რამდენია ადამიანის სხეულის საშუალო ტემპერატურა? — კვლევა
XIX საუკუნის შუა პერიოდში გერმანელმა ექიმმა, კარლ ვუნდერლიხმა, ადამიანის სხეულის საშუალო ტემპერატურის გამოთვლა დაისახა მიზნად. მან ფრანგი კოლეგების კვლევები გაითვალისწინა, რომელთა თანახმადაც ორგანიზმის ანთებითი კერები უფრო ცხელია და რომ საშუალო ტემპერატურა 36.9°C-ია.
სპეციალისტმა 30 სანტიმეტრი სიგრძის თერმომეტრით სიცხე 25 000-ზე მეტ პაციენტს გაუზომა და შედეგები 1868 წელს გამოაქვეყნა. მან დაადგინა, რომ ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა 37°C იყო. მას შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი გავიგეთ, მაგალითად, უკვე ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი სქესის, ასაკისა და სეზონების მიხედვით ცვალებადია.
ახალმა კვლევამ მონაცემები გააღრმავა და ცხადყო, რომ ტემპერატურა არა მხოლოდ ამ ფაქტორების მიხედვით განსხვავდება, არამედ ინდივიდებს შორისაც ვარირებს, თანაც საგრძნობლად. ეს კონკრეტული, უნივერსალური, ზღვრის გამოვლენას ართულებს.
"ტემპერატურათა განაწილების განხილვის ნაცვლად, რაც თავდაპირველმა კვლევაში განხორციელდა, 37°C ერთგვარ გამყოფ წერტილად ავიღეთ, რათა ნორმალურისა და არანორმალურის ცრუ დიქოტომია გამოგვევლინა", — აცხადებენ ავტორები.
მათ 618 306 პაციენტის ტემპერატურის მაჩვენებლები შეისწავლეს, რისთვისაც ალგორითმი გამოიყენეს. შედეგად, ის ინდივიდები გამოთიშეს, რომელთაც მაღალ ან დაბალ სიცხესთან ასოცირებული დაავადებები ჰქონდათ და რომელთა ტემპერატურის ცვალებადობაზეც მედიკამენტები მოქმედებდა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეორე ტიპის დიაბეტი დაბალ ტემპერატურასთან ასოცირდება. ასევე, იმის იდენტიფიცირება შეძლეს, რომ ის სქესის, ასაკის, სიმაღლის, წონისა და დღის მონაკვეთის მიხვედით განსხვავდება. კერძოდ, ქალებს უფრო მაღალი სიცხე აქვთ, ვიდრე კაცებს, ასაკის მიხედვით ის იკლებს, წონისა და სიმაღლის მიხედვით კი, პირიქით, იმატებს. ყველაზე დიდი გავლენა მასზე დღის მონაკვეთს აქვს, რადგან დილით ადრე ყველაზე დაბალია, ხოლო 4 საათისთვის — ყველაზე მაღალი.
საბოლოოდ, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ტემპერატურა 36.3-36.8°C-სს შორის მერყეობს, საშუალო ზღვარი კი 36.6°C-ია. საკუთარი მაჩვენებლის შესამოწმებლად შეგიძლიათ, სპეციალური ვებხელსაწყოც გამოიყენოთ, რომელიც მეცნიერებმა შეიმუშავეს.
მათი ნაშრომი გამოცემაში JAMA Internal Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები