NASA-ს ზონდმა, სავარაუდოდ, ვენერას ერთ-ერთი საიდუმლო ამოხსნა
NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა Parker Solar Probe ვენერასთან ჩავლისას დააფიქსირა სიგნალები, რომელთა მეშვეობითაც მეცნიერებმა, სავარაუდოდ, პლანეტაზე "ელვის" ფენომენის საიდუმლო ამოხსნეს.
აპარატი მზის სისტემის ყველაზე ცხელ ციურ სხეულს 2021 წელს მიუახლოვდა, რათა მისი გრავიტაციის მეშვეობით მოძრაობა აეჩქარებინა. მან ამ დროს მნიშვნელობანი მონაცემებიც შეაგროვა, მათ შორის ნათებებზე, რომლებსაც სპეციალისტები ელვასთან აიგივებდნენ. შეგროვებული ინფორმაციის ანალიზისას მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ შესაძლოა, ეს სულ სხვა რამ იყოს.
კერძოდ, სპეციალისტთა დაკვირვებებით, ზემოხსენებული ფენომენი პლანეტის გარშემო არსებულi მაგნიტური ველის ცვლილებებს უკავშირდება. ეს არ ნიშნავს, რომ იქ არ ელავს, არამედ შეიძლება, მსგავსი რამ ისე ხშირად არ ხდებოდეს, როგორც გვეგონა.
"ვენერას ელვის შესახებ კამათი თითქმის 40 წელია, მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ახალი მონაცემებით მას წერტილი დაესმება", — აცხადებენ მეცნიერები.
2021 წლის კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ვენერაზე არაა დაფიქსირებული რადიოსიგნალები, რომლებიც, წესით, ელვას უნდა ახლდეს თან. სხვა ნაშრომში კი ნათქვამია, რომ შესაძლოა, ნათებებს ატმოსფეროში მეტეორების წვა იწვევდეს.
რაც შეეხება ახალ შედეგებს, ავტორებმა ყურადღება ე.წ. ვისლერის ტალღებზე გაამახვილეს, ენერგიის ელექტრომაგნიტურ პულსებზე, რომლებიც სხვადასხვაგვარ არეალში ვრცელდება. მაგალითად, დედამიწაზე ის ატმოსფეროში წარმოიქმნება, დაახლოებით ნახევარ წამს გრძელდება და ელვას უკავშირდება.
ასეთი ტალღები ვენერაზე პირველად 1978 წელს, ზონდ Pioneer-ის მეშვეობით შენიშნეს და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანეს, რომ ამ პლანეტაზე ელვა იმაზე 7-ჯერ ხშირია, ვიდრე დედამიწაზე. ამის მიუხედავად, მეცნიერთა ნაწილს მთელი ამ დროის განმავლობაში მიაჩნდა, რომ შესაძლოა, ეს სხვა რამ ყოფილიყო.
მას შემდეგ ვენერას ხომალდებმა Galileo, Cassini და Venus Express ჩაუფრინა. პირველმა და მესამემ ელვის ნიშნები დააფიქსირა, მეორემ კი მოსალოდნელი რადიოსიგნალები ვერ აღმოაჩინა. რაც შეეხება Parker Solar Probe-ს, ის ციურ სხეულთან ყველაზე ახლოს მივიდა და მოიპოვა მონაცემები, რომელთა თანახმადაც ამ პლანეტის ვისლერის ტალღები ელვისას არ უნდა ფორმირდებოდეს.
ეს ტალღები იქ ქვემოთ, ვენერას ზედაპირისკენაა მიმართული და არა ზემოთ, როგორც დედამიწაზე, ელვის დროს. ავტორების ჰიპოთეზით, ისინი პლანეტის ირგვლივ არსებული მაგნიტური ველის ხაზების რღვევისა და ხელახლა შეერთებისას წარმოიქმნება, რადგან ძლიერი ენერგია გამოიყოფა.
2024 წელს Parker Solar Probe ვენერას უკანასკნელად ჩაუვლის და მის ზედაპირს უფრო მეტად მიუახლოვდება. სავარაუდოდ, ამ დროს შეგროვებული ინფორმაცია განხილულ საკითხს საბოლოოდ მოჰფენს ნათელს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები