დედამიწის მანტიის ქვეშ უძველესი უცხოპლანეტური სტრუქტურის კვალი აღმოაჩინეს
სიმულაციის თანახმად, ობიექტის ნარჩენები იმაზე მეტია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა — დედამიწის მთლიანი მასის 2-3%.
მკვლევრები რახანია მიიჩნევენ, რომ მთვარე შემდეგნაირად შეიქმნა: 4.5 მილიარდი წლის წინ მარსის ზომის პროტოპლანეტა, სახელად თეია, თავდაპირველ დედამიწას შეეჯახა. შეჯახების შედეგად უამრავი ნამსხვრევი გაჩნდა, რომლებმაც თანდათანობით დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ფორმა მიიღო.
ეს მხოლოდ და მხოლოდ თეორიაა. თავისთავად, მას ყველა მეცნიერი არ ეთანხმება.
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევრებმა ახალი საინტერესო მტკიცებულება მოიპოვეს. მათი განცხადებით, მიგნება იმ თეორიას ამყარებს, რომ დედამიწის შიგნით, შესაძლოა, თეიას იმაზე დიდი ნატეხები ჩარჩენილიყო, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა. სავარაუდოდ, ეს უძველესი კატასტროფის ნამდვილ ფიზიკურ მტკიცებულებას იძლევა.
გუნდმა მატერიის ორი უზარმაზარი ბურთულა, იგივე დიდი დაბალსიჩქარიანი პროვინციები (LLVP-ები) შეისწავლა. ისინი აფრიკის კონტინენტისა და წყნარი ოკეანის ქვეშაა ჩაფლული.
იმისათვის, რომ LLVP-ების შესაძლო წარმოშობისათვის მიეკვლიათ, მეცნიერებმა სითხის დინამიკის კომპლექსური სიმულაციები შექმნეს. მათი ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
სიმულაციის მიხედვით, დედამიწას თეიას ზომის ობიექტი რომ დასჯახებოდა, პროცესში საკმარისად ბევრი სითბო წარმოიქმნებოდა და დედამიწის შიგნეულობის ზედა ნაწილი სითხედ იქცეოდა. ამ შემთხვევაში თეიას დაახლოებით 10% დედამიწის სიღრმეებში ჩაიძირებოდა, დედამიწის ბირთვთან ახლოს.
ეს გამდნარი ნაწილები კონვექციური დინებების გამო აირეოდა და ზომაში მოიმატებდა, შედეგად კი ორი უზარმაზარი სტრუქტურა, ორი LLVP, წარმოიქმნებოდა.
წინა სიმულაციებით დაასკვნეს, რომ დედამიწის შიგნით დიდი ხნის წინ თეიას მხოლოდ მცირე კვალი დადნა. ახალ კვლევას თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, მისი დაახლოებით 10% მოხვედრილიყო ჩვენს პლანეტაში — იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა, დედამიწის მთლიანი მასის 2-3%.
ეს იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ახალი თეორიის შესამოწმებლად შედარებით მარტივი გზა არსებობდეს.
კალტექის გეოფიზიკოსმა ციენ იუენმა, კვლევის ხელმძღვანელმა, ScienceAlert-თან საუბრისას ეს შემდეგნაირად ახსნა: მთვარის ფორმირებასთან დაკავშირებული სიმულაციების უმეტესობა იმაზე მიანიშნებს, რომ მთვარის მასალების დიდი ნაწილი იმ ობიექტისგან წამოვიდა, რომელიც დედამიწას შეეჯახა; შესაბამისად, სამომავლო მისიების ფარგლებში მეცნიერები მთვარის მანტიის ქვებსა და LLVP-ებს შეადარებენ ერთმანეთს, რათა გაიგონ, არის თუ არა ისინი საერთო წარმოშობის.
"თუკი მთვარის მანტიის ქვასა და LLVP-სთან დაკავშირებულ ბაზალტებს ერთი და იგივე ქიმიური ხელწერა აქვს, ორივე მათგანი თეიასგან უნდა იყოს წარმოშობილი", — განაცხადა იუენმა The Guardian-თან საუბრისას.
უპასუხოდ კვლავაც ბევრი კითხვა რჩება. არც ყველა მეცნიერი ეთანხმება დასკვნას, რომ ორი LLVP უმთავრესად 4.5 მილიარდი წლის წინ მომხდარი შეჯახების ნარჩენებია.
სპეციალისტი რობინ კანუპი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ფიქრობს, რომ მკვლევართა მიგნებები ამაღელვებელი და პროვოკაციულია. მეორე მხრივ, იგი ხაზს უსვამს, რომ ჯერაც გაუგებარია, როგორ არ შეერეოდა თეიას ნამსხვრევები დედამიწის ქერქს მთელი 4.5 მილიარდი წლის განმავლობაში. სავარაუდოდ, ამ პერიოდში მისი ჰომოგენიზაცია უნდა მომხდარიყო.
გეოდინამიკოსი მაქსიმ ბალმერი, რომელიც კვლევაში ჩართული ასევე არ ყოფილა, მიიჩნევს, რომ ობიექტი დედამიწას ბოლომდე არ შეერეოდა. მიუხედავად ამისა, მისი აზრით, კვლევის ფარგლებში შერევის მასშტაბი სათანადოდ მაინც არაა შეფასებული.
არსებობს სხვა თეორიებიც. მათ თანახმად, დედამიწის მანტიის ქვედა ნაწილში არსებული გამდნარი მასალა ამ დროში ბუნებრივად წარმოშობდა სხვადასხვა სიმკვრივის ბურთულებს.
საბოლოო ჯამში, პლანეტის ისტორიაში გამორკვევა მართლაც ძალიან რთულია. პლანეტის ცენტრში ასე უბრალოდ ვერ ჩავაღწევთ. საკითხავია, რამდენად დაადასტურებს მთვარის ზედაპირზე მოპოვებული მტკიცებულებები მკვლევართა თეორიას.
ასეა თუ ისე, ისღა დაგვრჩენია, სამომავლო კვლევებს მივადევნოთ თვალი — ვინ იცის, რა იქნება შემდეგ.
კომენტარები