ბალტიის ზღვის სიღრმეებიდან დიდი რაოდენობით მეთანი ჟონავს
შვედმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბალტიის ზღვის სიღრმეებიდან დიდი რაოდენობით მეთანი ჟონავს.
აგვისტოში ჩატარებული ექსპედიციის ფარგლებში სტოკჰოლმისა და ლინეს უნივერსიტეტების მკვლევრებმა შენიშნეს, რომ მეთანის ბუშტუკები ფსკერიდან 370 მეტრზე ადიოდა — ეს მაშინ, როდესაც მოსალოდნელი მაჩვენებელი მხოლოდ 150-200 მეტრს უდრის.
გაზის ბუშტუკები შვედეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსკენ შენიშნეს, 20 კმ2 ფართობზე.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ ბალტიის ზღვის პირთან ახლოს შეიძლება არაღრმა ფსკერიდან მეთანი ამოვიდეს, თუმცა ასეთი ინტენსიური ბუშტუკები აქამდე არასოდეს მინახავს — მით უმეტეს, ასეთი ღრმა ადგილიდან", — განაცხადა კრისტიან სტრანმა, კვლევითი პროექტის მონაწილე მეცნიერმა.
სტრანის განმარტებით, შესაძლოა, ბალტიის ზღვის სიღრმეებში უჟანგბადობის გამო ბუშტუკები მეტად ხელშეუხებელი რჩებოდეს; შეიძლება ისინი ამის გამო უფრო მარტივად მოდიოდეს ზედაპირისკენ.
მკვლევრის თქმით, ანალოგიური გაჟონვები ბალტიის ზღვის სხვა ადგილებშიც შეიძლება ხდებოდეს. შესაბამისად, დამატებითი კვლევები ჩატარდება იმის გასაგებად, თუ რა იწვევს ამ რაოდენობით მეთანის გამოთავისუფლებას.
გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) თანახმად, გაჟონვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა შეიძლება გასულ წელს დაფიქსირებულიყო, როდესაც Nord Stream გასკდა და დიდი რაოდენობით მეთანი გამოთავისუფლდა.
საგულისხმოა, რომ მეთანი, როგორც სათბურის აირი, ნახშირორჟანგზე ბევრად მეტ სითბოს აკავებს — 80-ჯერ მეტს. შესაბამისად, იგი გარემოსათვის ძალიან საზიანოა.
კომენტარები