარულ ადგილს" ნიშნავს. ეს ბუნებრივი რეზერვუარი დაახლოებით ბოლო 2 კვირაა, ვარდისფრად ელვარებს, რასაც გვალვასთან აკავშირებენ. საქმე ისაა, რომ ამან წყლის დონის დაწევა განაპირობა, მარილიანობის მაჩვენებელმა კი იქ ოკეანისას ორჯერ გადააჭარბა.
ამერიკის შეერთებული შტატების თევზებისა და ველური ცხოველების დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ გვალვის გამო ტბორში წყლის დონის დაწევამ ერთუჯრედიანი ორგანიზმები გაამრავლა. მათ ჰალობაქტერიები ეწოდებათ და ისინი მოვარდისფრო შეფერილობის არიან.
მართალია ვარდისფერი ტბორი შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის, მაგრამ ეკოლოგები ადგილობრივ ეკოსისტემაზე ღელავენ. საბედნიეროდ, მარილიანი გარემოს მოყვარული ეს ორგანიზმები ტოქსიკურები არ არიან. ჰავაის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები ამჟამად ცდილობენ დაადგინონ, კონკრეტულად რომელმა შტამმა გამოიწვია წყლის შეფერვა.
"პოტენციური საფრთხისგან თავის არიდების მიზნით, ადამიანებს ვურჩევთ, რომ წყალთან ახლოს არ მივიდნენ, მასში არ შევიდნენ, ის არ დალიონ არც მათ და არც მათმა შინაურმა ცხოველებმა და არ მიირთვან იქ დაჭერილი თევზი", — აცხადებს აშშ-ის თევზებისა და ველური ცხოველების დაცვის სამსახური.
ბოლო დროს ძლიერი გვალვა მაუის დიდ ნაწილში ფიქსირდება. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ მომავალში სიტუაცია გამწვავდება, რადგან კლიმატის ცვლილების გამო ტემპერატურა გლობალურად იმატებს. სამწუხაროდ, ამისგან დაზღვეული არც ჰავაია, თავისი ნოტიო პირობებით.
კომენტარები