AI რობოტმა გამოავლინა მოლეკულა, რომლის მეშვეობითაც მარსზე ჟანგბადის წარმოქმნა შეიძლება
ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილმა რობოტმა 3.7 მილიონზე მეტი მოლეკულა გააანალიზა და მათგან გამოავლინა ერთი, რომლის მეშვეობითაც წითელ პლანეტაზე ჟანგბადის წარმოქმნაა შესაძლებელი. ეს ელემენტი მარსის ეკიპაჟიანი კოსმოსური მისიებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ასტრონავტებს საკმარისი სასუნთქი ჰაერი ჰქონდეთ, რაკეტებს კი — საწვავი.
ამისთვის თავად ციურ სხეულზე არსებული რესურსები უნდა გამოვიყენოთ, რადგან ეს უფრო ეფექტიანი და ბიუჯეტურია, ვიდრე იქ საჭირო მარაგების დედამიწიდან გაგზავნა. მარსზე წყლის ყინული საკმაო რაოდენობითაა, რომელშიც წყალბადი და ჟანგბადია გაერთიანებული, ამიტომ მეცნიერთა მიზანი მათი განცალკევებაა. საამისოდ კატალიზატორების, ანუ "დაშლის" ქიმიური რეაქციის ხელშემწყობი მოლეკულების მოძებნაა აუცილებელი.
სპეციალისტებმა ახალ კვლევაში ეს საქმე სწორედ AI რობოტს მიანდვეს. ტესტირებები მარსული წარმომავლობის მეტეორიტებზე ჩატარდა, სისტემამ მექანიკური ხელის დახმარებით ნიმუშები შეაგროვა და ლაზერული სკანირების მეთოდით გააანალიზა. მან 3.7 მილიონზე მეტი მოლეკულა შეისწავლა, რომლებიც მეტეორიტებში არსებული მეტალებიდან მიიღება.
სულ რაღაც 6 კვრაში, ადამიანთა ჩარევის გარეშე, ხელოვნურმა ინტელექტმა 243 ასეთი მოლეკულა დატესტა. შედეგად, მათგან გამოავლინა საუკეთესო კატალიზატორი, რომელიც წყლის ნაერთს -37°C ტემპერატურაზე შლის. მსგავსი პირობები კი მარსზე გვხვდება.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანს ტრადიციული ტექნოლოგიების მეშვეობით ასეთი კატალიზატორის აღმოსაჩენად დაახლოებით 2000 წელი დასჭირდებოდა. ეს მეცნიერებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მნიშვნელოვან როლს ცხადყოფს, რაც შესაძლოა, კოსმოსის ათვისებაშიც დაგვეხმაროს.
ამის მიუხედავად, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მსგავს სისტემას ადამიანთა ჩართულობა სჭირდება, რადგან მათი მითითებების გარეშე ვერაფერს იზამდა.
"რობოტი AI ქიმიკოსი ჭკვიანია მხოლოდ მაშინ, თუ რაიმეს გაკეთებას ვასწავლით", — აცხადებენ ისინი.
ახლა იმის გარკვევა იგეგმება, რამდენად იფუნქციონირებს ეს სისტემა წითელი პლანეტის პირობებში, რომელიც დედამიწისგან განსხვავებულია. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Synthesis გამოქვეყნდა.
კომენტარები