რატომ კვდება ზოგი ადამიანი ძილში?
ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ძილში დაიღუპნენ. მაინც რა ფენომენთან გვაქვს საქმე და შეიძლება თუ არა, რომ მსგავსი რამ ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს?
მეცნიერები ამბობენ, რომ ძილში სიკვდილი, ძირითადად, იმ ინდივიდების შემთხვევაში ფიქსირდება, რომლებსაც ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები აქვთ, სხვა მხრივ კი ამის შანსი ძალიან მცირეა.
მედიკოსების თქმით, ასე მოულოდნელად დაღუპვის მიზეზი, როგორც წესი, გულთან, ფილტვებთან და ტვინთან დაკავშირებული გართულებებია. როცა გვძინავს, საგანგაშო სიმპტომები ჩვენთვის და ჩვენი ოჯახის წევრებისთვის შეუმჩნეველია, ამიტომ ამგვარ სიტუაციებში, სამწუხაროდ, შეუძლოდ მყოფი ადამიანის დროულად დახმარება ვერ ხერხდება.
ძილში სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი გულის პრობლემებია. კერძოდ, სპეციალისტების განცხადებით, მსგავსი შემთხვევების 90% ამ ორგანოს უცაბედი გაჩერების (SCA) გამო ხდება. რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებსაც კორონარული არტერიების დაავადება, გულის გადიდება ან პულსის რიტმის დარღვევა აღენიშნებათ.
თავად SCA-ს დროს გულისცემა მოულოდნელად ჩერდება, რის გამოც ორგანოებში სისხლის შედინება წყდება, ეს კი სიკვდილს იწვევს. საინტერესოა, რომ 22%-ში ამგვარი რამ საღამოს 10 საათსა და დილის 6 საათს შორის პერიოდში ხდება. ასევე, ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე კაცებში.
რაც შეეხება ფილტვებს, მასთან დაკავშირებული გართულება, ძილის ობსტრუქციული აპნოე (OSA), ზოგჯერ ძილში სიკვდილს არაპირდაპირ განაპირობებს. როგორც ცნობილია, იმ ინდივიდებს, რომლებსაც ეს აწუხებთ, დილის 06-12 საათებს შორის გულის მოულოდნელი გაჩერებით სიკვდილის 2.5-ჯერ მეტი შანსი აქვთ. OSA-ს დროს სასუნთქი გზები ვიწროვდება, რაც სუნთქვას აფერხებს. ჟანგბადის ნაკლებობა გულისცემას აჩქარებს და წნევის მომატებას იწვევს, ხოლო ეს გულის გაჩერების წინაპირობა შეიძლება გახდეს.
ბოლოს, უნდა ვახსენოთ ეპილეფსიაც, რომელიც ტვინზე ახდენს გავლენას და კრუნჩხვების სახით ვლინდება. ადამიანებში, რომლებშიც მსგავსი შეტევები მედიკამენტებით სრულად ვერ კონტროლდება, ეპილეფსიისას უცაბედი, მოულოდნელი სიკვდილი (SUDEP) ძალიან გავრცელებულია. ეს ხშირად ღამით ხდება, თუმცა მის უკან არსებული ზუსტი მექანიზმი ჯერჯერობით გაურკვეველია.
ტვინზე საუბრისას უნდა ვახსენოთ ინსულტიც. ასეთი შემთხვევების დაახლოებით 25% სწორედ ძილში ხდება, OSA-ს მსგავსი პრობლემები კი რისკს ზრდის. ამ დროს ტვინს სისხლი ვერ მიეწოდება, ამიტომ უჟანგბადობას განიცდის და მისი უჯრედები კვდება. შესაბამისად, ვეღარ ფუნქციონირებს სხეულის ის ნაწილები, რომლებზეც ეს უჯრედებია პასუხისმგებელი, რაც ფატალურად შეიძლება დასრულდეს.
ძილში სიკვდილის თავიდან ასაცილებლად ზემოთ ჩამოთვლილი რისკები უნდა აკონტროლოთ, ჯანსაღად იკვებოთ, ძილის რეჟიმი იქონიოთ და ივარჯიშოთ.
კომენტარები