NASA: ასტეროიდ ბენუს ნიმუში სიცოცხლის ძირითად საშენ მასალას შეიცავს
NASA-მ ასტეროიდ ბენუს ნიმუშის კვლევის პირველადი შედეგები წარადგინა. ასტეროიდი სიცოცხლის ძირითად საშენ ბლოკებს შეიცავს.
24 სექტემბერს, თბილისის დროით 18:52 საათზე, იუტის შტატის უდანოში კაფსულა დაეშვა, რომელშიც ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე შეგროვებული ნიმუშები იყო მოთავსებული. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ საკვლევი მასალა მისია OSIRIS-REx-ის ფარგლებში მოიპოვა. NASA-ს აქამდე მსგავსი მისია არ ჰქონდა განხორციელებული, თუმცა ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.
ცნობისთვის, მეცნიერები ასტროიდ ბენუს ყურადღებით აკვირდებიან. ასტეროიდი დედამიწას ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ უახლოვდება. არსებობს შეშფოთების რეალური მიზეზი და ეს 2182 წელთან არის დაკავშირებული. შეჯახება 22 ატომური ბომბის აფეთქების ექვივალენტური იქნება. ამის შანსი 2 700-დან ერთია, მაგრამ NASA ამ ყველაფერს სერიოზულად უდგება.
თუმცა, საფრთხის გარდა არსებობს კვლევითი ინტერესი. ბენუს ნიმუშები სხვა მხრივაც ძვირფასია. ეს ხელუხლებელი ფრაგმენტები შეიძლება ფასდაუდებელ ინფორმაციას ინახავდეს. ეს მზის სისტემის ფორმირების გაგებაში შეიძლება დაგვეხმაროს.
მკვლევრებმა უკვე დაიწყეს ასტეროიდის მასალის ანალიზი. და აი ახლა, NASA-ს მეცნიერებმა ადრეული შედეგები გაგვიზიარეს. პირველადმა კვლევამ აჩვენა, რომ ასტეროიდი სიცოცხლის ძირითად სამშენებლო ბლოკებს შეიცავს.
"ასტეროიდის მტვერი შეიცავს წყალს და დიდი რაოდენობით ნახშირბადს", — თქვა NASA-ს ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა.
ნელსონი ვარაუდობს, რომ ბენუს მსგავსმა ასტეროიდებმა დედამიწაზე სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი საშენი ბლოკები "ჩამოიტანეს". აღსანიშნავია, რომ ნიმუშის 5-პროცენტი ნახშირბადია.
"პირველადი ანალიზი აჩვენებს, რომ ასტეროიდის ნიმუშები ჰიდრატირებული თიხის მინერალების სახით დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. ის ასევე მდიდარია ნახშირბადით, როგორც მინერალებითა და ორგანული მოლეკულებით. ეს არის ნახშირბადით ყველაზე მდიდარი ასტეროიდის ნიმუში, რომელიც დედამიწაზე გვინახავს. ეს ზუსტად ის მასალაა, რისი პოვნცა გვინდოდა. დიახ, საქმე გვაქვს გადამწყვეტ ნიმუშებთან, რაც პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენისთვისაა საჭირო", — თქვა ნელსონმა.
როგორც პრესკონფერენციაზე NASA-ს მეცნიერებმა აღნიშნეს, ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. მათი თქმით, კვლევა მიანიშნებს იმაზე, რომ დედამიწაზე წყალი სწორედ ასტეროიდებიდან მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ასტეროიდის ნიმუშებს შემდეგი ორი წლის განმავლობაში კიდევ შეისწავლიან. ნიმუში ასევე დაიყოფა და გაიგზავნება ლაბორატორიებში მთელს მსოფლიოში, მათ შორის OSIRIS-REx მისიის პარტნიორებთან კანადასა და იაპონიაში.
ნიმუშის დაახლოებით 70% ხელუხლებელი დარჩება და ის მომავალ თაობებს გადაეცემა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მომავალი თაობები ნიმუშებს კიდევ უფრო განვითარებული ტექნოლოგიებით შეისწავლიან და ახალი აღმოჩენებიც არ დააყოვნებს.
კომენტარები