ვების ტელესკოპმა იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე ნახშირორჟანგს მიაგნო — რატომაა მნიშვნელოვანი
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე ნახშირორჟანგის კვალი დააფიქსირა. მეცნიერთა აზრით, მისი წყარო ამ ციურ სხეულზე არსებული ყინულქვეშა უზარმაზარი ოკეანე უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ იქ შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ქიმიური პირობები არსებობდეს.
"დედამიწაზე სიცოცხლეს ქიმიური მრავალფერობა მოსწონს — რაც უფრო მრავალფეროვანია ის, მით უკეთესი. ჩვენ ნახშირბადზე დაფუძნებული სიცოცხლე ვართ. ევროპას ოკეანის ქიმიის გაგება დაგვეხმარება გავარკვიოთ, რამდენად შეესაბამება ის ჩვენთვის ცნობილ სიცოცხლეს ან შეიძლება თუ არა მისთვის სათანადო ადგილი იყოს.
უკვე მოგვეპოვება დაკვირვებითი მტკიცებულება იმისა, რომ ევროპას ზედაპირზე დაფიქსირებული ნახშირბადი მისი ოკეანიდან მომდინარეობს. ეს უმნიშვნელო არაა, რადგან ნახშირბადი ბიოლოგიურად აუცილეელი ელემენტია", — აცხადებენ მეცნიერები.
მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ ნახშირორჟანგის მოლეკულები გეოლოგიურად ახალგაზრდა რეგიონის მიმდებარედ შენიშნა, რომელსაც Tara Regio ეწოდება. ამ ე.წ. "ქაოსურ არეალში" ზედაპირი ჩამოშლილია, რაც მიანიშნებს, რომ იქ ყინულის საფარსა და ოკეანეს შორის მატერია მიმოიცვლება.
აქამდე ჰაბლის ტელესკოპმა ამ რეგიონში ოკეანური წარმომავლობის მარილი დააფიქსირა, ახლა კი იქ უკვე ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაციაც აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ მისი წყარო სწორედ ყინულქვეშა ბუნებრივი რეზერვუარია.
აღსანიშნავია, რომ ვების ტელესკოპს ევროპის ზედაპირიდან მატერიის ამოფრქვევები არ დაუფიქსირებია, მაგრამ ეს ამგვარი მოვლენების არარსებობაზე სულაც არ მიუთითებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი გეიზერები ცვალებადია და მხოლოდ კონკრეტულ დროსაა დამზერადი.
ვების დაკვირვებებს სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა და ამ მცირე პერიოდში მან მნიშვნელოვანი აღმოჩენა უკვე გააკეთა. უკანასკნელ მიგნებას შესაძლოა, სამომავლო მისიებზეც ჰქონდეს გავლენა. მაგალითად, 2024 წელს NASA ევროპას შესასწავლად მისია Europa Clipper-ის გაშვებას გეგმავს. იუპიტერის სისტემისკენ ხომალდი JUICE გაუშვა ევროპის კოსმოსურმა სააგენტომაც.
კომენტარები