კაცობრიობის მიერ გადაღებული პირველი შავი ხვრელი ბრუნავს — კვლევა
2019 წელს მნიშვნელოვანი რამ მოხდა — კაცობრიობამ, ისტორიაში პირველად, ზემასიური შავი ხვრელი გადაიღო. ახალი კვლევით დადგინდა, რომ M87*, რომლის გვირგვინიც სურათზე მოწითალო-მონარინჯისფრო რგოლის სახით ჩანს, ბრუნავს. რამდენად სწრაფად, ჯერჯერობით უცნობია.
მეცნიერები ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ შავ ხვრელს რადიოტელესკოპებით 2 ათწლეულზე მეტია, აკვირდებიან. განსაკუთრებით საინტერესოა მათ მიერ დაფიქსირებული მძლავრი რადიაციული ნაკადები, რომლებიც M87*-ის პოლუსებიდან მომდინარეობს.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს ნაკადები 11-წლიანი ციკლის განმავლობაში ქანქარასავით ირხევა. ამის მიზეზი შავი ხვრელისა და მის გარშემო მოძრავი მატერიის გრავიტაციული ურთიერთქმედებაა, რაც ობიექტის ბრუნვის დასტურია
კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ M87*-ის ნაკადები მიმართულებას ყოველ 11 წელში, 10 გრადუსით იცვლის. ეს აინშტაინის ფარდობითობის ზოგად თეორიასთან და სუპერკომპიუტერით შექმნილ სიმულაციებთანაც თანხმობაშია და შესაძლოა, შავი ხვრელების ფორმირებასა თუ ევოლუციას მოჰფინოს ნათელი.
აინშტაინის თეორიის თანახმად, მბრუნავი შავი ხვრელი იმდენად მასიურია, რომ ის გარშემო არსებულ კოსმოსურ დრო-სივრცეს "ითრევს". ეს ნათელია M87*-ის შემთხვევაშიც, რადგან მისი ბრუნვის ღერძი თანხვედრაში არაა დისკოსთან, რომლიდანაც ის მატერიას შთანთქავს. ეს დროთა განმავლობაში ნაკადების რხევას იწვევს, რომელიც ახალი კვლევის ავტორებმა გაზომეს.
ამ დროისთვის უცნობია, რა პროცესები უძღვის წინ შავი ხვრელების ბრუნვას. წამყვანი თეორიის თანახმად, მცირე ზომის შავი ხვრელები აკრეციული დისკოდან ვარსკვლავური მატერიის შთანთქმისას ფორმირდება, რაც მათ სწრაფ ბრუნვასაც უნდა უწყობდეს ხელს. ისინი შემდგომ ერთმანეთს ერწყმის და ზემასიურ ობიექტებს წარმოქმნის.
ასეთი, M87*-ის მსგავსი შავი ხვრელები შედარებით ნელა უნდა ბრუნავდეს, მაგრამ ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად მეცნიერებმა სხვადასხვა ზომის შავი ხვრელების ბრუნვა უნდა შეისწავლონ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები